გარკვეული კატეგორიის პატიმრებს ამნისტია შეეხება

424 წაკითხვა

საქართველოს პარლამენტი გარკვეული კატეგორიის პატიმრებისთვის ამნისტიის პროექტზე მუშაობს.

„ამნისტიის შესახებ“ პროექტის თანახმადაც, ყველა პირს, რომლებიც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით იმყოფებოდა, სასჯელის მოხდის ვადა განსხვავებული წესით დაუანგარიშდებათ.

კერძოდ, მომზადებულ კანონპროექტში, რომლის ავტორიც უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძეა, აღნიშნულია, რომ აღნიშნულ პერიოდში სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ბრალდებულებს ჩაეთვლებათ ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის 4 დღე – თავისუფლების აღკვეთის 5 დღე.

„მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, საქართველოს სხვა ქვეყნების მსგავსად, მოუწია რიგი პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების გამოყენება, რაც რიგ შემთხვევებში დაკავშირებული იყო ადამიანის ცალკეული უფლებების შეზღუდვასთან. შეზღუდვები შეეხო, მათ შორის, პატიმრობაში მყოფ პირებს, რომლებსაც თავისი სტატუსიდან გამომდინარე ისედაც შეზღუდული აქვთ მთელი რიგი უფლებები. ამდენად, პანდემიით შექმნილი მდგომარეობა მათთვის განსაკუთრებით რთული გამოდგა, რის გამოც სახელმწიფო, მათთვის დაწესებული შეზღუდვების (ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა) სამართლიანი კომპენსირების მიზნით, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდს სასჯელის მოხდის ვადაში განსხვავებული წესით ჩაუთვლით.

კანონპროექტის მიღების შედეგად, ყველა პირს, რომლებიც 2020 წლის 5 მარტიდან 2020 წლის 25 მაისამდე, ასევე 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში იმყოფებოდა პატიმრობაში ბრალდებულის ან მსჯავრდებულის სტატუსით და რომლებსაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შეეზღუდათ პატიმრობის კოდექსით გარანტირებული ხანმოკლე პაემნის უფლება, პატიმრობაში ყოფნის ერთი დღე ჩაეთვლება სასჯელის მოხდაში შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობაში ყოფნის 4 დღე: სასჯელის მოხდის 5 დღე“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, ამნისტიის აქტი ვრცელდება 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილ დანაშაულებზე.

„კერძოდ, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან (გარდა უვადო თავისუფლების აღკვეთისა) პირი, რომელმაც 2004 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. კანონპროექტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ამავე კანონით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა. პირი, რომლის მიმართაც ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული ამნისტია, ითვლება ნასამართლობის არმქონედ. მსჯავრდებულისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მას არ დაუბრუნდება“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, ზოგიერთი დანაშაულის შემთხვევაში, მისი შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით, ამ დანაშაულის ჩამდენი პირი არ თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.

„სწორედ ამ პრინციპს ემყარება მიდგომა, რომლის თანახმადაც ამნისტია არ გავრცელდება განზრახ მკვლელობაზე (მუხლი 108), განზრახ მკვლელობაზე დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 109), არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულებზე (137-141, 253-2552 მუხლები), წამებაზე (მუხლი 1441 ), წამების მუქარაზე (მუხლი 1442 ), დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობაზე (მუხლი 1443 ), ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებზე (323- ე-3312 მუხლები), კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე (404-ე-413-ე მუხლები)“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, კანონპროექტის მიღების შედეგად, პირები, რომლებმაც განსაზღვრული დანაშაული ჩაიდინეს, გათავისუფლდებიან როგორც ძირითადი ისე დამატებითი სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან.

„აღსანიშნავია, რომ სასჯელისაგან გათავისუფლება ეხება მხოლოდ ვადიანი თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს. რაც შეეხება უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირებს დაკმაყოფილებულად ჩაეთვლება 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის მოთხოვნა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ მათი პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი. კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება როგორც დამთავრებულ დანაშაულებზე, ისე მის მომზადებაზე და მცდელობაზე. გასათვალისწინებელია, რომ კანონპროექტის მე-5 მუხლში მითითებულ დანაშაულებზე ამნისტია არ გავრცელდება მიუხედავად მათი ჩადენის სტადიისა (მომზადება, მცდელობა ან დამთავრებული დანაშაული). გამონაკლისს წარმოადგენს 108-ე და 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები, რომელთა მომზადებაზეც და მცდელობაზეც ასევე საერთო წესით გავრცელდება ამნისტია“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კანონპროექტის მიხედვით, პირი, რომლის მიმართაც ამნისტია ვრცელდება ასევე ჩაითვლება ნასამართლობის არმქონედ.

„მსჯავრდებულისთვის კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებული იქნება, პირს უკან არ დაუბრუნდება. კანონპროექტის მიხედვით, 2004 წლის 1 იანვრამდე ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, რომლებსაც კანონის ამოქმედების მომენტისთვის მოხდილი ექნებათ სასჯელი, აღუდგებათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების გარდა). ასეთ პირებს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აღუდგებათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, თუ პირი წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არ არის ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი.

კანონპროექტით განსაზღვრულია ამნისტიის აღსრულების პროცედურები“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

Next Post

„12 წლის ბიჭთან სექსის დამყარებას ვცდილობდი” – რა წერია 40 წლის მამაკაცის ჩვენებაში

შაბ დეკ 25 , 2021
424 წაკითხვა“ნოდარ მელაძის შაბათმა” 12 წლის ბიჭის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული 40 წლის კაცის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა. “გუშინ მასთან სახლში მივედი. დავწექით ერთ საწოლში. მალევე მე ჩავიხადე შარვალი  და ვცდილობდი  სექსუალური კავშირის დამყარებას 12 წლის ბიჭთან. მის  მამას  გვერდით  საწოლზე ეძინა და რომ არ დავენახეთ, გადაფარული  გვქონდა საბანი. ამ დროს, მოულოდნელად მამამ საბანი გადაგვხადა და ყველაფერი დაინახა,” – წერს დაკავებული პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში. ნანახის შემდეგ მამა […]