პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში წერს:
„მოკლედ, რითი ვხვდებით ახალ წელიწადს:
მღელვარე 2021 წარსულს ბარდება და ცივ გონებაზე ანალიზის დროც დადგა
1. ოპოზიციის მთავარი შეცდომა: ისაა, რომ „ოცნება“ იმაზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე ვინმეს ეგონა: მან გადალახა ქართული პოლიტიკისთვის „საკრალური“ ზღვარი – ხელისუფლებაში ყოფნის მესამე ვადა და თავის ამომრჩეველში ქმნის განდას, რომ არც 2024-ში, არც 2028-ში მისი შემჩერებელი არავინაა. მოკლედ, დღეს ის თავისი ამომრჩევლისთვის თეთრ ცხენზე ზის და მისი ჩამომგდები ციხეშია. ყველაზე მძიმე ის არის, რომ ამ აღქმაში „ოცნების“ ამომრჩეველს ოპოზიციური ამომრჩეველის მნიშვნელოვანი ნაწილიც ეთანხმება. ჯერ ასე ჩანს, ყოველ შემთხვევაში.
2. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა: რითი შეიძლება იყოს განპირობებული?! აქ რამდენიმე ვერსიაა – ან დროის გაყვანაა პოლიტიკური კრიზისის მინავლების მიზნით; ან „ოცნების“პიარის ნაწილია დასავლეთისთვის განკუთვნილი, რომ ჩვენი დემოკრატი პრეზიდენტი თავის ქმედებებში სრულად თავისუფალია; ან ზურაბიშვილი ხარკს უხდის თავის დასავლურ ფესვებს და შერიგების პროცესში მიშას გათავისუფლება ამ მოთხოვნის ნაწილია; ან ის სრულიად თავისუფალია თავის ქმედებებში, მან ამ ინიციატივით მინიმუმ მიიღო ლეგიტიმაცია-აღიარება სრულიად პოლიტსპექტრისგან, როგორც პოლიტიკის ფაქტორის და თუ ამ პროცესის შედეგად რაიმე სასიკეთო რეალურად გამოდნება, ხომ მთლად უკეთესი. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზიდენტის ეს ინიციატივა საგარეო გამოწვევების წინაშე თუ მაინც გააერთიანებს პოლიტსპექტრს, ეგ უკვე დიდი საქმეა.
3. რა უნდა იყოს ეროვნული შეთანხმების არსი: ჩვენ კარგა ხანია რეალურად სამოქალაქო ომის პირობებში ვცხოვრობთ, ოღონდ საბედნიეროდ, ეს ომი სოციალური ქსელების ჩარჩოებში მიდის, თორემ რეალურად უფრო ფართომასშტაბიანია, ვიდრე 1992-ის. თუ ჩვენ ეს დაპირისპირება არ შევაჩერეთ, ამ სახელმწიფოს პერსპექტივა არ აქვს. ამიტომ უნდა მივიდეთ ნიშნულამდე: რა გვაერთიანებს და არა – რა გვყოფს. დათა კიზირიას დავესეხები: საჭიროა განცდა, რომ ერთად მეტ სარგებელს ვნახავთ, ვიდრე ცალ-ცალკე. ანუ რა შეიძლება იყოს ის მიზნები, ის მდგომარეობა, რომლის ერთად მიღწევაც მეტ და საერთო სარგებელს მოგვიტანს; თანაცხოვრების იმგვარი მექანიზმი, რომელიც საზოგადოების სრულიად განსხვავებულ ჯგუფებს თავისი მიზნების მიღწევის თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს. ასეთი, დიახაც შეიძლება იყოს რეალური თვითმმართველობა, რომელიც ცენტრალურ და რეგიონალურ ელიტებს შორის ბალანსს დასვამს და ამით რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს ხელიდან გამოაცლის დომინაციის და კონტროლის მექანიზმს და რაც მთავარია, ხალხს დაუბრუნებს იმას, რაც ეკუთვნის: საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას. დანარჩენი: სამართლიანი მართლმსაჯულებაც და საარჩევნო სისტემაც, ზედნაშენია.
