563 წაკითხვა
აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში სამთავრობო ძალებმა მათ ტერიტორიაზე ცეცხლი ოთხჯერ გახსნეს.
მათი მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა გამოიყენეს ნაღმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები და ავტომატები.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მძიმე იარაღის გამოყენებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო დროს არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთმა, უკრაინაში შესაჭრელად, შესაძლოა ყალბი საბაბი გამოიყენოს. ერთ-ერთი ვერსიით, ეს შესაძლოა იყოს პროპაგანდისტული ვიდეოების შექმნა, რომლებშიც ინსცენირებული თავდასხმის კადრები იქნება ასახული.