უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის პასუხად ცივილიზებული მსოფლიო კრემლის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს შორის რუსეთის SWIFT-დან მოსალოდნელ გათიშვაზე საუბრობს. ამ ეტაპზე მოსამზადებელი პროცესიც დაწყებულია. დარგის ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი რუსეთის ეკონომიკისთვის კოლოსალური ზარალის მომტანი იქნება, ჩინოვნიკები კი ამ ნაბიჯს ომის გამოცხადებასაც ადარებენ. რა არის SWIFT-ი და რატომ არის რუსეთის გათიშვა ამდენად მნიშვნელოვანი?
რა არის SWIFT-ი?
SWIF-ი ფაქტობრივი მესენჯერია, რომელშიც მთელი მსოფლიოს ფინანსისტები ერთმანეთს საგადახდო დავალებებს, ტრანზაქციის დამადასტურებელ საბუთებსა და სხვა ფინანსურ დოკუმენტაციას უზიარებენ. ეს არის არა გადახდის სისტემა, არამედ მთავარი და ერთადერთი უნივერსალური არხი, რომელიც ფულის გადარიცხვისა და სხვა ფინანსური მანიპულაციებისთვის არის განკუთვნილი. SWIF-ი ჩვენი პლანეტის თითქმის ყველა ქვეყნის 11 ათას ფინანსურ და არაფინანსურ ორგანიზაციას მოიცავს. შესაბამისად, ყოველწლიურად SWIFT-ით 5 მილიარდზე მეტი ამ შინაარსის შეტყობინება იგზავნება.
ზოგიერთ ქვეყანას – აშშ-დან რუსეთამდე – ბანკებს შორის შიდა კომუნიკაციის საკუთარი სისტემა აქვს. თუმცა ამ შემთხვევაშიც ბევრს ურჩევნია SWIFT-ის გამოყენება, რადგან ის უფრო მოსახერხებელია და უცხოურ ვალუტაში გადახდების ყველა შეკვეთა მაინც ამ სისტემით იგზავნება. მეტი თვალსაჩინოებისთვის, ძალიან უხეში საყოფაცხოვრებო ანალოგის მოყვანა შეგვიძლია. რატომ ისაუბრებთ ბებიასთან Viber-ით, მეზობლებთან – WhatsApp-ით, მეგობრებთან – Facebook-ით, კოლეგებთან კი – Signal-ით, თუ არსებობს ერთი დადასტურებული და სანდო საკომუნიკაციო არხი, რომელიც ყველა მათგანს უკავშირდება? ბანკებისთვის ეს არის SWIFT-ი. თუმცა მისგან გათიშვა სხვა საკომუნიკაციო არხებს არ გააუქმებს.
რას ნიშნავს SWIFT-ის გამორთვა რუსული ბანკებისა და ეკონომიკისთვის?
ამის შედეგი იქნება ფინანსური ხარჯების ზრდა და რაც მთავარია, რეპუტაციული ზარალი. 2014 წელს რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ SWIFT-ზე წვდომის დაკარგვა ქვეყანას მისი ეკონომიკის წლიური მოცულობის 5%-ით აზარალებდა. მართალია, მას შემდეგ რუსეთი მოვლენების ასეთი განვითარებისთვის გარკვეულწილად მომზადებული იყო და დარტყმაც ერთგვარად შერბილდა, მაგრამ აღნიშნული სანქცია რუსულ ბიზნესსა და ბანკებს ნოკდაუნში მაინც ჩააგდებს. ამის ძირითადი მიზეზი კი ორია.
SWIFT-ის მონაცემთა სამივე ცენტრი რუსეთის ფარგლებს გარეთ მდებარეობს. ეს არის აშშ, ნიდერლანდები და შვეიცარია. შესაბამისად, რუსული ბანკების ყველა შეტყობინება გადის საზღვარგარეთ მაშინაც კი, თუ ეს გზავნილები სხვა რუსული ბანკისთვის ან რუსული კომპანიის ხაზინისთვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, SWIFT-დან გათიშვა ჰგავს სიტუაციას, როდესაც გაითიშა ბანკის საერთაშორისო სატელეფონო ხაზი ან გაწყდა ინტერნეტ კაბელი, რომლის მეშვეობითაც ის გასცემს ბრძანებებს სხვა ბანკებში არსებული ანგარიშებიდან ფულის გადარიცხვის, ძვირფასი ლითონისა თუ ფასიანი ქაღალდების გადატანის შესახებ. ეს მოუხერხებელია, მაგრამ სამყაროს დასასრული ნამდვილად არ არის. ამის გაკეთება შესაძლებელია, რა თქმა უნდა, წერილით ან ფაქსით, რაც გრძელი და ძვირადღირებული გზაა.
