ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

2,235 წაკითხვა

ქართველებს წინაპრებისგან უნიკალური ქვეყანა გვერგო – დიდი ისტორიით, მრავალსაუკუნოვანი კულტურით და საოცარი ბუნებით. ჩვენ ქვეყნაში მთას, ზღვას, მინერალურ წყლებს და ქვიშასაც კი, მაცოცხლებელი ენერგია აქვს. მაგრამ არსებობს სრულიად გამორჩეული ადგილები, რომლებსაც თავისი პოტენციალით უდიდესი მიზიდულობის შექმნა შეუძლია. სწორედ ასეთია წყალტუბო – უნიკალური სამკურნალო, სარეაბილიტაციო და ტურისტული პოტენციალით.

დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში, პრაქტიკულად გავერანდა წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა. კურორტი, რომელიც 22 სანატორიუმითა და 9 ბალნეოლოგიური აბანოთი, ქმედით კონკურენციას უწევდა არამარტო რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებს, დღეს მხოლოდ ერთი მოქმედი სასტუმროს და მთლიანად განადგურებული ინფრასტრუქტურის ამარაა დარჩენილი. კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წლების განმავლობაში, სახელმწიფოს ჰქონდა მცდელობები, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სტანდარტული მეთოდით მოეზიდა კერძო ინვესტიციები ტურისტული და სამკურნალო ბიზნესის განსავითარებლად, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან განვითარების ერთიანი, კომპლექსური გეგმის და, რაც მთავარია, ამ გეგმის განხორციელების გარანტიის გარეშე, წერტილოვანი ინვესტიციების ჩადება ცალკე აღებულ ერთ სასტუმროში ან ბალნეოლოგიურ სპა-ცენტრში – მაღალი რისკის მატარებელი იყო და ბიზნესსაც არ გაემტყუნება, რომ არ გარისკა.

ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია – მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება.

პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება, სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას.

ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომელიც ისეთივე უნიკალური საკურორტო ადგილია, როგორც წყალტუბო, მაგრამ წყალტუბოს მსგავსად, იქაც ათეული წლებია, სახელმწიფომ ვერ მიიზიდა ინვესტორები. თუმცა, როგორც კი გაჩნდა აბასთუმნის მასშტაბური განვითარების გეგმა და გარანტია, კერძო ბიზნესი დიდი მონდომებით ჩაერთო პროექტში. შედეგად, აბასთუმანში, ამჟამად მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, მე მხოლოდ ერთს – „პარაგრაფს“ ვაშენებ, ხოლო დანარჩენ ხუთს: „რუმსს“, „რედისონს“, „ქრაუნპლაზას“, „რედიქს ჯგუფის“ ორ სასტუმროს – სხვა ქართველი ბიზნესმენები აშენებენ, ისევე, როგორც საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმროს და ოთხასბინიან საცხოვრებელ აპარტამენტს.

უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია. სახელმწიფოც, შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობს არ ჩამორჩეს კერძო ინიციატივას – გაყავს გზები, აწესრიგებს წყლის და სხვა ინფრასტრუქტურას, დაწყებულია ობსერვატორიის რეაბილიტაცია და სულ მალე გვექნება მსოფლიო დონის ასტროფიზიკური სამეცნიერო ცენტრი. თუმცა, სახელმწიფოსაც სჭიდება თანადგომა და ვინაიდან, მაქვს საშუალება და სურვილი, ვცდილობ, შევუმსუბუქო მას ტვირთი და სამედიცინო თუ სხვა, საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობას და აღჭურვას, აბასთუმანში, პირადი სახსრებით ვახორციელებ.

მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ წყალტუბოს აქვს ყველა, და შესაძლოა, მეტი პოტენციალი, უახლოეს წლებში გადაიქცეს რეგიონის ჯანმრთელობის და ტურიზმის დედაქალაქად და ის აუცილებლად გახდება ასეთი.
მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.

ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს – მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება.

ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.
ამ ნაბიჯით მსურს, ერთი მხრივ, მივცე სიმყარე ბიზნესს, რათა ის ნებისმიერ ეტაპზე შემოუერთდეს პროექტს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მივცე სტიმული, გარანტირებული ინვესტიციის პირობებში, მაქსიმალურად განავითაროს ინფრასტრუქტურა.

