სუსი – მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ მათი ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები

569 წაკითხვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინულ მხარეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები „მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით“.

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს.

„უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, საქართველოს სპეციალურ სამსახურებს აქვთ ფარული კავშირები რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდული ტვირთების გადატანის ორგანიზების მიზნით.

აღნიშნული ქმედება, საქართველოს კანონმდებლობით, წარმოადგენს სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ამ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ამგვარი დანაშაულის ნებისმიერ შესაძლო შემთხვევასთან დაკავშირებით.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციის გაცვლის მიზნით, გუშინვე შეხვდა საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს. შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების საფუძვლებით და მოითხოვა დეტალური ინფორმაციის გაზიარება საკითხთან დაკავშირებით.

შევახსენებთ უკრაინულ მხარეს, რომ ასეთი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა არაერთი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარ განზრახული დეზინფორმაციაა, წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Next Post

გვამი ხელს ამოძრავებს, თუ საქარე მინაზე ლაქაა? – კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიას უარყოფენ – მითების დეტექტორი

სამ აპრ 5 , 2022
569 წაკითხვაფოტო – მითების დეტექტორი “მითების დეტექტორი”, ავრცელებს მასალას სათაურით – “კრემლის პროპაგანდა და ქართული ფბ ანგარიშები ბუჩას ტრაგედიას უარყოფენ” 2 აპრილს, რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში, მასობრივ საფლავებში დამარხული 280-მდე გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ AFP-ს ქალაქის მერმა – ანატოლი ფედორუკმა განუცხადა. გარდა ამისა, AFP-ის  ჟურნალისტებმა ბუჩას ერთ-ერთ ქუჩაზე სამოქალაქო ტანსაცმელში მინიმუმ 20 ცხედარი ნახეს.  ბუჩას ქუჩებში ნაპოვნი ცხედრების ვიდეო […]