შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

პარლამენტში გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას ოპოზიციაც მხარს დაუჭერს.

„მიმდინარე წლის 20 სექტემბერს უფლებამოსილების ვადა ეწურება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედ გენერალურ აუდიტორს. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი მექვაბიშვილს გაწეული საქმიანობისთვის. გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მისი საქმიანობის პერიოდში სახელმწიფო აუდიტის სამსახური განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.

დღეს, ყველა ობიექტური კვლევით, აუდიტის სამსახური უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს. კერძოდ, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის მიერ 2022 წელს განხორციელებული ერთობლივი შეფასებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მაქსიმალური 4 ქულიდან 3,4 ქულა მიიღო. ხოლო, მსოფლიო ბანკის დამოუკიდებლობის ინდექსის მიხედვით საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მაქსიმალური 10 ქულიდან 9,5 ქულით არის შეფასებული. ამ შედეგებისთვის მინდა ბატონ ირაკლი მექვაბიშვილს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყველა თანამშრომელს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.

როგორც იცით, საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასახელება წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, და ამ უფლებამოსილების ფარგლებში პარლამენტს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარვუდგენ ბატონი ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას.

ბატონი ცოტნე წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში. ის არის მაგალითი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელისა, რომელმაც 15 წლის განმავლობაში რიგითი სპეციალისტიდან მინისტრის მოადგილეობამდე საჯარო სამსახურის ყველა საფეხური გაიარა. მინისტრის მოადგილის რანგში მისი ზედამხედველობის ქვეშ იყო აუდიტორული საქმიანობები და ის სიღრმისეულად იცნობს ამ სფეროს. 2013 წლიდან ის ამავდროულად გახლავთ სახელმწიფო ხაზინის უფროსი. ამასთან, ბატონ ცოტნეს აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და საფინანსო სტრუქტურებთან ურთიერთობის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება პარლამენტის და მის თითოეულ წევრს სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მართლზომიერებაზე და ეფექტიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებაში. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც ჩამოყალიბდა პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის, იმავე ინტენსივობით გაგრძელდეს.

კენჭისყრა გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით გაიმართება მომავალ კვირას. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონ ცოტნეს ექნება საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის სამსახური პარლამენტის ყველა წევრისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, იმედს ვიტოვებ, რომ ოპოზიციონერი კოლეგებიც მხარს დაუჭერენ ახალ გენერალურ აუდიტორს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ჯერ კიდევ მოქმედ გენერალურ აუდიტორს ირაკლი მექვაბიშვილს, რომელიც პარლამენტმა აღნიშნულ თანამდებობაზე 2017 წელს აირჩია, უფლებამოსილების 5 წლიანი ვადა 20 სექტემბერს ეწურება.

რეგლამენტის გათვალისწინებით, გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს და მას პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 76-ხმიანი კვორუმით ირჩევს.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *