
3%-ზე მეტი რომ არ აგიღია არცერთ არჩევნებზე, როგორ შეიძლება მესამე ძალაზე ილაპარაკო?, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „სტრატეგია აღმაშენებელზე“ საუბრისას განაცხადა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, რეალობას თუ მოწყდები და ოცნებას დაიწყებ, ვერასოდეს მიაღწევ სასურველ შედეგს.
„პრეტენზია და ამბიცია ბევრი რამის შეიძლება გქონდეს, მაგრამ რეალობას თუ მოწყდები და ოცნებას დაიწყებ, ვერასოდეს მიაღწევ სასურველ შედეგს. 11% ორ არჩევნებზე ზედიზედ, ჩემი პარტიის გარდა, არ აუღია არცერთ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვგულისხმობ, ცალკე თემაა, მაგრამ 11%-იც რომ მივიღე, მაშინაც არ მილაპარაკია, რომ მე ვარ მესამე ძალა და ალტერნატიული ძალა-მეთქი, რადგან ვაცნობიერებდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი 11% ყველა პარტიის პროცენტზე მეტი იყო, არ იყო საკმარისი ალტერნატიული ძალის შესაქმნელად. არ შეიძლება ასე ლაპარაკი, 3%-ზე მეტი რომ არ აგიღია არცერთ არჩევნებზე, როგორ შეიძლება მესამე ძალაზე ილაპარაკო? თან ვერავინ ვერ იტყვის, რომ გაგვიყალბეს არჩევნებიო, რადგან სხედან პარლამენტში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის შეფასებით, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ , „დროამ“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებამ“ მოუმზადებელი იდეების გაჟღერებით „ოცნების“ წისქვილზე დაასხა წყალი.