საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს რეალიზაცია და მიწოდება იკრძალება.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ნაწარმის რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფასოებულია ნეტო-მასით 50 ან 100-გრამიან პირველად საფუთავებში. აღნიშნული წესით დაფასოებული თამბაქო უნდა იყოს დადგენილი წესით აქციზური მარკით ნიშანდებული.
თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფსა/ბლოკსა და თითოეულ შეფუთვაზე, განთავსებული უნდა იყოს სამედიცინო გაფრთხილება და დაცული უნდა იყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ასევე, 21 ნოემბრიდან, აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისათვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაცია.