ლევან ვასაძესა და გურამ ფალავანდიშვილს – რას დარბიხართ ქუჩებში ჯვრებით და კომბლებით?

2,405 წაკითხვა

ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია, სოციალური ქსელით გუშინ, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

„ზნეობისთვის მებრძოლთა საყმაწვილო სენი
(ბატონებს – ლევან ვასაძესა და გურამ ფალავანდიშვილს)

ბატონებო, თქვენ იმიტომ მოგმარავთ, რომ იმ მეორე მხარეს ყველაფერი გარკვეულია. ისინი ცხოვრობენ ისე, როგორც სურთ, რომ იცხოვრონ. ლოგიკაც მათ მხარესაა და კანონებიც, კონსტიტუციაც მათ იცავს და სახელმწიფოებრივი სისტემაც.

მე თქვენი ვერ გამიგია, თქვენ რა გინდათ და რას დარბიხართ ქუჩებში ჯვრებით, ქამრებით და კომბლებით?
გაუგებარია, ვის ებრძვით და რას ებრძვით, ისევე როგორც გაუგებარია თუ ვის იცავთ და რას იცავთ.
რაო, საზოგადოებას იცავთ, საზოგადოებრივ მორალსა და სიწმინდეებს იცავთ?

კარგით რა, ნუ გვაცინებთ!

თქვენ მკითხავთ, ასე მკვახედ რატომ გველაპარაკებიო?
ახლავე აგიხსნით:

დემოკრატია ყველას სიტყვის, ყველას აზრისა და გამოხატვის თავისუფლებას ნიშნავს. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ მამათმავლობა და სხვა სექსუალური უკუღმართობები მიუღებელიაო, თქვენ ამის უფლება გაქვთ, მაგრამ სხვებსაც აქვთ უფლება ამტკიცონ, რომ ეს ყველაფერი დასაშვებია. თქვენ გაქვთ უფლება, რომ დაწეროთ მოთხრობები და რომანები ქალისა და მამაკაცის სიყვარულზე, გადაიღოთ ფილმები, დადგათ სპექტაკლები ჰეტეროწყვილებზე და ა.შ. მაგრამ მათაც აქვთ უფლება თავისებურად უმღერონ გეებსა და ლესბოსელებს, ბისექსუალებსა და ტრანსგენდერებს…
ესაა დასავლური, კაპიტალისტური დემოკრატია!

და როგორც მათ არა აქვთ უფლება შევარდნენ კინოთეატრში, სადაც “რომეო და ჯულიეტა”, “ტრისტანი და იზოლდა”, ან “აბესალომ და ეთერი” გადის და ჩაშალონ ფილმის დემონსტრაცია, ასევე თქვენ არა გაქვთ უფლება კინოთეატრებში ჩაშალოთ დემონსტრაცია ფილმისა, თუნდაც მას “და ჩვენ ვიცეკვებთ” ერქვას და საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელ ცხოვრების წესს ქადაგებდეს.

– ზნეობა, ადათი, ტრადიცია, ღმერთისგან ბოძებული და საუკუნეებში გამოტარებული შეხედულებები რომ დავიცვათ, ამის უფლება არა გვაქვს? – შემეკითხებით თქვენ და თვალწინ თქვენი გაკვირვებული სახეები მიდგას.

რამდენიც არ უნდა იტკიცოთ და როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, არა გაქვთ ზნეობის დაცვის უფლება, როცა ზნეობის დაცვა სხვას ეხება. კანონით არ გაქვთ.
აი, ესაა ბურჟუაზიული გაგება დემოკრატიისა!

დასავლურ დემოკრატიას ასეთი კანონები აქვს და როდესაც თქვენ ამ კანონების კონკრეტულ გამოვლენას ებრძვით, უნდა გესმოდეთ, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში, თქვენ ებრძვით – დ ე მ ო კ რ ა ტ ი ა ს!

ხედავთ, რა ცუდად შემოტრიალდა საქმე?!

