„შემიძლია ლონდა თოლორაიას საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში“

337 Views

შემიძლია ლონდა თოლორაიას საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში. ვიცი, რომ იგი არის ძალიან კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი კადრი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის ბაზაზე შექმნილი ორი სამსახურის კონკურსში მონაწილეობას არ ისურვებს, მას ყველა კარი აქვს ღია.

„შემიძლია ლონდა თოლორაიას საჯარო შეთავაზებაც გავუკეთო მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში. ვიცი, რომ იგი არის ძალიან კვალიფიციური, ძალიან გამოცდილი კადრი. თუ არ ვცდები, მანამდე მუშაობდა პროკურატურაში წლების განმავლობაში, შემდეგ – პოლიციაში. თუ მას აღარ მოუნდება, მიიღოს მონაწილეობა ან ერთი, ან მეორე სამსახურის კონკურსში, მას ყველა კარი აქვს ღია და მე პირადად აქედან ვუკეთებ შეთავაზებას. ასე, რომ პიროვნული ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა ხელისუფლებას, პარლამენტს და ჩვენ ამ ხედვას მივყვებით. ესა თუ ის რეფორმა ემსახურება სამსახურის გაჯანსაღებას, გაძლიერებას და მით უმეტეს, იდეაში, ეს ძალიან კარგად ვიცი, დაგეგმილია ამ სამსახურის გარდაქმნა, გაყოფა ორ სამსახურად და მისი კიდევ უფრო გაძლიერება, კიდევ უფრო მეტი დამოუკიდებლობა რომ ჰქონდეს, მეტი ტრანსფარენტულობა, მეტი უფლებები და ვფიქრობ, ეს ყველაფერი კარგია,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პერსონალური მონაცემების ნაწილი ცალკე გამოიყოფა, ის არ უქმდება და ცალკე იქნება საგამოძიებო სამსახური, კიდევ უფრო ძლიერი, მეტი უფლებებით.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის გადასაწყვეტი, ჩვენი საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება; ბუნებრივია, კანონმდებლები იმიტომ გვყავს და იმიტომ ვირჩევთ, რომ მათ მუდმივად იფიქრონ, იმსჯელონ, იმუშაონ, თუ როგორ დახვეწონ კანონმდებლობა და ინსტიტუტები, რომ ინსტიტუტები მოიმართონ კიდევ უფრო ეფექტურად და ეფექტურად მოემსახურონ ჩვენს მოსახლეობას, ამაში არსებობს მთავარი აზრი და იდეა. რა არის ქვეყანაში არსებული ინსტიტუტების მთავარი დანიშნულება – ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას მოემსახურონ ეფექტიანად. თუ ხელისუფლება თვლის, ანალიზს უკეთებს და ეს გამყარებულია სათანადო არგუმენტებით, ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა და აბსოლუტურად ექსკლუზიური დისკრეციული უფლება, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის შეცვალოს, გააუმჯობესოს ესა თუ ის ინსტიტუტი, სამსახური, რეფორმა მოახდინოს. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ სტატიკური მდგომარეობაა და არაფერს ვეხებით, ეს ეწინააღმდეგება მთავარ იდეას და პრინციპს. ეს არის ცოცხალი პროცესი. სახელმწიფო ცხოვრობს, მუშაობს, სიტუაცია მუდმივად იცვლება. დეტალებში არ მინდა შევიდე, პარლამენტს თავისი გეგმა, გრაფიკი და დღის წესრიგი აქვს. მე ვიცი, რომ თვის ბოლომდე პარლამენტი ცდილობს, ყველა მიმდინარე საკითხი დახუროს, შემდეგ, მოგეხსენებათ, არის არდადეგები, ვიდრე გაიხსნება საგაზაფხულო სესია. ალბათ, აქედან გამომდინარე არის ნაკარნახევი, დავარქვათ სიჩქარე. თუმცა, მე ამას სიჩქარეს ვერ დავარქმევდი.

მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდეგში – რაიმე უკანონოს აკეთებს ჩვენი პარლამენტი? პასუხი არის მარტივი – არა. შესაბამისად, თუ ჩვენი კანონმდებლობა, საპარლამენტო ცხოვრების, მუშაობის რეგლამენტი ითვალისწინებს მათ შორის დაჩქარებული წესით მიღებას ამა თუ იმ კანონპროექტის, მაშინ რატომ არა? კითხვა რაში მდგომარეობს თუ მეორე მხარეს არგუმენტი იქნება ის, რატომ არ მოხდა ამის განხილვა ოპოზიციის ჩართულობით და ა.შ, ვის აქვს ილუზია, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას კონსტრუქციულ რეჟიმში ამა თუ იმ კანონპროექტის განხილვაში”, – განაცხადა “იმედის” ეთერში პრემიერ-მინისტრმა.

Next Post

„გუშინ იყო სააკაშვილის მოტაცების მორიგი მცდელობა“ - ნიკა გვარამია

სამ დეკ 28 , 2021
337 Viewsადვოკატი, ნიკა გვარამია გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვს, სადაც მისი რეაბილიტაცია და უსაფრთხოების დაცვა იქნება შესაძლებელი. როგორც გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინდელი ინციდენტის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალი არაფრით აღარ განსხვავდება გლდანის ციხისგან. „არავინ იცის, ვინ დაუწერა ფორმა 100. მაინტერესებს, საერთოდ რატომ, რის საფუძველზე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. გუშინდელი ინციდენტის შემდეგ არაფრით აღარ განსხვავდება გორის სამხედრო ჰოსპიტალი […]

mediapress.ge@gmail.com