4. ოპოზიციას საკუთარი როლის და აქტივობის ფორმების გადააზრების, თვითრეფლექსიის პერიოდი უდგას. ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, მან უნდა ისწავლოს მოვლენებს დაარქვას თავის სახელი და იპოვოს ახალი, თანამედროვე კომუნიკაციის ენა საკუთარ მოსახლეობასთან: მაგალითად, არ შეიძლება ყველაფერი აკრიტიკო, ყველაფერი ერთ ქვაბში მოხარშო: კარგიც და ცუდიც, თორემ ამითი შენს სიტყვას ნდობა ეკარგება. მაგალითად, სოციალურად დაუცველთა მიმართ პოლიტიკა აშკარად რეფორმირებას საჭიროებს და ხელისუფლებამ რომ ამაზე დაიწყო ფიქრი, ეს ცალსახად კარგია; ისევე როგორც, აზარტული თამაშების აკრძალვასთან დაკავშირებით, ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილის და ოპოზიციის ხედვები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან: გასაგებია, რომ ხელისუფლება ამით ორ კურდღელს იჭერს – ერთის მხრივ, მძიმედ ურტყამს მედიას, მაგრამ მეორეს მხრივ, იმ ათიათასობით ქართულ ოჯახს, რომლებიც აზარტულმა თამაშებმა გაანადგურა, ამგვარი ინიციატივები ციური მანანასავით ეფინება გულს. და ოპოზიციის მტკიცება, რომ ეს ფასადური ცვლილებებია მედიის განადგურების მიზნით, ხალხის განწყობას მათკენ ვერ ატრიალებს და ა.შ.
ამ გადასახედიდან, რთული სათქმელია, ექნება თუ არა ოპოზიციას სიტუაციის სათავისოდ შემოტრიალების რესურსი იმგვარად, რომ ხელისუფლების ვადამდელ არჩევნებზე წამოყვანა შეძლოს. რეალისტები თუ ვიქნებით, ამ წუთას ამის წინაპირობები არ ჩანს, თუმცა როცა ციხეში სააკაშვილი გყავს, ნურასოდეს იტყვი ნურასოდეს. თავად კრებით ოპოზიციას, თითქოს ერთი ნაბიჯის იქეთ, მეორე ნაბიჯის გათვლა უჭირს, ამიტომ უკვე კარგა ხანია მეტად მოპასუხის როლშია და ნაკლებად – დღის წესრიგის შემქნელის. თუნდაც ის მასშტაბური შიმშილობა, რომელიც დაიწყო, გაცილებით ეფექტური იქნებოდა, თუ გაიშლებოდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების თუ მუნიციპალიტეტების მასშტაბით.
5. გახარიას დუმილი არჩევნების შემდეგ, რა თქმა უნდა, სააკაშვილის ფაქტორმა განაპირობა და როცა სააკაშვილის აქ ყოფნის პირობებში ალტერნატიულ დღის წესრიგს ვერ ქმნი, რა თქმა უნდა, ეს სააკაშვილთან მისი მარცხის ირიბი დადასტურებაა, თუმცა ჩხოროწყუში და არ არის გამორიცხული სხვა საკრებულოებშიც მისი ტაქტიკა წარმატებულია და ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ ისტორია იწერება: ოპოზიციური კოალიციური საკრებულოები ოპოზიციური თავმჯდომარით და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მოადგილეებით, რაც საინტერესო მოდელია მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ, თუკი ის სრულად პროპორციული და დაბალი ბარიერით ჩატარდება. ქართულ რეალობაში პირველად მივიღეთ წმინდა ევროპული ისტორია, პრეცედენტი, როცა მესამე ადგილზე გასული პარტია ხდება არჩევითი ორგანოს თვამჯდომარე და მისი ნების გათვალისიწინება უწევს მასზე წინ გასულ პარტიებს. ვნახოთ, რამდენად წარმატებით იმუშავებს გახარიას „თხა და მეგლი ერთად სძოვდეს“ პრინციპი;
6. წალენჯიხის პრეცედენტი: ერთადერთი ოპოზიციური არჩეული მერი, აწ უკვე არჩეული ხელისუფალი, რომელიც მართლაც რევოლუციური რეფორმების გატარებას იწყებს საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის თვითთმართველობის დამკვიდრების მიზნით;
