აირია ვითარება ისედაც პერმანენტულად არეულ საქართველოში. უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, არ ცხრება ყაყანი ყბადაღებული “მეორე ფრონტის” შესახებ.
ფაქტია, რომ საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორის” ოფიციოზის არც ერთ წარმომადგენელს, განსხვავებით უკრაინის ოფიციოზისგან, არასოდეს უთქვამთ პირდაპირ ან ირიბად „მეორე ფრონტის” გახსნის აუცილებლობის შესახებ. თუმცა “გადამდგარი” ამერიკელი ჩინოვნიკები, რომლებიც “ექსპერტებად” და ლობისტებად გვევლინებიან, პირდაპირ მოითხოვენ, რომ საქართველო ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებს შეუერთდეს. ეს კი, შესაძლოა, ბოლო ნაბიჯი აღმოჩნდეს “მეორე ფრონტის” გახსნამდე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ეკონომიკურ ზარალზე, რაც სანქციებთან მიერთებით, თავად საქართველოს ელის.
ივანიშვილის მიერ დარაზმული უცნაური სადეპუტატო “კვარტეტი”, რომელიც აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის “მხილებითაა” დაკავებული, ხანდახან უფრო შორს მიდის და მთლიანად ამერიკისა და კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკასაც “ამხელს”, რომელიც საქართველოს გამოყენებას ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ.
მეღიმება, როდესაც ამ “კვარტეტში” ანტირუსული იდეოლოგიით მოწამლულ სოზარ სუბარს ვხედავ, რომელიც, ვინაიდან ბიძინას ასე დასჭირდა თავისი საქმისთვის და ასე ბრძანაო, ახლა ანტიდასავლურ განცხადებებზე ხელს აწერს.
მეღიმება, როდესაც ვისმენ ირაკლი კობახიძის ანტიდასავლურ განცხადებებს – იმ კობახიძისას, რომელიც რამდენიმე წლის წინ ფილარმონიაში შეკრებილი საზოგადოების ნაწილს გაეჭიმა და მათ აგდებით “რუსეთუმეები” უწოდა. ახლა თავად ხომ არ გახდა “რუსეთუმე”?
მეღიმება, როდესაც უტიფარ ელენე ხოშტარიას ვერც უშიშროება, ვერც საგადასახადო ორგანოები უფრენენ ბუზს, ვერ უბედავენ, ერთი დაკითხვა მაინც მოუწყონ მარიინსკი თეატრის გულუხვ შემოწირულობებთან დაკავშირებით; ის კი აგრძელებს თავის პროვოკაციულ საქმიანობას და რუსეთის სპეცსამსახურების ბნელი ნაწილის დღის წესრიგის განხორციელებას – არა და არ შედგეს საქართველოსა და რუსეთს შორის შინაარსიანი, პერსპექტიული დიალოგი…
მოკლედ, მე კი მეღიმება, მაგრამ არც ასე გაღიმებული მინდა, რომ დავრჩე. თუმცა თავს იქით ძალა არ არის. ამ მაიმუნების, მედროვეებისა და მე*კეების ხელში კვდება საქართველო – საქართველო, რომლის სასიცოცხლო ინტერესები არ არის გარკვეული, პოპულისტური და არაფრის მთქმელი, ამავე დროს, მიუღწეველი “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის” გარდა.
თუნდაც ეს იყოს მთავარი მიზანი, როგორ გინდათ მისი მიღწევა, პატივცემულო საზოგადოებავ? რამდენიმე ომი წავაგეთ, ყოველ ჯერზე უფრო მძიმე შედეგით. ახლა ირკვევა, რომ ახალი ომის თავი არ გვაქვს და არც გვექნება (მარტო რუსეთის სახელის ისე გეშინიათ ყველას – ვითომ-პრორუსებსაც და ავადმყოფ რუსოფობებსაც); მოლაპარაკებები რუსეთთან თქვენ არ გინდათ და არც მაგის შნო და კვალიფიკაცია გაქვთ; აბა როგორ, რა გზით გინდათ “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა”? აგერ აზერბაიჯანმა თავში ჩაგვარტყა და დავით გარეჯის ის ნაწილებიც მიიტაცა (მშვიდობიანად, მაგრამ სამხედროების ჩაყენებით), რომელსაც მანამდე არასოდეს აკონტროლებდა. ამაზე რას იტყვით – ეს არ არის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა?! ქოცებო, სად არის “ბიზნესმენისა და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის”, პატივცემული ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკა? მუზეუმში გააკარით თუ დუქანში?
მოკლედ, ბევრი კითხვა ჩნდება, თემიდან თემაზე გადასვლა თითქმის უსასრულოდ შეიძლება – ისე გაქვთ არეული ქვეყანა, რომ ან ტომები უნდა დაიწეროს ამაზე ან ასე უსისტემოდ, არეულად უნდა ვილაპარაკო მეც. თუმცა, გამგები გაიგებს, ერთი-ორი კაცი მაინც. ჩემთვის ესეც საკმარისია.
გულბაათ რცხილაძე