გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

1,595 წაკითხვა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე ბიზნესმენ გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების განცხადებით, საქმე ეხება საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებს და 24, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტს. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზ.გ.-ს მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

დღეს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ზ.გ.-ს უშუალოდ წარედგინება ბრალდება, ხოლო გ.უ.-ს მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება გასაცნობად წარედგინება მის ადვოკატს, რადგან გ.უ. თავად იმყოფება ძებნაში. საგამოძიებო უწყება სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში მიმართავს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009 წლის 9 ნოემბერს, გ.უ.-ს ორგანიზებით, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, ბიზნესმენი ე.ლ. ძალადობის გამოყენებითა და მუქარით მოიტაცეს რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი აფთიაქიდან, იძულებით მოათავსეს იქვე მყოფ ავტომანქანაში, აღუკვეთეს თავისუფლად გადაადგილების უფლება და მისივე ნების საწინააღმდეგოდ, გადაიყვანეს „ზაჰესში“ მდებარე საბაჟო ტერმინალში, სადაც გ.უ. და ზ.გ. იარაღის მუქარითა და სხვა უკანონო ზემოქმედებით მოითხოვდნენ მისგან ქონების დათმობას მათთვის სასურველ პირზე გადაფორმების გზით.

დანაშაულებრივი მიზნის მისაღწევად, გ.უ.-მ ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პრაქტიკულად თავისუფლებააღკვეთილ ე.ლ-ს. მასვე განუცხადა, რომ იყო იმჟამინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან დაახლოებული პირი და უკან არაფერზე დაიხევდა. მუქარისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად, ადგილზე მიიყვანეს შსს-ს მაღალჩინოსანი დ.ტ., წარუდგინეს შს მინისტრის მოადგილედ და მისი თანდასწრებით მოითხოვდნენ ქონების გადაფორმებას, რისთვისაც ადგილზე ასევე მიიყვანეს ნოტარიუსი. გ.უ.-ს და ზ.გ-ს დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად, ე.ლ-მ შპს ,,ბარდნალაში’’ მისი კუთვნილი 30%-იანი წილი (ნომინალური ღირებულებით 10280 ლარი) და მის პირად საკუთრებაში არსებული, ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი, (ფართობით 3998 კვ.მ) მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით (ღირებულებით 7000 ლარი), გადააფორმა მოქალაქე მ.ც.-ზე, ისე, რომ სანაცვლოდ თანხა არ მიუღია.

იმის გამო, რომ უძრავი ქონება საჯარო რეესტრში კვლავ ე.ლ.-ს სახელზე იყო აღრიცხული, 2009 წლის 15 დეკემბერს კვლავ დაუკავშირდა ზ.გ. და აიძულა ერთხელ უკვე მ.ც.-ზე გაყიდული უძრავი ქონების რ.ქ-ზე მიყიდვა. ე.ლ.-მ ეს მოთხოვნაც შეასრულა და ამჯერად რ.ქ-ს მიჰყიდა ცაგერის რაიონის სოფელ ჩქუმში მდებარე მიწის ნაკვეთი, (ფართობით 3998 კვ.მ) მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით ისე რომ, როგორც 11 ნოემბრის შემთხვევაში, თანხა არ მიუღია“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

გია უდესიანს ბრალი კუს ტბის წილების იძულების დათმობის საქმესთან დაკავშირებით აქვს წაყენებული. ამ საქმეზე მასთან ერთად ბრალდებულია სასჯელაღსრულების ნომერ მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე.

იმედი

Next Post

„მგონია, რომ გამოძიების შეწყვეტა უფრო მეტ კითხვას გააჩენს“ - ვოლსკი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

სამ ნოე 5 , 2019
1,595 წაკითხვა„მეც მგონია, რომ გამოძიების შეწყვეტა უფრო მეტ კითხვას გააჩენს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შესაძლო შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას. მისივე თქმით, გამოძიების შეწყვეტას სერიოზული დასაბუთება სჭირდება. „მეც ასე მგონია, რომ გამოძიების შეწყვეტა უფრო მეტ კითხვას გააჩენს. შეწყვეტა ერთია, მაგრამ ასეთი უთქმელი შეწყვეტა არ იქნება სწორი. საერთოდ გამოძიების […]