რასაკვირველია, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის საკითხი პოზიტიურად არ განვიხილეთ – ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ხალხმა ხელისუფლებაზე უნდა გაიმარჯვოს და მხედველობაში არ იღებს, რა გააკეთა ხელისუფლებამ ამ პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იქნებოდა, – ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს ზელენსკი უნდა მოეწვია.
ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ ზურაბიშვილის განცხადების არსი, რომ ხელისუფლებამ უკრაინის მიმართ რაიმე შეცდომა დაუშვა, მისსავე განცხადებას ეწინააღმდეგება, როცა სულ ახლახან აღნიშნა, რომ საქართველოს უკრაინის დასახმარებლად ყველა რესურსი გამოყენებული აქვს.
„თუკი ამბობ, რომ საქართველოს პარლამენტში ზელენსკის გამოსვლა უნდა დაგვეშვა, მან და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჯერ ერთი, ზელენსკის ასეთი თხოვნით არ მოუმართავს და მეორეც, მან საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა. იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში მდგომარეობა რთულია, ჩვენ მათთვის არც პოლიტიკური, არც ჰუმანიტარული და არც ადამიანური მხარდაჭერა არ დაგვიკლია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.