„ქოცებო, იცით ხალხს რატომ არ ეხატებით გულზე?“ – ზაზა დავითაია

2,392 წაკითხვა

ქოცებო, თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც გრიგოლ ვაშაძეს შვილის ტოლი სპეცრაზმელისთვის ჩაფხუტზე მუშტების ბრაგუნს „უტარებთ,“ ვინც ნაცებს პოლიციელების ცემას, შეურაცხყოფას და დამცირებას შეარჩენთ, საკუთარი გუნდის წევრს კი, ძმის საქციელს გადააყოლებთ!

მმართველ პარტიაში უზნეო ტენდენცია მძვინვარებს – საკუთარი გუნდის წევრების ღვაწლის დაუფასებლობა, ფეხის დაცდენისთანავე მათი ჩაწიხვლა და გამეტება… დაკვირვებული ვარ, ძირითადად, ისეთებს წიხლავენ, ვისაც ნაცების წინააღმდეგ ოდესმე გაუბრძოლია; თანაც, იმეტებს ის, ვისაც საერთოდ არ უბრძოლია, ან უფრო მეტიც – ადრე თავად იყო ნაცი!!!

რა თქმა უნდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმის საქციელი იყო შეუწყნარებელი. მიუღებელია მისი განწყობა, რომ ძმის მინისტრობის გამო ძალოვნებთან კამათი ან ბილწსიტყვაობა ეპატიება. ნერვიული ტონიც მიუღებელია, რითაც პირველ რიგში, საკუთარი თავი ათათხვინა შინაურს და გარეულს.
მაგრამ, ქოცებო, გულზე ხელი დაიდეთ – ვის არ მოსვლია კამათი ძალოვნებთან? ნუთუ არასოდეს, ამპარტავნულად და მრავალმნიშვნელოვნად ხაზი არ გაგისვამთ თქვენი ჩინისთვის, ან, სწორედ თანამდებობის საფარველით არ დაგირღვევიათ მოძრაობის წესები?

პოლიციელებსაც ხომ, ხშირად თავიანთი უსამართლობით წყობიდან გამოყავთ ადამიანი – ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, როცა დამნაშავე ნაცის მაგივრად, რომელმაც ინტერვიუს აღებაში ხელი შემიშალა და ფიზიკურადაც შემეხო – ისევ მე დამადეს ხელბორკილები!

ესეც არ იყოს, ზოგჯერ ისე ვართ ყოფითი პრობლემებით დახუნძლულები, რომ ნერვებს ვყვებით და თავს ვეღარ ვთოკავთ… ყოველ შემთხვევაში, იზორიას ძმამ თუ დააშავა, პასუხიც მან უნდა აგოს. თანაც, ხომ შეიძლება, ის კაცი სწორედ, იზორიას ძმობის გამო ყოფილიყო ნაცმიდრეკილი ძალოვნებისთვის სახარბიელო სამიზნე!

შავი პიარის დატრიალებაში ნაცებს ბადალი არ ჰყავს. ეს „ქართულ ოცნებას“ სულაც არ ახასიათებს დადებითად, პირიქით, ნაცების წინაშე მათ უნიათობას უსვამს ხაზს!

განცვიფრებას ვარ – როგორ ადვილად გაიმეტეთ ქოცებმა კაცი, რომელსაც ნაცების წინააღმდეგ გულწრფელად უბრძოლია! კაცი, რომელმაც თინათინ ხიდაშელის მიერ განადგურებული თავდაცვის უწყება „ხელოვნური სუნთქვით“ გამოიყვანა მდგომარეობიდან, ჯარში ნაცი მეთაურების მოძლიერებული პოზიციებიც მანვე გაანეიტრალა! შეგნებულად ხომ არ ებრძვით იმ პირებს, ვისაც ხალხთან ჯერ კიდევ მიესვლება?

ქოცებო, იცით ხალხს რატომ არ ეხატებით გულზე? საქართველოში – ვაჟკაცების სამშობლოში – თანამებრძოლის თვალთმაქცურად გაწირვა რომ შეგიძლიათ! ჩასაფრებულნი რომ ხართ, ერთმანეთისთვის ფეხის დასადებად!

თქვენგან განსხვავებით, ნაცებს გუნდურობა ახასიათებთ – „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისათვის“ – პრინციპის ერთგულება! გაიხსენეთ, სააკაშვილის გარემოცვა ბოლომდე როგორ ექომაგებოდა სანდრო გირგვლიანის მკვლელებს! ან დავით კირკიტაძეს როგორ იცავდა, რომელმაც დაცვის სამსახურის თანამშრომელი სცემა! ბოდიში კი მოახდევინეს, მაგრამ ეს “ბოდიშიც” გაუპიარეს და გმირად გამოაცხადეს!

თქვენ კი, ქოცებო, საქმის მკეთებელი კაცი გარიყეთ, თქვენზე გამწარებულ და ალესილ საზოგადოებას სალანძღავად შეატოვეთ, მაგრამ ყველა შეგნებული ადამიანი ხვდება, რომ ამ საქციელით საკუთარი სულმოკლეობა გაასაჯაროვეთ!

დღეს იზორია გალანძღეთ, ხვალ ერთმანეთსაც მოცელავთ, სამარცხვინოებო!

გულწრფელად – თქვენი ზაზა დავითაია

Next Post

ძალოსნობის ფედერაცია ლაშა ტალახაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება

ოთხ თებ 5 , 2020
2,392 წაკითხვასაქართველოს ძალოსნობის ეროვნლი ფედერაცია, ლაშა ტალახაძისა და პრემიერის ერთობლივ ფოტოსთან დაკავშირებით ატეხილ ისტერიკას ეხმიანება: “ვეხმაურებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენებს საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ უმასპინძლა, რაც მიღებული პრაქტიკაა. ყოველთვის, ნებისმიერი მმართველობის დროს ყველა ქვეყნის მთავრობა სპორტსმენებს ხვდება და ასე მოხდა ამჯერადაც. ქართველი წარმატებული სპორტსმენები პრემიერთან იმყოფებოდნენ ტრადიციულ შეხვედრაზე, სადაც სამახსოვრო […]

შესაძლოა მოგეწონოთ