ხვდები მაინც, რომ შენს ხელში ქალაქი მხოლოდ გლოვით კი არ არის სავსე, ადამიანობისგანაც იცლება?!

343 წაკითხვა

ხვდები მაინც, რომ შენს ხელში ქალაქი მხოლოდ გლოვით კი არ არის სავსე, ადამიანობისგანაც იცლება?!,- ასე მიმართავს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერს კახა კალაძეს სოციალურ ქსელში.

როგორც მელია აღნიშნავს, გამართულად არცერთი რგოლი რომ არ მუშაობს, შემდუღებლის ბრალი ვერ იქნება.

„ბავშებისთვის მისაბაძი ფეხბურთელი რომ ხარ, შენი მაისური წარმატებასა და მიღწევებთან რომ ასოცირდება და ამას აკეთებ, რაც დღეს გააკეთე!

პასუხისმგებლობისგან თავის დასაძვრენად იყენებ სიკვდილს შემთხვევით გადარჩენილ ბავშვსაც და საკუთარ წარსულსაც. შემთხვევით გადარჩენილ ბავშვს შენს მაისურს აცმევ!

ალბათ, ყველა ბავშვმა, ვინც ამ ქალაქში შემთხვევით გადარჩება, უნდა იცოდეს ვის გადაურჩა!

ბურთიც აჩუქე? ვის ეთამაშოს, ვინ გაახსენდეს – მეგობარი, რომელიც მის გადასარჩენად გადახტა და აღარ ჰყავს? არაფერია იმაზე უხერხული, როდესაც ქალაქი გლოვობს და შენ შენი, გაბერილი პიარსამსახურითა და მაისურებით დარბიხარ წინ და უკან და სურათებს იღებ!

კახა, ბავშვები იმ პარკში თამაშობდნენ, სადაც მისვლა შენ შესთავაზე წინა დღეს. ბურთი იმ შადრევანში ჩაუვარდათ, რომელთან მისვლაც შენ შესთავაზე წინა დღეს! არც ერთი რგოლი გამართულად რომ არ მუშაობს, ეს ვერ იქნება შემდუღებლის ბრალი!

ხვდები მაინც რომ შენს ხელში ეს ქალაქი მხოლოდ გლოვით კი არ არის სავსე, ადამიანობისაგანაც იცლება?!“,- წერს მელია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

შსს-მ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავა. დაკავებულთა შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურეობრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი – ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი – ლ.ჭ., მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს – დ.კ.-ს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი – ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი – დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი – გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იპნ

Next Post

ჩემი პასუხისმგებლობაა, როგორც ქვეყნის მოქალაქის, ჩემი ქვეყანა იდგეს სწორ გზაზე

პარ ოქტ 21 , 2022
343 წაკითხვაუკრაინის მდგომარეობაში მყოფი ერთი-ერთი ფიგურის უპასუხისმგებლო და არასერიოზულ განცხადებაზე ფოკუსი არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ამოცანა , – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას, რომლის თანახმადაც, როდესაც უკრაინა რუსეთთან ომში უპირატესობას მოიპოვებს, ისინი საქართველოს “შველაზე” უნდა გადაერთონ. როგორც, ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საუბარი იმაზე, რა თქვა ოლექსი არესტოვიჩმა, იმ პრობლემების ფონზე, რაც […]