ჯერ სადა ხართ, უარესი გელოდებათ:

არ შეიძლება დემოკრატიას ფიცულობდე და დემოკრატიულ წესებს უპირისპირდებოდე!
თქვენ სინამდვილეში დემოკრატიას ებრძვით, მაგრამ ამაში ხალხს კი არა, საკუთარ თავსაც ვერ გამოუტყდებით.
მეტიც:
თქვენ ამერიკასა და ევროპას ებრძვით, დასავლურ ცხოვრების წესს ებრძვით, მაგრამ ამასაც ვერ გაუმხელთ თუნდაც საკუთარ თავს.
კიდევ უფრო მეტი:
თქვენ, სინამდვილეში, რუსეთის მიდგომების მომხრეები ხართ, მაგრამ ეს თქვენ როგორ წამოგცდებათ, მე რომ ვთქვი, იმაზეც გაბრაზდებით, ცხადია, მაგრამ მე არც აქ გავჩერდები და…
გაცილებით მეტს გეტყვით:
მერე რა რომ ეს გაცნობიერებული არა გაქვთ, თქვენ, სინამდვილეში, კ ო მ უ ნ ი ს ტ ე ბ ი ხართ!

იცით, რატომ?
მხოლოდ კომუნისტურმა სისტემამ შეიძლება რეალურად იზრუნოს საზოგადოების მორალურ სიჯანსაღეზე. მხოლოდ კომუნისტურ საზოგადოებას შეუძლია დააწესოს ცენზურა, ანუ აკრძალოს სიტყვა, რომელიც საზიანოა საზოგადოებისთვის. ეს რთული საკითხია და ამაზე მსჯელობას აქ არ გავაგრძელებ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ კაპიტალისტურ სისტემას საზოგადოებრივი ზნეობისთვის ზრუნვა არ შეუძლია, მას საზოგადოების მხოლოდ დეგრადაციისთვის ზრუნვა შეუძლია.

თქვენ თუ მორალურად ჯანსაღი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად იბრძვით, მაშინ იმ სისტემას (კაპიტალიზმს) უნდა დაუპირისპირდეთ, რომელიც უზნეობას შობს და შემდეგ აკანონებს მას. ამისთვის კი ერთად-ერთი გზა არსებობს, ხელში წითელი დროშები უნდა დაიკავოთ და სოციალისტური ლოზუნგებითა და პროგრამით გამოხვიდეთ.

ასეთ შემთხვევაში, თქვენ ისეთი უმწეოები (სასაცილოებიც კი) არ გამოჩნდებით, როგორებიც აქამდე ჩანხართ, პირიქით, იმ სერიოზულ პოლიტიკურ ძალად წარმოჩინდებით, რომელსაც, მართალია, დიდი ბრძოლების გადატანის შემდეგ, მაგრამ მომავალი გააჩნია. მხოლოდ მაშინ შეძლებთ იმ კანონების მიღებას, რომელიც საზოგადოების გარყვნას აკრძალავს და მხოლოდ ეს იქნება საზოგადოებრივი ზნეობისთვის რეალური ზრუნვა.

ასეთ შემთხვევაში მე დიდი სიამოვნებით დავდგებოდი თქვენთან ერთად და ჩვენ ყოველდღიურად გავძლიერდებოდით, მაგრამ თქვენ ჯერ დასავლეთის, დემოკრატიისა და კაპიტალიზმის “საყმაწვილო სენი” გაქვთ მოსახდელი. ვიდრე ამ სენს არ მოიხდით, ვიდრე ავადმყოფობის ნაცვლად ავადმყოფობის სიმპტომთან გამართავთ დონ-კიხოტურ ლაშქრობას, თქვენდა სამწუხაროდ და ჩვენდა სამწუხაროდაც, მუდმივად დამრცხებული დარჩებით“…

პატივისცემით,
ვალერი კვარაცხელია

Next Post

რას წერს სკანდალური ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი - „ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან ამაყი ვარ ამ ადამიანით“

შაბ ნოე 9 , 2019
2,405 წაკითხვაქართულ-შვედური ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის ერთ-ერთი შემსრულებელი ბაჩი ვალიშვილი სოციალურ ქსელში მის პარტნრიორ ლევან გელბახიანს მე-5 ჯილდოს ულოცავს, რომელიც მინსკში გამართულ ფესტივალზე აიღო, თუმცა კომენტარი არ გაუკეთებია დღის განნმავლობაში ფილმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. „ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან ამაყი ვარ ამ ადამიანით, რომელიც მართლა ყველა ჯილდოს იმსახურებს სამყაროში! ლევან გელბახიანმა მინსკში საუკეთესო მამაკაცი მსახიობია ჯილდო მიიღო! მიხარიხარ ბრო(ძმაო) […]

შესაძლოა მოგეწონოთ