შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს, შესაბამისად დიმიტრი ლორთქიფანიძის მოთხოვნაზე, რომ ფილმის ჩვენება შეიზღუდოს, გამოძიება არ დაუწყია.
“მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია”, – უთხრეს imedinews-ს შსს-ში.
დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების აკრძალვის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გასულ კვირაში მიმართა.
ლორთქიფანიძის განცხადების თანახმად, ფილმი „პორნოგრაფიულ კონტენტს“ შეიცავს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად არის „ასეთი ფილმის კინოგაქირავებაში ჩაშვების გამომრიცხავი გარემოება“.
ლორთქიფანიძის თქმით, ფილმის ასაკობრივ ცენზად მითითებულია „R“, რაც ნიშნავს, რომ ამ ფილმზე 17 წლამდე არასრულწლოვანი დაიშვება მშობლის ან მოზრდილი ადამიანის თანდასწრებით. ეს კი, როგორც მან თქვა, „პორნოგრაფიული კონტენტის არსებობის შემთხვევაში არ იცავს მოზარდებს მავნე ზეგავლენისგან“.