საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა, სადაც გამავრცელებლების მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის და რუსული კომპანია Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარია ასახული.
მისი თქმით, ის ცრუ აჟიოტაჟი, რომელიც ამ თემაზეა ამტყდარი მანიშნებელია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხავსს ეჭიდება.
მან სპეციალურ ბრიფინგზე დავით ხიდაშელიც ახსენა და მას დღეს გაკეთებული განცხადების გამო, მადლობა გადაუხადა:
“ეს ყველაფერი, რა აჟიოტაჟიც არის ამტყდარი ამ ვითომ რეალურ ჩანაწერთან დაკავშირებით, ეს გულისხმობს იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხავსს ეჭიდება და ცდილობს წარმოაჩინოს საქართველო, მისი ხალხი და ამ ქვეყნის მთავრობა, რომ თითქოს ეს მთავრობა არის ხელშემწყობი უკრაინის მიმართ გარკვეული ნეგატიური პროცესების. სინამდვილეში ჩვენ ვნახეთ, რომ დავით ხიდაშელი არის ამ ურთიერთობების მონაწილე ბატონ ევტუშენკოსთან და შუამავლობდა იმისთვის, რომ მოცემული ბიზნესმენი მისივე გავლით, საქართველოში დაკავშირებულიყო სხვადასხვა წრეებს. ბატონმა დავითმა დღეს განცხადებაც გაავრცელა და მადლობა მას ამისთვის, რამაც სინათლე შეიტანა ფაქტებში. ის ამბობს, რომ ეს შეხვედრა პრემიერთან არ შემდგარა და მოცემული ბიზნესმენი ბიზნეს წრეებთან გადამისამართდა. ამის ფონზე ამტყდარია ცრუ აჟიოტაჟი არაფრის გამო,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.