ეს არის პირველი პრობლემა, რასაც საბანკო მომსახურება, ფაქტობრივად, ქვის ხანაში გადაჰყავს. ამავდროულად, გლობალური ვაჭრობისა და საერთაშორისო ტექნოლოგიების ეპოქაში მზარდი ხარჯები და ფინანსური ნაკადების მკვეთრი შენელება ბიზნესს სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.
მეორე პრობლემა არის რეპუტაციული. ჯერჯერობით, SWIFT-დან ქვეყნის გათიშვის სანქცია მხოლოდ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ იყო გამოყენებული. თუ რუსეთი ზემოთ ხსენებული ქვეყნების ჩამონათვალს გააგრძელებს, მაშინ ბევრი დასავლური ბანკი და კომპანია თავად იტყვის უარს იქ მუშაობაზე და რუსულ ბიზნესსა თუ სახელმწიფოსთან თანამშრომლობაზე.
SWIFT -დან გათიშვის შემთხვევაში, შეძლებენ თუ არა რუსეთის მოქალაქეები თავიანთ ქვეყანაში პლასტიკური ბარათებით სარგებლობას და უცხოურ ვალუტაში ანგარიშების გახსნას?
მოკლედ რომ ვთქვათ, დიახ, შეძლებენ. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, როდესაც რუსეთს სანქციები დაუწესეს და ქვეყანა SWIFT-დან გათიშვის საფრთხის წინაშე იდგა, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რუსულ ბანკებს შორის გადახდის დავალების გაცვლისთვის საკუთარი ანალოგი შექმნა. ზოგი მას დღესაც იყენებს, მაგრამ სანამ SWIFT-ი მუშაობს, უმეტესობას კომუნიკაცია ერთიან და ნაცნობ სისტემაში ურჩევნია. თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ისინი საკუთარ ალტერნატივაზე გადადიან.
ვინაიდან რუსეთში ანგარიშსწორება მხოლოდ რუბლით ხდება, საჭირო ინსტრუქციების გაგზავნა მათი ოპერაციების შესახებ საზღვარგარეთ კორესპონდენტ ბანკებში საჭირო აღარ იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ SWIFT-დან გამორთვა რუბლით შიდა გადახდების შეფერხებას არ გამოიწვევს. ანალოგიური სიტუაციაა პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებითაც. ჯერ კიდევ 2015 წელს, საერთაშორისო ლიდერები Visa და MasterCard-ი შეთანხმდნენ, რომ შიდარუსული გადახდების პროცესინგი და კლირინგი რუსეთში გადაეტანათ. ამავდროულად, ქვეყანას საკუთარი ეროვნული გადახდის სისტემა „მირ“-იც აქვს.
რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში არსებულ ანგარიშებს, ისევ და ისევ, ბანკის SWIFT-დან გათიშვა არ აიძულებს მეანაბრეებს, თავიანთი დანაზოგი რუბლში გადაიყვანონ. რადგან SWIFT-ი გზავნის შეკვეთებს მხოლოდ იმ კორესპონდენტ ბანკებში, სადაც რუსულ ბანკებს აქვთ შესაბამისი საკორესპონდენტო ანგარიშები დოლარში, ევროში, ფუნტსა ან იუანში. შესაბამისად, ტექნიკურად SWIFT-დან გათიშვა მხოლოდ ართულებს ამ თანხის სხვა ანგარიშებზე გადატანას, მაგრამ არ აიძულებს მფლობელს, მასზე უარი თქვას.
თუ აშშ და ევროკავშირი მოინდომებენ რუსეთის მოქალაქეებს ევროსა და დოლარზე წვდომა შეუზღუდონ, მათ ხელთ უფრო ძლიერი იარაღი აქვთ. ეს არის რუსული ბანკებისა და კომპანიების წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი სანქციები, რომლებიც შესაძლებლობას მოუსპობს მათ, დასავლურ ბანკებში საკორესპონდენტო ანგარიშები გახსნან და შესაბამისად, სავალუტო ოპერაციები აწარმოონ.
წყარო: BBC