ნანა კაკაბაძე უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს. შესაბამისი განცხადება მან Facebook-ზე გამოაქვეყნა. კაკაბაძე ამ კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების პოზიციასაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ფრთხილი და პრაგმატული პოზიცია დღევანდელ ვითარებაში ყველაზე ოპტიმალური ჩანს.
„100 წლის წინათ, 1918 წელს პირველ მსოფლიო ომში დამარცხებული, დამცირებული და ტერიტოებდაკარგული გერმანელი ერისთვის სულ ათიოდე წლის შემდეგ მისაღები აღმოჩნდა ფაშისტური პარტიის და მისი ლიდერის იმედისმომცემი ლოზუნგები. უკვე 1933 წელს გერმანიაში ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დამარცხებულ და დამცირებულ ერს ხელისუფლებაში მოეყვანა და მხსნელად მიეჩნია ნაცისტური პარტია და ადოლფ ჰიტლერი, რომელიც არათუ ღირსების აღდგენას შეჰპირდა დამარცხებულ ერს, არამედ ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე წელში ტერიტორიებიც დაუბრუნა გერმანიას და მალე ნახევარი ევროპაც ზედ მიაყოლა.
ბელადად ქცეულმა ფიურერმა ისიც კი გათვალა, რომ პირველ მსოფლიო ომში დამარცხებიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ სწორედ ის ვაგონი მოაძებნინა და იქ მოაწერინა ხელი დამარცხებულ საფრანგეთს, რომელშიც 1918 წელს დამარცხებაზე გერმანიის ხელისუფლებას მოაწერინეს ხელი.
დაახლოებით 100 წლის შემდეგ ისტორია მეორდება. 2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა და მართალია, არ უთქვამს, რომ ამ კატასტროფის გამოსწორება საბჭოთა კავშირის აღდგენა იქნებაო, მაგრამ მთელი თავის შემდგომი ქმედებებით ცდილობს რუსეთის ტერიტორიების, გავლენებისა და შელახული რეპუტაციის აღდგენას. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეროვნული ღირსების აღდგენის ლოზუნგებით ხელისუფლებაში მოსული და 20 წლის მანძილზე რეალურად ქვეყნის გაძლიერებაში მონაწილე პუტინი დღეს რუსეთში ფართო მხარდაჭერით სარგებლობს (როგორც გერმანიაში სარგებლობდა 30-იან წლებში ჰიტლერი).
რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ ყველაფერი გააკეთა, რომ დასავლეთს სირაქლემას პოზა მოერგო. ამისთვის, ჰიბრიდული ომის ხერხების გამოყენებით, შექმნა სურათი, რომ საქართველო პროვოკაციას წამოეგო და ომი დაიწყო. მაშინ ამაში სააკაშვილის ხელისუფლების არაგონივრულმა პოლიტიკამაც შეუწყო ხელი, როდესაც პირდაპირ და ღიად განაცხადა, რომ დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის“ აღდგენა ცხინვალის რეგიონში და ომში დამარცხების შემდეგ თვითონვე მოაწერა ხელი რეზოლუციას, რომელშიც სწორედ საქართველო იყო დადანაშაულებული საომარი მოქმედებების დაწყებაში, ხოლო რუსეთს მხოლოდ არაპროპორციული საპასუხო ძალის გამოყენებაში ედებოდა ბრალი.
ამგვარი წარმოდგენის გათამაშებას ცდილობს ახლა რუსეთი უკრაინაშიც, რათა ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, რომ თუ ომი დაიწყო, ეს უკრაინას დაბრალდეს. ამისთვის მას არაერთი საშუალება აქვს: ადგილობრივი სეპარატისტული გასამხედროებული ჯგუფები, რუსეთის რეგულარული ჯარის წარმომადგენლები უკრაინის ტერიტორიაზე, რომლებსაც არ აცვიათ რუსული სამხედრო ფორმა, მაგრამ ასრულებენ რუსეთის ხელისუფლების დავალებებს და კონფლიქტის პროვოცირებაში მონაწილეობენ.