7. სააკაშვილის ფაქტორი: ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო, ნათქვამია. გრძლევადიანი პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა, თუმცა ამ ეტაპზე რაც უნდა ითქვას, მიშამ ისტორია უკვე მეორედ დაწერა: ამჯერად, ჩამოსვლით, ჩაჯდომით, კათარზისით. როგორი იქნება მისთვის 2022 წელი?! „ოცნება“ დღემდე მისთვის წარმატებულ ტაქტიკას მიმართვას: დროის გაყვანის, პრობლემის/ტკივილის მინელების ტაქტიკას, რომლის მეშვეობითაც „ოცნებას“ ყველა პროტესტი მილევად რეჟიმში გადაყავს, ანეიტრალებს და ყოველ ჯერზე პოლიტიკურ სპექტრშიც და მათ ამორჩეველშიც გამოუვალობის განცდას და უიმედობას ამძაფრებს. სააკაშვილის პატიმრობის ყოველდღიურ რუტინად ქცევა და მისი რეზონანსულობის მეთოდური შემცირება – ეს ტაქტიკა „ოცნებას“ დიახაც რომ აწყობს. ამ გზით სააკაშვილის მიმართ იმედები, მოლოდინი და ინტერესი მილევად რეჟიმში გადავა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – გარეთ. მეორე სცენარში – სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანაც, არ დააზიანებს დიდად „ოცნების“ იმიჯს მისსავე ამომრჩევლის თვალში, რადგან შურისძიების სიმძაფრე მათ უკვე იგემეს. რა გზა რჩება სააკაშვილს?! მთავარი, „თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენებიო“. ის რომ მისთვის გამოწერილ როლთან შემგუებელი კაცი არ არის, ეს ჩამოსვლითაც დაამტკიცა, თუმცა აქ 2003 წლისგან სრულიად განსხვავებული მოტივაცია და ამომრჩეველი დახვდა. ვნახოთ, მიშა რამდენად და რა გზით იმიშებს.
8. საზოგადოება: ამაზე ზუსტ დიაგნოზს, რაც დღეს სვანეთში ხდება, დღეანდელ საზოგადოებას ვერავინ დაუსვამს: კრიპტო-ვალუტის მომპოვებელთა მცირე ჯგუფის გამო, სვანეთის მოსახელობის დიდ ნაწილს დენი არ მიეწოდება და მოსახლეობა სრულიად უდრტვინველად ეგუება ამ ფაქტს. ამიტომ, საზოგადოება, მარტო პოლიტიკური სპექტრის დამუნათებას შეეშვას და „საკუთარ ბოსტანშიც“ შეიხედოს, ემანდ იქაც რა ხდება. კიდევ კარგად დებს ოპოზიცია იმ შედეგს, რასაც დებს, საზოგადოების ამ ნაწილის შემხედვარე.
9. რა უნდა გვიხაროდეს და გვეიმედებოდეს:
ბოლომდე გამოვიყენოთ რეალური საქმეების საკეთებლად და ადგილებზე თვითმმართველობის რეალური რეფორმის გასატარებლად ის შანსი, რომელსაც 5 ოპოზიციური საკრებულო იძლევა. ხალხი დაიღალა ნეგატივით და უნაყოფობით. ვაჩვენოთ ხალხს წარმატების და საქმის კეთების მაგალითი. უნიკლაური შანსია, დავანახოთ ამომრჩეველს, რომ ოპოზიციური კოალიცია საქმეში მუშაობს, ეფექტურია და შედეგს დებს. დავანახოთ, არა მხოლოდ ვის, არამედ – რას, რა კონკრეტულ შედეგბს გაჰყვნენ და დაუდგნენ გვერდით.
რა გამოწვევებს გვთავაზობს საგარეო და უსაფრთხოების ფრონტი: საქართველოს საგარეო პოლიტიკური როლი – „წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა“
1. რუსეთი-უკრაინა: ჩვენს სამეზობლოში და არა მხოლოდ, 2022 წლის დასაწყისის მთავარ კითხვად დარჩება: დაიწყება თუ არა რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში და როგორი იქნება დასავლეთის რეაქცია. მიუხედავად იმისა, რომ ანდრეი პიოტნკოვსკიმ პუტინის გამოსვლა ჰიტლერის პოლონეთში შეჭრისწინა გამოსვლას შეადარა, დასავლეთი ნაკლებად ელის რუსეთის სრულმაშტაბიან ომს უკრაინაში, უპირატესად იმის გამო, რომ უკრაინის წინააღდეგობის ფრონტი რუსეთს იმდაგვარ წინააღმდეგობას გაუწევს, რომელსაც თვეების განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა ვერ გაუძლებსო. თუმცა, სამხედრო კამპანაიას რომ რუსეთი აპირებს, ეს ცხადზე ცხადია. როგორი იქნება ეს სამხედრო კამპანია, ამაზე რუსეთის გენერალიტეტის და მაღალჩინოსნების ფრაზებით შეიძლება ვიმსჯელოთ, თუმცა ჩანს, რომ რუსეთი უკვე გაკვალულ და კარგად აპრობირებულ მეთოდებს ირჩევს: უპირველესად ნიშანდობლივია, პუტინის და შოიგუს განცხადებები, რომ უკრაინაში ამერიკული სპეცნაზი ქიმიური იარაღის გამოყენებით პროვოკაციას გეგმავს, რაც სირიის ანალოგიით თუ ვიმსჯელებთ, საჰაერო-საარტილერიო შეტევის წინაპირობაა; და სულ ცხელ-ცხელი განცხადება, „მძინარე ცხინვალის“ ანალოგიით: გოსდუმის დეპუტატი დელიაგინი ამბობს, რომ თებერვალში უკრაინა რუსეთზე თავდასხმას აპირებს და ასახელებს კონკრეტულ საზღვრისპირა ქალაქებსაც ანუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთი საკუთარ ქალაქებშიც არ მოერიდოს პროვოკაციული სცენარების გათამაშებას საკუთარივე მწვანე კაცუნებით, უკრაინაში შეჭრის ‘გასაპრავებლად.
