„თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ უკრაინაზე თავდასხმას ვაპირებთ, ეს ასე არ არის. რუსეთი არასდროს ემუქრებოდა უკრაინელ ხალხს“

566 წაკითხვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსული მხარე უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ უკრაინაზე თავდასხმას ვაპირებთ, თუმცა უკვე არაერთხელ ავხსენით, რომ ეს ასე არ არის. რუსეთი არასდროს ემუქრებოდა უკრაინელ ხალხს“, – აღნიშნა ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით, კრემლს მიაჩნია, რომ უკრაინის საკითხი იმსახურებს დიდ ყურადღებას, მაგრამ „ევროპული უსაფრთხოების მთელი არქიტექტურა ამ თემაზე ვერ დაიყვანება“.

„რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს მოვისმინეთ განმეორებით არგუმენტები არჩევანის თავისუფლების შესახებ, სამხედრო ალიანსების არჩევის თავისუფლებაზე. ბლინკენთან შეხვედრაზე ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსი დიპლომატის განცხადებით, ნატო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მუშაობს, ამიტომ მოსკოვი ბლოკის აღმოსავლეთით გაფართოებას ეწინააღმდეგება.

ლავროვის თქმით, შეხვედრის ბოლოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მას დაჰპირდა, რომ მომდევნო კვირისთვის წერილობით უპასუხებს მოსკოვს უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე.

დღეს აშშ-ისა და რუსეთის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა ჟენევაში შეხვედრა გამართეს. ეს მათი რიგით მესამე შეხვედრა იყო. პირველი 2021 წლის მაისში, რეიკიავიკში არქტიკული საბჭოს მინისტერიალზე შედგა, ხოლო მეორე 2021 წლის დეკემბერში, სტოკჰოლმში, ეუთო-ს ფარგლებში. 2021 წლის ბოლოს, სტრატეგიული უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე კრემლმა შეერთებულ შტატებთან და ნატო-სთან შეთანხმებების ორი პროექტი გამოაქვეყნა.

1tv

Next Post

„ნატოს“ ილუზიას რომ ვატრიალებთ, საღეჭი რეზინივით, რას ვიღებთ რეზინის ღეჭვის სანაცვლოდ?“ - მაია ნიკოლეიშვილი

პარ იან 21 , 2022
566 წაკითხვააი, ისე, სხვათაშორის, ინფანტილურ ფორმატში ვკითხულობ: დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ამ „ნატოს“ ილუზიას რომ ვატრიალებთ, საღეჭი რეზინივით, ვღეჭავთ, ვწელავთ და ვბერავთ კიდეც! რას ვიღებთ რეზინის ღეჭვის სანაცვლოდ, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის, ჩვენი შთამომავლობისთვის სასარგებლოს? მითუმეტეს, როცა იცი, რომ ამ ილუზიას 100%-ით აღარ უწერია „ახდენა“. თუ არ ვიცით, დაააა…ეს რეალობასთან მწყრალად ყოფნას უფრო ჰგავს.“– წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

შესაძლოა მოგეწონოთ