რუსული სცენარით, ეს ჯგუფები გეგმავენ და ახორციელებენ კონფლიქტებს, რასაც შემდგომ რუსეთი იყენებს ე.წ. მშვიდობის იძულების ოპერაციის დასაწყებად – სწორედ ასე დაარქვეს 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში შემოჭრას, ახლა კი იმავეს უფრო ფართო მასშტაბით იმეორებენ უკრაინაში.
რუსული საინფორმაციო მანქანა გამუდმებით ლაპარაკობს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების თაობაზე და ამტკიცებს, ეს ტერიტორიები უკრაინიდან იბომბებაო. აჩვენებს რაღაც კადრებსაც, არადა უკრაინის ხელისუფლებაც და მთელი მსოფლიოც ადასტურებენ, რომ უკრაინას ცეცხლი არ გაუხსნია.
რას მოითხოვს რუსეთი, რა უნდა დაუპირისპიროს პუტინის მოთხოვნებს დასავლეთმა და როგორ უნდა მოიქცეს ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება?
პუტინის მოთხოვნებია: 1. ნატომ აიღოს ვალდებულება, რომ აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, ანუ რომ უკრაინას და საქართველოს არასოდეს მიიღებს ნატოში (რაც ჩაიწერა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და რომელმა ჩანაწერმაც ეს ორი ქვეყანა ფაქტობრივად ჯერ მძევლებად, ხოლო შემდეგ მსხვერპლებად აქცია). 2. დასავლეთმა არ განალაგოს სტრატეგიული შეიარაღება რუსეთის საზღვრებთან და 3. ნატო დაბრუნდეს 1997 წლის დროინდელ საზღვრებში, რაც ფაქტობრივად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოს წევრობაზე უარსაც ნიშნავს.
ორიოდე დღის წინ მიუნხენის¬ უსაფრთხოების კონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა: “არ უნდა დავუშვათ, რომ რუსულმა მუქარამ შეცვალოს ევროპის არქიტექტურა და არ დავუშვებთ ახალ იალტას; არ დავუშვებთ ჩვენი¬ კონტინენტის ორ გავლენის სფეროდ დაყოფას¬. უნდა ჩავეხსნათ რუსულ გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებას. ალტერნატიული¬ მომარაგება და ტექნოლოგიები დაგვიხსნის რუსული საფრთხეებისგან. ჩვენ უნდა შევამზადოთ ჩვენი თავი რუსული დეზინფორმაციისთვის, რომელიც გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის დარტყმა უკრაინაზე უკრაინის შეტევად შემოგვასაღოს.
თავი არ უნდა მოვიტყუოთ. არავინ არის აქ სულელი. თუკი რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, ჩვენი საერთო ინტერესია, რომ ის, ბოლოს და ბოლოს, დამარცხდეს და ის დამარცხდება. რუსეთის ხელისუფლება მწარედ ცდება, თუ ჰგონია, რომ საქმე აქვს 2014 წლის უკრაინასთან.
რუსეთი ვერაფერს მოიგებს ამ კატასტროფული ომით და შეუძლია ყველაფერი წააგოს. მშვიდობა რუსეთსაც სჭირდება და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უსაფრთხო ევროპაზე, ეს თანაბრად ვრცელდება რუსეთზეც. და მთავარი მესიჯი, რომელსაც ჩვენ ამ კონფერენციიდან ვგზავნით, ჩვენი ერთიანობაა”.ფაქტობრივად, ამ სიტყვებში გაცხადებულია დასავლეთის სამოქმედო პროგრამა, მაგრამ ისიც ყველას ესმის, რომ ვინაიდან კოლექტიური დასავლეთი არ არის ერთიანი, პრაქტიკულად შეუძლებელია ამ პროგრამის პრაქტიკული რეალიზაცია.