2. პუტინის ულტიმატუმი: რას ითვალისწინებს ულტიმატუმი: ნატოს შემდგომი გაფართეობის შეწყვეტას, უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას, მეტიც, უკრაინის, საქართველოსა და მოლდავისთვის სამხედრო-ტექნიკურ დახმარების შეწყვეტას. და კიდევ უფრო მეტი, რუსეთის ითხოვს, რომ ნატოს ჯარებმა და შეაირაღებამ დატოვოს ის აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნები, რომლებიც ნატოში 1997 წლიდან შევიდნენ. თუ არადა, რას ვიზამო?! რასო და როგორც პუტინმა გუშინაც გაიმეორა, ჩვენო უკანდასახევი გზა არ გვაქვსო და პასუხი შეიძლება იყოს ბევრნაირიო, როგორსაც ჩემი სამხედრო ექსპერტები მირჩევენო.
რითიც არ უნდა გავაგრძელოთ მსჯელობა, თავშივე უნდა ითქვას, რომ პუტინის ულტიმატუმი დღევანდელი დასავლეთის, მათ შორის, ამერიკის დიაგნოზია: სწორედ დასავლეთის სისუსტე და მსოფლიოს მთელ რიგ რეგიონებში მისი უხერხემლო პოზიციონირება აძლევს პუტინს საფუძველს ასეთი „მიწოლის“. თუმცა, ის რასაც, ჩვენ, დასავლეთის პარტნიორები, რომელთა ყოფნის-არყოფნის საკითხი დიდწილად სწორედ დასავლეთის სიძლიერეზეა დამოკიდებული, „სისუსტეს თუ უხერხემლობას“ ვეძახით, იქნებ დასავლელი ამომრჩევლის დაკვეთაა?! ანუ მოდი ამ რაკურსით შევხედოთ: რას ითხოვს, ერთის მხრივ, დასავლელი და მეორეს მხრივ, რუსი ამორჩეველი საკუთარი მთავრობებისგან: „ბურჟუაზიის მოკრძალებულ ხიბლს“ ნაზიარები დასავლელების დაკვეთაა – სტაბილურობა და მშვიდობა და ნაკლები გლობალური ამბიციები; რუსის – იმპერიული ამბიციები ნებისმიერ ფასად. მათი მთავრობებიც ამ დაკვეთის შესაბამისად მოქმედებენ, შედეგად კი მივიღეთ პუტინის მოქმედებების ლოგიკა: ის რაც იყო წარმოუდგენელი იყო 2008 წლამდე – ევროპის სახელმწიფოების საზღვრების ძალისმიერი გზით გადაწერა, პუტინმა გახადა დასაშვები ჯერ 2008-ში, შემდეგ 2014-ში, დასაშვებიდან მისაღებამდე კი ერთი ნაბიჯია. დღეს კი ის, ფაქტობრივად, ირიბად, ამ უფლების დაკანონებას ითხოვს.
