ბოლო დროს გავრცელებული განცხადებები საქართველოსთვის თავდაცვის აღჭურვილობის გადაცემის შეთავაზებასთან დაკავშირებით სავსეა უზუსტობებით და რეალურად არასწორია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აშშ-მა საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც მთავრობამ უარი თქვა.
„მთელ მსოფლიოში მოვუწოდებთ პარტნიორებს და მოკავშირეებს, შეძლებისდაგვარად გააკეთონ ყველაფერი უკრაინის დასახმარებლად პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ, რადგან უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისთვის, იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და მისი, როგორც ერის თავისუფლებისთვის. თავიდანვე გარკვევით განვაცხადეთ, რომ თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, რისი გაკეთება შეეძლო საქართველოს დასახმარებლად. ჩვენ ასევე ცხადად ვამბობდით, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ არასდროს გვითქვამს საქართველოსთვის გაეხსნა მეორე ფრონტი, არასდროს მოგვიხდენია ზეწოლა საქართველოზე, რომ ჩართულიყო ამ ომში. აშშ-ის არ სურს, საქართველოს, ან რომელიმე სხვა ქვეყნის ამ ომში ჩართვა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ომი შეჩერდეს რაც შეიძლება სწრაფად, რომ შევძლოთ რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის აღდგენა. სწორედ ამისთვის მუშაობს აშშ-ი, მშვიდობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
შეგახსენებთ, რომ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მხარეს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი შესთავაზა.