11 წლის, 14 წლის, 16 წლის…. ამ კონკრეტულ ციფრებს მნიშვნელობა არ აქვთ, უბრალოდ ომის შვილები, ჯერ კიდევ ბავშვები სასტიკი მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ.
საზარელ, თუმცა, რეალურ უმძიმეს ისტორიებზე უკრაინაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოლოგი ალაპარაკდა. ის საუბრობს კონკრეტულ ბავშვებზე, რომლებზეც პუტინის არმიამ იძალადა…
ვარაუდობენ, რომ ომის დასრულების შემდეგ, უკრაინაში მრავალი ორსული მოზარდი იქნება, ისინი პედოფილიის მსხვერპლნი გახდნენ…
ზოგიერთი მათგანი ორსულადაა, ზოგს მუცელი მოეშალა, არის პატარა ბიჭი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დედის გაუპატიურების მოწმე გახადეს – აყურებინეს, როგორ აუპატიურებდნენ დედას შვილის თვალწინ…
“რუს სამხედროებს განსაკუთრებულ სიამოვნებას საჯაროდ გაუპატიურება ანიჭებთ” – ამ დასკვნას უკრაინაში, სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალთა ფსიქოლოგი აკეთებს.
“წუხელ, ერთმა გოგომ დამირეკა. ტიროდა, ყვიროდა და ამბობდა, რომ დამნაშავე იყო. დედისთვის ყვავილების შეგროვება სურდა და ამიტომ გარეთ გავიდა, თუმცა დედამ უთხრა, რომ ეს არ გაეკეთებინა. ყვავილების დასაკრეფად გავიდა და კაცები შეხვდნენ. იცის მხოლოდ ის, რომ ისინი მას ყველა ადგილზე ეხებოდა, სხვა არაფერი ახსოვს.
დედამ ის ეზოში, უგონო მდგომარეობაში იპოვა. ჩვენ ჯერ არ ვიცით, იქ რეალურად რა მოხდა, მაგრამ გოგონა თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან დედისთვის ყვავილების საკრეფად გავიდა.
ასევე ვმუშაობ 14 წლის გოგონასთან, რომელიც ხუთმა კაცმა გააუპატიურა და ახლა ორსულადაა. ექიმებმა თქვეს, რომ სამედიცინო აბორტმა შეიძლება შვილის გაჩენის უნარი დააკარგვინოს. ამიტომ, სავარაუდოდ, ის ბავშვს შეინარჩუნებს.
14, 15, 16 წლის გოგოებს ხშირად აუპატიურებენ – ომის შემდეგ ბევრი ორსული მოზარდი გვეყოლება.
ვმუშაობ 16 წლის გოგონასთან, რომელიც ორსულად იყო. სამმა კაცმა გააუპატიურა, მერე კი მუცელი მოეშალა. ასევე, ჩვენი პაციენტია 11 წლის ბიჭი, რომლის დედა მის თვალწინ გააპუატიურეს. მოზარდი სკამზე მიაბეს, რათა დედის გაუპატიურების შემზარავი კადრები ენახა.
ეს საქმეები უკრაინის ომბუდსმენმა უკვე გააჟღერა, ჩვენ მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით.
ხშირად მეკითხებიან, რატომ უნდა იქცევიან ასე? ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას იღებენ, კიდევ უფრო მეტ ძალას გრძნობენ. ეს ისეთი სადიზმი და გარყვნილებაა, რომელსაც დიდი სიამოვნება მოაქვს.
თვითმხილველების გადმოცემით, რუს სამხედროებს უყვართ, როდესაც ვინმეს სახალხოდ აუპატიურებენ. ერთ 20 წლის გოგოს სამი მათგანი პირდაპირ ქუჩაში აუპატიურებდა. სახლიდან გოგონას დედა გამოვარდნილა შვილის დასახმარებლად, თუმცა შვილს დაუყვირია, – „შინ დარჩი, ხელი არ გახლონ, გავუძლებ როგორმე“.
გუშინწინ, მართლა ბოლო მომიღო ამ ისტორიამ. ჯგუფურად, მორიგეობით აუპატიურებდნენ ოჯახის ყველაზე უმცროს ქალიშვილს. ის 19 წლისაა, უფროსი და კი 21-ის. უფროსი და დაჩოქილი ეხვეწებოდა სამხედროებს, დის ნაცვლად წაეყვანათ, თუმცა ის რუსმა სამხედრომ გააჩერა და უთხრა, – „არა, შენ უყურებ… და გადაეცი სხვებსაც, რომ ასე მოუვა ნაცისტების ყველა ბოზს“.