ამიტომაც პუტინი არც ომის დაწყებას ჩქარობს და არც დაძაბულობის შემცირებას, რადგან იმედი აქვს, რომ თავისი მოთხოვნების სრულად შესრულებას თუ არა, მათი ნაწილის შესრულებაზე წერილობითი დაპირებების მიღებას მაინც მიაღწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში მისთვის სამხედრო თვალსაზრისით დიდ სიძნელეს არ უნდა წარმოადგენდეს დონბასის და ლუგანსკის ე. წ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არეალის გაფართოება და მთელი რიგი ქალაქების (ხარკოვი, მარიუპოლი, ოდესა…) დაკავება.
რაც შეეხება საქართველოს, ბევრი დღევანდელ ხელისუფლებას საყვედურობს „ჩირგვებში დამალვას“. სააკაშვილიც აცხადებს ციხიდან, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ის შეუერთდებოდა ინგლის-პოლონეთ-უკრაინის სამთა კავშირს, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ივლიდა მთელ მსოფლიოში და საქართველოს მიაბამდა უკრაინის პრობლემას. მოკლედ, მისი მომხრეების აზრით, 3,5-მილიონიანი საქართველო თუ მიებმება 70-მილიონიანი ინგლისის, 40-მილიონიანი უკრაინის და 35 მილიონიანი პოლონეთის კავშირს, ჩვენი ქვეყანა უფრო დაცული იქნება.
ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ, რომ ამით საქართველო ჯამში 145-მილიონიანი ქვეყნების ურყევ მხარდაჭერას მიიღებდაო, მაგრამ ასეთი „ვაჟკაცი“ და „პატრიოტი“ პოლიტიკოსები ვერ აზროვნებენ, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, თუ ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ეგიდით თბილისიდან 40 კილომეტრში მდგარი რუსეთის ჯარი თბილისამდე 10-15 კილომეტრში გადმოიწევდა, ან ეთნიკურად „შევიწროებული“ არაქართული მოსახლეობა საქართველოს სხვა რეგიონებში მოითხოვდა ავტონომიური წარმონაქმნების შექმნას.
მოკლედ, საქართველოს ხელისუფლების ფრთხილი და პრაგმატული პოზიცია დღევანდელ ვითარებაში ყველაზე ოპტიმალური ჩანს, რადგან მოსალოდნელია მოვლენების განვითარება 2 მიმართულებით: 1. თუ უკრაინის კვანძის გახსნის შემდეგ დასავლეთმა უკან დაიხია და რუსეთმა მიიღო გარკვეული გარანტიები (რასაც ის „საკუთარი უსაფრთხოების“ გარანტიებს ეძახის), ეს იქნება დასავლეთის დათმობა იმ მიმართულებით, რომ მოხდეს უკრაინის და საქართველოს ე. წ. „ფინეთიზაცია“. ჯერ კიდევ წლების წინ წერდა მსოფლიო დიპლომატიის ცოცხალი ლეგენდა ჰენრი კისინჯერი, რომ რუსეთის დასამშვიდებლად აუცილებელია მისი მეზობლების (პირველ რიგში უკრაინის) „ფინეთიზაცია“ (ანუ ნეიტრალიტეტის გარანტია). 2. თუ კოლექტიურმა დასავლეთმა რაღაცნაირად მოახერხა და უკრაინის კვანძის გახსნა რუსეთის დასუსტებით და დამარცხებით დასრულდა, მაშინ საქართველო უკრაინასთან ერთად თავისთავად ხდება ნატოს წევრი და ეხსნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივებიც, ვინაიდან მისი გაცხადებული პოლიტიკური მიმართულება სწორედ ეს არის.
ამრიგად, ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება დღეს მოკლებულია შესაძლებლობას, რომ თავად შექმნას დღის წესრიგი და თავისი აქტიური მოქმედებებით რაიმე შეცვალოს მოვლენების განვითარებაში, მისი დღევანდელი პოზიცია პრაგმატულად და ქვეყნისათვის სასარგებლოდ გამოიყურება“, – წერს კაკაბაძე.