1,049 წაკითხვა
ირაკლი ოქრუაშვილის პოსტი ფეისბუქში:
„ისეთი პირი უჩანს, ჩემს სადღეგრძელოს განხორციელება უწერია.
რა სადღეგრძელოსო – იკითხავთ.
2005 წელია, კიევში დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრების სამიტი ტარდება. მაგისთანა “სანახაობას” როგორ გამოვტოვებდი. ის დროა პოსტსაბჭოთა სივრცეში მურმანის ეკალივით რომ ვართ ვარდების რევოლუციის მერე და ყველა მსგავს შეხვედრაზე ბებერი კომუნისტები და “კაგებეშნიკები” ზემოდან და ამრეზილად რომ გვიყურებენ.
ეგეთი შეხვედრები სამი ნაწილისგან შედგება: “პრეზენტაცია, დისერტაცია და დესერტაცია”. რა თქმა უნდა დესერტაცია ყველაზე საინტეტესო და მთავარია, ოღონდ ევროპული სამიტების დესერტაციასავით არ გეგონოთ კულტურული “ალა ფურშეტით” რომ მთავრდება. პოსტსაბჭოთა სივრცეში ესეთი შეხვედრების დესერტაცია კაპიტალურ დაასხი-დალიეს ნიშნავს.
პროტოკოლმა წინასწარ გამოგვიცხადა “დესერტაციაზე” არავითარი მოადგილეები, დაცვა და თანაშემწეები, მხოლოდ მინისტრები იქნებითო. ჩაგვსხეს მანქანებში და დნეპრთან გემს მიგვაყენეს. ავედით გემზე და დარბაზში რომ შევედი მივხვდი ცუდად იყო ჩემი საქმე. ცუდად იმიტომ, რომ არაყის გარდა ეგენი სხვას არაფერს დალევდნენ, არაყს კი დასანახავად ვერ ვიტან, უარი მანდ არ მიიღება და გემიდან სად გავიპარებოდი, თან მთელი იერიში და არტილერია ჩემსკენ იქნებოდა მომართული. გადავწყვიტე არ დავნებებულიყავი და ბრძოლის ველზე გმირულად მაინც დავცემულიყავი. ერთი ის მაიმედებდა, რომ რუსეთის მინისტრი ნურგალიევი ჩია კაცი იყო, არათუ მსმელის არაფერი ეტყობოდა, სულ ჯანმრთელობაზე და ქოლესტერინის მატებაზე წუწუნებდა.
თამადობა ბელორუსმა ითავა. სომეხმა, ბელორუსმა და ყაზახმა თავიდანვე მოიტანეს იერიში ჩემზე, მას მერე განსაკუთრებით, რაც ყველა ოფიციანტი მე უფრო დამტრიალებდა (სხვა მინისტრებთან შედარებით მინიმუმ 30 წლით ახალგაზრდა ვიყავი). ჩვენთან შედარებით ახალგაზრდა ხარ – მეტი და გაბედულად უნდა დალიოო, არ მეშვებოდნენ კარგა ხანს. დაძალების სამ-ოთხ შეტევას გავუძელი ორი საათის განმავლობაში და ბოლოს ვიფიქრე მაინც მომკლავენ და “ხელყუმბარას” მაინც გავხსნიმეთქი. ბელორუსს ომახიანად გავძახე ერთი სადღეგრძელო თუ შეიძლებათქო და მალენკოვის თუ ხრუშჩოვის ზომის ჭიქა ბოლომდე გავავსე. ბრძანეო, გამომძახა. ყველამ ბოლომდე დალიეთ რასაც ვიტყვიმეთქი. тамада сказал бог сказал -ო გამომძახა უკრაინელმა.
წამოვდექი და წინასიტყვაობის გარეშე ომახიანად წარმოვთქვი: Да зравствует украинско-грузинская граница на урале – მეთქი. ამით დამთავრდა დესერტაცია.
მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, ჩემს სადღეგრძელოს განხორციელება უწერია.მართალია ჩვენ ხელს არ გავანძრევთ ამისთვის, როგორც ყოველთვის, მაგრამ მაინც“.