ძალიან მშვიდად უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოწვევაც გვაქვს, ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით გონიერება გვჭირდება, ემოციების ნაკლებობა, მეტი მუშაობა, მეტი ეკონომიკური განვითარება, მეტი კეთილდღეობა, მეტი სიყვარული, სიხარული, პოზიტივი , – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ქვეყანა ძალიან მტკიცედ მიუყვება არჩეულ მშვიდობიან პოლიტიკას.
„ ჩვენ ძალიან საინტერესო დისკუსიები გვქონდა პრაღში, 44 ქვეყნის ლიდერი შევიკრიბეთ. იქ შემდეგ 4 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და ერთ სამუშაო ჯგუფში მქონდა პატივი, რომ მე მეხელმძღვანელა, ძალიან საინტერესო დისკუსია მოვისმინეთ. მთავარი გამოწვევა მთელ ევროპაში და მსოფლიოში არის უსაფრთხოების გამოწვევები. ეს არის ომი უკრაინაში, რომელიც არ მთავრდება, კიდევ უფრო საშიშ გამოხატულებებს ჰპოვებს. ყველა მოწოდებული ვართ, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ჩვენი მთავარი საზრუნავია მშვიდობა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება.
მეორე მთავარი თემა იყო ენერგოუსაფრთხოება. დღეს ევროპაში ენერგოკრიზისია. მოგეხსენებათ, რუსეთმა 7%-მდე შეამცირა გაზის მიწოდება ევროპისთვის და რეალურად ევროპის ქვეყნები მსჯელობენ, როგორ ჩაანაცვლონ რუსული გაზი, რაც არ იქნება იოლი მოკლევადიან პერსპექტივაში.
უკრაინის ომი დიდი გამოწვევაა მთელი ევროპისთვის, ასეთი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში არ ყოფილა. ბუნებრივია, საქართველო, როგორც რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა მონაწილენი ვართ ამ პროცესების. ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რეგიონში უნდა იყოს მშვიდობა. აზერბაიჯანსა და სომხეთში, თურქეთში ჩვენ ბუნებრივია დაინტერესებულები ვართ, რომ მშვიდობა იყოს, შეხმატკბილებული ურთიერთობა, ამის პირველი ნაბიჯები გამოიკვეთა, შეხვედრა შედგა სომხეთის პრემიერი შეხვდა თურქეთის პრეზიდენტს, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტს. საქართველო მედიაციის პროცესშია ჩართული.
ქვეყანას არავითარი გამოწვევა არ გააჩნია, ჩვენ ვართ ძალიან მტკიცედ, მივუყვებით ჩვენს გზას, არჩეულ პოლიტიკას, ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკა. ზამთარში ჩვენს ქვეყანას მოქალაქეებს ენერგომომარაგების კუთხით შეფერხება არ ექნება. უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ ყოფნა, ქვეყნის განვითარება.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, მთელი ევროპის და ცენტრალური აზიის მასშტაბით ყველაზე რეკორდული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ევროპის ქვეყნებში ამ მიმართულებით არის ძალიან მძიმე ვითარება.
ამ ფონზე, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის შიგნით მშვიდობიან გარემოს. ძალიან მშვიდად უნდა ვიყოთ, რა თქმა უნდა, ჩვენი გამოწვევაც გვაქვს, ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით გონიერება გვჭირდება, ემოციების ნაკლებობა, მეტი მუშაობა, მეტი ეკონომიკური განვითარება, მეტი კეთილდღეობა, მეტი სიყვარული, სიხარული, პოზიტივი“,- აღნიშნავს პრემიერი.