20-21 ივნისის საქმეზე კიდევ ერთი პოლიციელი დააკავეს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა, – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, შსს-ს თანამშრომელმა სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა.

გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად მიმართული ღონისძიებების განხორციელებისას, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, იარაღის გამოყენებით, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, კერძოდ, დაარღვია სპეციალური საშუალების გამოყენების კანონით განსაზღვრული წესი და ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენა აქციის ორ მონაწილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დაკავებულია იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს შუამდგომლობით დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 20-21 ივნისის აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს. მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა გამოძიების შედეგებს ეტაპობრივად აცნობებს საზოგადოებას“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„კარგია, რომ ამ გამოძიებაში სახალხო დამცველი ჩაერთო“ - ეკა გიგაური

ოთხ ივლ 17 , 2019
წაკითხვა: 52 გამოძიება მზად უნდა იყოს, რომელი თანამდებობის პირის ბრალეულობაც არ უნდა გამოიკვეთოს, ამ ბრალეულობისთვის მისი პასუხისმგებლობა დადგეს, – ეს განცხადება 20-21 ივნისის მოვლენებისას სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს წევრმა ეკა გიგაურმა გააკეთა. გიგაური მიესალმება იმ ფაქტს რომ გამოძიების პროცესში სახალხო დამცველია ჩართული. „ ძალიან კარგია, რომ ამ გამოძიებაში სახალხო დამცველი ჩაერთო. ცხადია, ის […]