უმცროსს უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა. იქ ექიმი არ იყო, ამიტომ დამ დაუმუშავა ჭრილობები და თან ფიქრობდა: რატომ მე არა? უმცროსი, რომელიც გააუპატიურეს, ჯერ ვერც კი ლაპარაკობს – მუდმივად აღებინებს.
ძალადობის მსხვერპლები ძირითადად ღამით რეკავენ, როდესაც ძალადობაგამოვლილებს საზარელი სიზმრები აღვიძებთ. ესმით აფეთქების ხმა, რომელიც არ არსებობს. იწყებენ ყვირილს. მათი მშობლები ან ახლობლები გვირეკავენ.
ამ ომში ბევრი ჯგუფური გაუპატიურებაა, ერთისგან გაუპატიურება ჯერ არ გაგვიგია.
“ომის დროს სექსუალური დანაშაულების რიცხვი ყოველთვის იზრდება. ჯერ არ არის შესაძლებელი უკრაინის ომის დროს გაუპატიურების მსხვერპლ ქალთა რაოდენობის დადგენა: ოფიციალურად აღძრული მხოლოდ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა და გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, თუ ლტოლვილებთან და მსხვერპლებთან მომუშავე მოხალისეების ანგარიშებით ვიმსჯელებთ, ათობით, თუ არა, ასობით ასეთი შემთხვევაა.
“ერთმა გოგონამ მითხრა, რომ კაცებს აღარასოდეს შეიყვარებს” – ფსიქოანალიტიკოსი ალექსანდრა კვიტკო.
“ყირიმში, შავი ზღვის ტელე-რადიო კომპანიის მთავარი რედაქტორი ვიყავი. როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა, კიევში გადავედი, ტყუპები გავაჩინე. იძულებით გადაადგილებამ და დედობის სირთულეებმა მაიძულა ფსიქოანალიტიკოსისთვის მიმემართა. ამან მიბიძგა ფსიქოლოგია მესწავლა და ხალხს დავხმარებოდი.
დევნილობა, ომი და საკუთარი სახლის მიტოვება, ეს ფსიქოლოგისთვის თეორიული ინფორმაცია არ არის… მან საკუთარ ტყავზე ყირიმის ანექსია გამოცადა…
“დარწმუნებული ვიყავი, რომ ორ კვირაში ყველაფერი დამთავრდებოდა. მაგრამ ოკუპაციის ეს ორი კვირა რვა წელია გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში სახლში არ ვყოფილვარ. როცა 24 თებერვალი გათენდა გაირკვა, რომ ისევ ყველაფრის მიტოვება მჭირდებოდა, დიდი ხნის განმავლობაში ამას ვეწინააღმდეგებოდი. მეორე გაქცევა უფრო რთულია, ვიდრე – პირველი, მაგრამ ფანჯრის მიღმა უსაფრთხოების სირენების ხმა და აფეთქებები მაიძულებდა – ორი შვილი მყავს, მათ ფსიქიკას გადარჩენა სჭირდებოდა.
ჟურნალისტური კარიერის იძულებით დასრულების შემდეგ გადავწყვიტე, ფსიქოლოგი გავმხდარიყავი და ომის შედეგად დაზარალებულ ადამიანებთან მემუშავა. ამ წლების განმავლობაში ვმუშაობ სამხედროებთან, რომლებიც გადარჩნენ ATO-ს (უკრაინაში დონბასში შეიარაღებულ კონფლიქტს ანტიტერორისტულ ოპერაციას ასე უწოდებენ). ბევრი მათგანი ვერ უმკლავდება იმას, რაც განიცადა და ვეტერანებისთვის სპეციალური განყოფილება კიევის ყველაზე დიდ ფსიქიატრიულ კლინიკაში აშენდა.
განსხვავება ომის ახალ ეტაპს შორის, რომელიც 24 თებერვალს დაიწყო, არის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შეუდარებლად დიდი რაოდენობა.
ჩვენ შევქმენით ცხელი ხაზი, რომელზედაც მამაკაცები, ქალები და ბავშვები რეკავენ, გაუპატიურების შემთხვევებზე ვმუშაობ. გვიკავშირდებიან ბუჩადან, ირპენიდან, კიევის ოლქიდან.” – ამბობს ფსიქოლოგი.
პრაიმტაიმი