აქ ღირს გავიხსენოთ წლების წინ ბლინკენის შეფასებაც: რუსეთი მუდამ გვიგებს, რადგან უშუალო სამშობლოში, ის მეტისთვის არის მზად, ვიდრე ჩვენო. ბლინკენმა ფაქტის კონსტატაცია კი მოახდინა, მაგრამ ჩანს რომ ამერიკას ამ რეალობის შეცვლაზე, დიდად ნაფიქრი არ აქვს. ამიტომ, ხვალ რას მივიღებთ შედეგად, აქ მხოლოდ რამდენიმე ვარიანტია: 1. დასავლეთი კატეგორიულად არ იღებს ულტიმატუმს და პირიქით, იქეთ უყენებს პირობებს, რუსეთი კი იწყებს ძალით იმავეს მიღწევას;. 2. იღებს რუსეთის ულტიმატუმს, რაც ვფიქრობ ღიად გამორიცხულია, რადგან თავად დასავლეთის არსს და არსებობის პრინციპებს ეწინააღმდეგება; 3. გაყავს დრო, რაც პუტინს არ აწყობს და ამის შესახებ ლამის ყოველ დღე აცხადებს 4. ირჩევს სირაქლემას პოზას ანუ ერთვება უსაგნო მოლაპარაკებებში, რუსეთი ამ ფონზე აღწევს თავისას და დასავლეთი ეგუება უკრაინისა და საქართველოს მიმართულებით რუსეთის მორიგი აგრესიის შედეგს ანუ თავისი სიტყვიერი „აღშფოთება“-„შეშფოთებით“ ფაქტობრივად აღიარებს რუსეთის გავლენის სფეროდ ყოფილ საბჭოთა კავშირს მინუს ბალტიის ქვეყნები (ჯერჯერობით!).
ჩვენთვის საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთასაც დასავლეთი რუსეთს არ აპატიებს და დაიწყებს რუსეთის შეკავებას და ამბიციების მოთოკვას და პირიქით, იქეთ ესვრის ხელთათმანს?! რეალისტები რომ ვიყოთ, არ ვიცი, თითქოს დღეს ამის წინაპირობები არ არსებობს. მით უფრო, რომ ამერიკის კონკურენტები დასავლეთის ამ სისუსტეს კანით გრძნობენ და ისინიც „აწვებიან“. ამის დასტურია ჩინეთის მხრიდან პუტინის ულტიმატუმის მხარდაჭერის საკითხიც ანუ ჩინეთიც ეთანხმება, რომ რუსეთის უსაფრთხოებისთვის ნატოს შემდგომი გაფართოება უნდა შეწყდეს. დასავლეთის სისუსტის გამოძახილია ტაივანის საკითხის გააქტიურებაც ანუ დღეს დასავლეთი ორმხრივი: რუსულ-ჩინური ზეწოლის ქვეშაა – უკრაინა დაიცვას თუ ტაივანი, რომლის უპირობო დათმობა ჩინეთისთვის, აზია-წყნარ ოკეანეში ამერიკის პოლიტიკის კრახს ნიშნავს.
რას ვშვებით ჩვენ თითოეული ამ სცენარის განვითრების შემთხვევაში?! ან თუ თეორიულად დავუშვებთ, რომ დასავლეთისგან უარის მიღების შემდეგ, რუსეთმა ჩვენგან მოითხოვა ოფიციალურად ნატოზე უარის თქმა?! რას ვშვებით და ვირჩევთ პოზიციას „წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა“ ანუ დინებას მიყოლილი ნაფოტის როლში ვართ, რომელსაც რომელ ნაპირზეც გამორიყავს დინება, იქეთ დაივანებს. სხვათა შორის, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც, რომელმაც ვერაფრით მოიცალა სიღრმისეულად იმ ეგზისტენციალური საფრთხეებისთვის, რომლის წინაშეც საქართველო დგას.
3. 3+3 ანუ 3+2 და ერთი (ანუ საქართველო) იგულისხმება, როგორც მოსწრებულად აღნიშნა ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა ექსპერტმა: მიუხედავად იმისა, რომ იციან, საქართველოს ხელისუფლებას მწველი სურვილიც რომ ჰქონდეს, ჯერჯერობით, (სანამ პუტინის პროექტი საბჭოთა კავშირის აღდგენისა სრულად ვერ ხორციელდება), ამ ფორმატს საქართველო ვერ მიუერთდება, მომავალ წელსაც არც თურქეთი და არც რუსეთი არ დაიღლება ჩვენი ამ ფორმატში მიპატიჟებით. აი, თუ დასავლეთმა სირაქლემას პოზა დაიჭირა და სიტყვით კი უარყო პუტინის ულტიმატუმები, მაგრამ – საქმით მის შესაკავებლად არაფერი გააკეთა და შედეგად დამდგარ სტატუს-ქვოს ანუ დაპყრობილ/ნაწილობრივ უკრაინას და საქართველოს რუსული გავლენის სივრცის ნაწილად განხილვას შეეგუა, მერე კი უფრო რეალური გახდება, საქართველოსთვის ამ ფორმატში, ყველაზე სუსტ რგოლად აღმოჩენის შანსი.
