ჩვენთვის ოდიოზური ევროპარლამენტარების განცხადებებს არავითარი ფასი არ აქვს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რამდენიმე ევროპარლამენტარის მოწოდებას „მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვის შესახებ.
მისივე თქმით, როდესაც ნიკა გვარამია ქალ პრეზიდენტს უწოდებდა „რეზიდენტს“, ამასთან დაკავშირებით ამ „ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არცერთი შენიშვნა არ ჰქონიათ და კომენტარიც არ გაუკეთებიათ”.
„ესეც არის ოდიოზური ევროპარლამენტარების მორიგი განცხადება, რასაც ჩვენთვის პირადად არავითარი ფასი არ აქვს. შეგახსენებთ, რომ როდესაც გვარამია ქალ პრეზიდენტს უწოდებდა „რეზიდენტს“, სხვა სიტყვებს არ გავიმეორებ, ამასთან დაკავშირებით ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არცერთი შენიშვნა არ ჰქონიათ და კომენტარიც არ გაუკეთებიათ. დღეს, ისინი ამ „რეზიდენტს“ სთხოვენ გვარამიას შეწყალებას, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის ყველაფრის დამახინჯება, რაც ქართულ პოლიტიკას უკავშირდება“,-განაცხადა კობახიძემ.