საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიული გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის და შექმნის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება, რომ პატარა ქვეყანამ საერთაშორისო სასამართლოში თავისი სიმართლე დაამტკიცოს.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მეორე დოკუმენტი აქვს ქვეყანას, რომელიც მეტად გაამყარებს ქართველების, საქართველოს, ქართული ჯარის, დაზარალებულებისა და სამოქალაქო პირების სიმართლეს.
„ჰააგის სასამართლოს პროკურორის, ქარიმ ხანის გადაწყვეტილება გახლავთ მართლაც ისტორიული საქართველოსთვის და არა მხოლოდ. რა თქმა უნდა, ის შექმნის მაგალითს, თუ როგორ შეიძლება, პატარა ქვეყანამ საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცოს თავისი სიმართლე. რა თქმა უნდა, უკვე ჩვენ ხელთ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს გახლავთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც საქართველომ რუსეთის ფედერაციას სამართლებრივი დავა მოუგო. ეს კი არის რიგით მეორე დოკუმენტი, რომელიც კიდევ მეტად გაამყარებს ქართველების, საქართველოს, ჩვენი ჯარის, დაზარალებულების, სამოქალაქო პირების სიმართლეს. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ყოფილ კოლეგებს, თითოეულ პროკურორს, გამომძიებელს, იუსტიციელებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პიროებებში, მუხლჩაუხრელად მუშაობდა, რათა დღეში ათეულობით მოწმე დაკითხულიყო. ვიხსენებ ასევე იმ პერიოდს, როდესაც 2015 წელს ბატონი ქარიმ ხანის წინამორბედი, პროკურორი ფატუ ბენსუდა ეწვია საქართველოს და დაგვპირდა, რომ სიმართლე იზეიმებდა. ეს გამოძიება ამით არ სრულდება, ეს არის დასაწყისი. პროცესი გრძელდება და რა თქმა უნდა, ჩვენი ძალოვანი უწყებები გააგრძელებენ იმ ძალიან კარგ თანამშრომლობას, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ ჰააგის პროკურორის ოფისთან 2013 წლიდან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამასთან, თეა წულუკიანის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროსა და ხელისუფლების მისამართით ისმოდა სპეკულაციები და ადანაშაულებდნენ, თითქოს სიმართლის დამტკიცების სურვილი არ ჰქონდათ. როგორც წულუკიანი ამბობს, „ეს სიმართლე დღეს სახეზეა და დოკუმენტურად განმტკიცების პროცესი გრძელდება“.
„მინდა, ასევე გამოვეხმაურო იმ სპეკულაციებს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი ისმოდა. ჩვენ გვადანაშაულებდნენ, თითქოს არ გვსურს, დავამტკიცოთ ქართული სიმართლე. ეს სიმართლე დღეს სახეზეა და ამ სიმართლის დოკუმენტურად განმტკიცების პროცესი გრძელდება. იცით, რომ ჰააგის სასამართლოს აქვს თავისი პენიტენციური სტრუქტურები და როგორც კი გამოცემული სამი დაკავების ორდერი აღსრულდება, ჩვენ უკვე ვიხილავთ აღსრულებულ მართლმსაჯულებას სახეზე. შემდეგ იქნება სასამართლო პროცესი მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე და აქაც ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ სიმართლით, ანუ მტკიცებულებებით შეიარაღებული. როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი ომის საქმეს არ იძიებდა, ამ საქმეს იძიებდა საქართველოს პროკურატურა და ჩვენ ვამზადებდით მტკიცებულებებს, რათა ჰააგაში პროკურორის ოფისი თუ მოისურვებდა ამ საქმის გადაბარებას, რაც მოგვიანებით ასეც მოხდა, ჩვენი მხარის პოზიციები ყოფილიყო მაქსიმალურად მტკიცებულებებით გამყარებული. დღევანდელი გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ ჩვენ წარმატებით გავუძეხით ამ პროცესს. მახსენდება, როდესაც ათასობით მოწმე დაიკითხა ძალიან მოკლე დროში, პრაქტიკულად რამდენიმე კვირაში და აქ ძალიან დიდი დამსახურება იყო მაშინდელი იუსტიციის სამინისტროს გუნდის, რომლის ხელმძღვანელობის პატივიც მე მქონდა და მახსოვს თითოეული პროკურორი, რომელიც დღე და ღამეს ათენებდა, რათა მტკიცებულებები შეეგროვებინა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე დაზარალებულების გადასახედიდან. თუკი დღეს ვინმე ამტკიცებს, რომ ეს მისი პირადი წარმატებაა ან ეს არის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის წარმატება, რბილად რომ ვთქვა, დასანანი იქნებოდა, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებები პირველ რიგში, დაზარალებულებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, რომელიც დღემდე ამტკიცებს და გააგრძელებს საერთაშორისო ასპარეზზე იმის ჩვენებას, რომ აგვისტოს ომში საქართველო იყო მართალი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე ჰააგის სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა სამი პირის მიმართ დაკავების ბრძანებები გამოსცა. პროკურორმა დაპატიმრების ორდერის გაცემა მოითხოვა შემდეგ პირებზე: მიხაილ მინძაევი 2005 წლიდან 2008 წლის ოქტომბრამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა მინისტრი“ იყო. გამლეტ გუჩმაზოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო, ხოლო დავიდ სანაკოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.