პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლაზე ოპონენტების განცხადებები „უსუსურ გაბრძოლებას“ ჰგავს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში ზუსტი შეფასებები იყო.
„ზუსტი შეფასებები გავიგონეთ, რომელიც მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს ეხება, არამარტო რეგიონისთვის, საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის საგანგებო საკითხია რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში და მიმდინარე საომარი მოქმედებებით საფრთხე შეექმნა მთელ მსოფლიოს, ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველოსთვის ეს არის უდიდესი გამოწვევა. გარდა ამისა, იყო გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისთვის, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ ის პირობა, რასაც ჰქვია მშვიდობიანი მოგვარება, დღის წესრიგში გვექნება მუდმივად. საკვანძო იყო ასევე საქართველოს პოზიციონირება მთელ მსოფლიოსთან ერთად, მსოფლიოს ინტერესების გათვალისწინებით, სტაბილურობის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო როგორც ალტერნატიული ენერგოდერეფანი, ალტერნატიული სატრანზიტო დერეფანი დამაკავშირებელი აზიისა ევროპასთან, არის საგანგებო მნიშვნელობის და ახლა ყველამ – არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, უნდა გაითვალისწინოს, რომ სტაბილური საქართველოა საჭირო ასეთი გამოწვევების წინაშე მდგარი მსოფლიოსთვის, ეს იყო საკვანძო საკითხები.
რაც შეეხება ოპონენტების გამონათქვამს, რომ 12 მუხლი არ სრულდება და სულ სხვა რეალობა გვაქვს,არათუ არასწორია და უსაფუძვლოა, არამედ უსუსურ გაბრძოლებას ჰგავს იმ ფონზე, როცა ყველა საკითხს გაეცა პასუხი და ყველა მიმართულებით პროექტებია მომზადებული,”- განაცხადა ვოლსკიმ.