მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, უზრუნველყოს საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება.
როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას.
„დღეს სახალხო მოძრაობა #შინევროპისკენ გამართავს სტუდენტებთან შეხვედრას. საჯარო დისკუსიას შოთა დიღმელაშვილი და გიორგი ქადაგიძე გაუღძღვებიან. მისამართი: დედაენის პარკი, 16:00 საათი. აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნება” მიზანმიმართულად ცდილობს #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლას. რეგიონებში ხელისუფლების პარტიული აქტივი სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდება მოძრაობის წევრებს, რათა შეიქმნას სურათი, თითქოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ორი დაპირისპირებული ჯგუფი არსებობს, რაც სიყალბეა. საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება ქვეყნის ევროპულ მომავალზე, ეს ფაქტი მართული პროცესებით ვერ გადაიფარება.
ჩვენი კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მშვიდობიანია და გამორიცხავს ძალადობის ელემენტებს. მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყონ საჯარო დისკუსიაში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება“, – ნათქვამია განცხადებაში.