სახალხო დამცველს ჯერჯერობით ვერ აირჩევენ, რადგან მმმართველი გუნდის მიერ რეკომენდირებულ 5 კანდიდატს ოპოზიცია არ ემხრობა, ხოლო ოპოზიციის რჩეულ კანდიდატებს ხელისუფლება, შესაბამისად, ამ ჯერზე ვერ ხერხდება ომბუდსმენის კანდიდატურის შერჩევა და როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საგაზაფხულო სესიისთვის, შესაძლოა მოხდეს საკითხის განხილვა.
“„ომბუდსმენის კანდიდატებთან დაკავშირებით გაიმართა კონსულტაციები [ოპოზიციასთან]. დარწმუნებით შემიძლია, შედეგი გითხრათ, რომ იმ ხუთი კანდიდატიდან, რომლებიდანაც შევთავაზეთ, რომ ამოერჩიათ ერთი კანდიდატურა, მხარი დაეჭირათ და ამის შემდეგ შესაძლებელი იყო საერთო კანდიდატზე შეჯერება, ჩვენმა ოპონენტებმა არ მოინდომეს არცერთ კანდიდატთან დაკავშირებით მხარდაჭერის დაფიქსირება.
აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევძლებთ ომბუდსმენის არჩევას. გავაგრძელებთ მუშაობას იმასთან დაკავშირებით, რომ საგაზაფხულო სესიაზე მაინც რამენაირად შევძლოთ, რომ საერთო კანდიდატზე ჩამოვყალიბდეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ქართული ოცნების მიერ შერჩეული კანდიდატები არიან: ლელა გაფრინდაშვილი, თინათინ ერქვანია, ნუგზარ კოხრეიძე, გიორგი მარიამიძე, ქეთევან ჩაჩავა.
ხოლო ოპოზიციის: გიორგი ბურჯანაძე და ანა აბაშიძე.
სახალხო დამცველის მოვალეობას ამ ეტაპზე მოადგილე ასრულებს.