ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – ამ ძალებისგან ყველაფერი, ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი – ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, იყვნენ მაქსიმალურად ფხიზლად და ფრთხილად

941 წაკითხვა

ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანია საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში. ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ლელოს” მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე სავიზო რეჟიმის დაწესების ინიციატივას.

კობახიძის განცხადებით, მათგან, ვინც სავიზო რეჟიმის შემოღებას უჭერენ მხარს, ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი. „ქართული ოცნების“ ლიდერი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, ფხიზლად და ფრთხილად იყვნენ, რათა ინციდენტები არ იყოს დაშვებული.

„ვიზების შემოღების მოთხოვნის უკან დგას ერთადერთი მიზანი, ეს მიზანია საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში. ქსენოფობიური კამპანია მთლიანად ამ მიზანს ემსახურება. პირდაპირი გზით მათ ვერ მოახერხეს ამის უზრუნველყოფა, ამიტომ ახლა ცდილობენ ირიბი გზით გააღვივონ აგრესია საზოგადოებაში და საბოლოო ჯამში, ამით მიიყვანონ ქვეყანა ომამდე. ჩვენ ბუნებრივია, ამას არ დავუშვებთ.

ორმაგ სტანდარტებზეც უნდა ითქვას ორი სიტყვა, ამ ადამიანებმა 2010 წელს, შემდეგ 2012 წლის დასაწყისში რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღეს. გახსოვთ საზღვარზე ჩასული მიხეილ სააკაშვილი, როგორ ამაყობდა მზარდი ნაკადით და ეს არიან ადამიანები, რომლებიც დღეს აღვივებენ ქსენოფობიურ კამპანიას. შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს ომიდან გასული იყო არასრული 3 წელიწადი, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა. ასეთ დროს მათ შემოიღეს უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომელიც დღემდე მოქმედებს. დღეს იგივე პოლიტიკური ძალა ცდილობს გააღვივოს საპირისპირო კამპანია. ამ ქსენოფობიურ კამპანიას ერთადერთი მიზანი აქვს – საქართველო ჩართონ სამხედრო კონფლიქტში, რასაც ვერ მიაღწევენ.

ჩვენ ვხედავთ რა პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს საქმე, შესაბამისად, ამ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანას უბიძგოს ომისკენ, ყველაფერია მოსალოდნელი. ნებისმიერი პროვოკაციაა მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ იყვნენ მაქსიმალურად ფხიზლად და ფრთხილად იმისათვის, რომ არავითარი აგრესია და ინციდენტები არ იყოს დაშვებული. რისკები არის, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, „საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის“ და ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშნელოვანი მიმართულებაა.

„ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და უამრავი „ფეიკი“ ვრცელდება ამ კუთხითაც. კერძოდ, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ დღეს საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10%, რაც არის სრული ტყუილი. რეალურად რომ ავიღოთ მონაცემები, 1%-იც არ იქნება. ჯამში, რაც შემოვიდა თავის გასულებიანად, არის 242 000 ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზე არის დაფუძნებული.

შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებზე და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ შეზღუდვები და სანქციები დავაწესოთ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და ჩვენ ამაზე მკაცრი პასუხი გვექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა რუსეთის ეკონომიკაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ არცერთ დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირდაპირ იყო ჩართული ომის რიტორიკაში და კამპანიაში. მათი მიზნები ნათელია და სწორედ ამიტომ არიან ისინი ჩართული ქსეონოფობიურ კამპანიაშიც. მათი მიზანი არის ერთადერთი – როგორმე ხელი შეუწყონ ომის ვითარების გაღვივებას, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ასეთ ქმედებებზე გვექნება ძალიან მკაცრი პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ipn

Next Post

გიორგი ლაღიძე - „ჩვენ, ვერასდროს დავუძახებთ მტერს მოყვარეს და არ გავხდებით მათი მონები, ეს ჩვენს ჯიშში და გენშია“

ორშ აგვ 8 , 2022
941 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში წერს: ქართველ ხალხს ყოველთვის ემახსოვრება 2008წლის 8 აგვისტო,ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და ვერასდროს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას, ვერასდროს დავუძახებთ მტერს მოყვარეს და არ გავხდებით მათი მონები, ეს ჩვენს ჯიშში და გენშია, დიდება გმირებს, დიდება საქართველოს, რუსეთი მტერი და ოკუპანტია!

შესაძლოა მოგეწონოთ