წყალტუბოს განვითარების ხედვა და კონცეფცია, რომლითაც ვაპირებ ვიხელმძღვანელო, ეყრდნობა წამყვანი შვეიცარული საკონსულტაციო კომპანიის, „KohL&Partners“ მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის ფარგლებში, წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. იმავდროულად, დაგეგმილია საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა პროფილურ სპეციალობებში ჩვენი თანამოქალაქეების გადასამზადებლად – რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს, რომელიც წყალტუბოში უახლოეს პერიოდში შეიქმნება, კვალიფიციური კადრები დასჭირდება და ჩვენ მათი მომზადება უნდა უზრუნველვყოთ.

უდავოა, წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, ხოლო რაჭის ახალი გზის დასრულების შემდეგ, ეს კიდევ უფრო გაადვილებს ტურისტებისთვის მარშრუტების დაგეგმვას ამ მიმართულებით.

წყალტუბოს გარშემო მდებარეობს ჩვენი ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მარგალიტები: გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გეგმის ხორცშესხმის კვალდაკვალ, ტურისტული ნაკადები ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლების განმავლობაში, ფონდი „ქართუ“ ეხმარება სახელმწიფოს კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და ტურისტული ობიექტების რეაბილიტაციაში, მაგრამ მთელი რეგიონის გამოცოცხლებას, მის ნახტომისებურ განვითარებას, მეტი ბიძგი სჭირდება, სწორედ ამ ბიძგის მიმცემი გახდება წყალტუბოს აღორძინების პროექტი.

წყალტუბოს სიახლოვეს, ქუთაისთან განთავსებულია ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა, აეროპორტი, დაგეგმილია სოფლის მეურნეობის ჰაბის მშენებლობა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესისა და ტურისტების მოზიდვას.

დარწმუნებული ვარ, რომ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობასთან ერთად, წყალტუბოს სრულფასოვანი რეაბილიტაცია-განვითარება იმერეთის მხარეს გადააქცევს ჯანმრთელობის და ტურიზმის, ახალგაზრდობისა და განათლების მძლავრ, საერთაშორისო ცენტრად.

ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში.

სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ რვა ათას ადამიანს დაასაქმებს. მათი აღდგენის შედეგად, წელიწადში საშუალოდ ექვსასიდან რვაას ათასამდე ტურისტის მიღების შესაძლებლობა გვექნება, რომ არაფერი ვთქვათ იმ თანამდევ მცირე ბიზნესების განვითარებაზე, რაც მოყვება კურორტის აღდგენას.

წყალტუბოს განვითარება იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელია. გარდა ამისა, რომ უკვე დაწყებულია სამუშაოები სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახების შესაბამისი, ღირსეული საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად, მათი ასევე გაუჩნდებათ დასაქმების ახალი წყარო და პერსპექტივა.

საბოლოო ჯამში, რეგიონში დასაქმდება 15 000 – 20 000 ადამიანი, რაც უპირობოდ გამოიწვევს მთელი იმერეთის მხარის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აღმავლობას.

და ბოლოს, რატომ გამიჩნდა სურვილი და მოთხოვნილება, ასე საჯაროდ და დეტალურად მესაუბრა წყალტუბოს განვითარების პროექტზე? პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართულ ბიზნესს პირადად ჩემგან მოესმინა, რას ვგეგმავ და როგორი ფორმით ვთავაზობ მათ თანამშრომლობას. იმავდროულად, ვიცი, ამ საქმესაც გამოუჩნდებიან მძაფრი ოპონენტები.

სამწუხაროდ, თეთრის შავად და შენების ნგრევად გამოცხადება, ჩვენს ქვეყანაში ბევრს დღემდე ეფექტურად გამოსდის, ამიტომ საზოგადოების სწორი და დროული ინფორმირება აუცილებლად ჩავთვალე. დარწმუნებული ვარ, ინფორმირებული საზოგადოება სწორ დასკვნებს გამოიტანს“.

Next Post

წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება

სამ ოქტ 29 , 2019
2,235 წაკითხვა31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართევბა. სინოდის სხდომა 12:00 საათზე ჩაინიშნა. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოში ცოტა ხნის გაკეთდა. გადაწყვეტილება სინოდის სხდომის ჩანიშვნის შესახებ საქართველოს პატრიარქმა მიიღო. წმინდა სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა მეუფე იაკობის საკითხის განხილვა.