4. ახალი რეგიონალური სატრანსპორტო პროექტები: მანამ, სანამ ჩვენ „წყალს ნაფოტი ჩამოჰქონდა“ როლს ვირჩევთ, ჩვენს ყურის ძირში ანუ უშუალო სამეზობლოში, ახალი რეგიონალური სატრასპორტო-საკომუნიკაციო ჰაბის პერსპექტივები ჩნდება. მათ შორის, საუბარია სარკინიგზო კორიდორზე: აზერბაიჯანი-თურქეთი-სომხეთი-ირანი, რომელსაც შარლ მიშელმა არა მხოლოდ ექსპერტული, არამედ ფინანსური დახმარებაც აღუთქვა, ამ რკინიგზის ცალლკეული მონაკვეთების აღდგენისთვის, რომლებიც ყარაბაღის ომის შემდეგ დაინგრა. მოკლედ, სპარსეთის ყურე-შავი ზღვის დამაკავშირებელ ახალ ამბიციურ კორიდორებზეა საუბარი და ამ მიზნით თურქეთ-სომხეთ/ აზერბაიჯან-სომხეთის ურთულესი ურთიერთობების გადახედვაზეც კი.
5. რა უნდა გავაკეთოთ: უპირველეს ყოვლისა, უნდა შევჯერდეთ საერთო საფრთხეებზე, გამოსავლის გზებზე და ალტერნატივებზე, საქართველოს როლსა და ადგილზე ახალი მოცემულობაში, მათ შორის, რეგიონში და არა მხოლოდ, ახალ ინფრასტურქტურლ პროექტებში საქართველოს მონაწილეობის ფორმებზე და შესაძლებლობებზე, საქართველოსთვის სახიფათო ფორმატების მიღმა. 3+3 ფორმატის მიღმაც საქართველოს თავის სტრატგეიულ მდებარეობს, ხომ ვერავინ ართმევს, თუმცა შეეცილონ კი შეიძლება, თუ დროზე არ გამოვიფხიკეთ ყურები და ჩვენი შესაძლებლობები თავად ჩვენ არ დავინახეთ და დავანახეთ სხვებსაც. „შესაძლებლობების ფანჯრის გაჭრაზე“ საქართველოსთვის ისეთი ინოვაციური ფორმატების მეშვეობით, როგორიცაა მაგალითად საქართველოსთვის „სამი ზღვის ინიციატივა“, რომელზეც მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა თავის ბოლოდროინდელ მანიფესტში დასავლეთის მიმართ და რომელზეც, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საუბრობდნენ ქართველი ექსპერტები: ლელა ჯეჯელავა, კოკი იონათამიშვილი და ვიქტორ ყიფიანი.
უნდა გავთავისუფლდეთ კლიშეებისგან საგარეო პოლიტიკაში, მაგალითად, შევძლოთ ახლებურად და უფრო მასშტაბურ-რაციონალურად გადავიაზროთ ჩინეთის როლი ჩვენი ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის თუ უსაფრთხოების ხედვებში და ა.შ. ამბიციურ შესაძლებლობაზე, რომ საქართველო შეიძლება და უნდა იქცეს გამჭოლი ფინანსური ნაკადების ჰაბად და მსოფლიოს ინფორმაციული რესურსების უსაფრთხო ბანკად, რაზეც რეგიონის წამყვანი მოთამაშეები შეჯერდებიან და რაც ჩვენი უსაფრთხოების ბაზისი გახდება, ანუ ერთგვარ „ახალ ფინანსურ თუ ინფორმაციულ შვეიცარიად“, ამაზე წლების წინ ვწერდი და ვსაუბრობდი. მოკლედ, შესაძლებლობების დასანახი თვალიც გამოჩნდება, თუ საკუთარი ქვეყნის ჭაობად ქცევის მწველი სურვილი ან დავალება არა გაქვს.
6. მათთვის კი, ვისაც საკუთარი თავი ჭაობისთვის არ ემეტება, მოქმედებების დროა: აქ მხოლოდ ორი ალტერნატივაა – ან უნდა წახვიდე ქვეყნიდან, რასაც უკვე უამრავი წარმატებული და შემდგარი ადამიანი აკეთებს ან უნდა იმოძრაო და თუნდაც მცირე შესაძლებლობა დაინახო და გამოიყენო. მე ჯერ კიდევ მეორეს ვირჩევ.“