გია ვოლსკი – რასაც დევიდ ლი აცხადებს, პოლიტიკური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითია – რა ჩანაწერიც არ უნდა ჰქონდეს კარლ ჰარცელს, იგი ამას არ წარმოადგენს

183 წაკითხვა

კორუფცია არ გამოიხატება მხოლოდ ფულის „აღებ-მიცემობაში“. პოლიტიკური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითია, რასაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ და ამ კორუფციაში კარლ ჰარცელის ჩართულობა ვერანაირად ვერ იქნება მის მიერვე დადასტურებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც დევიდ ლის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ კარლ ჰარცელმა მასთან საუბრის ჩანაწერი გააკეთა.

მისივე თქმით, დევიდ ლის განცხადებები სიმართლეა და მათ იქამდე იცოდნენ ამის შესახებ, ვიდრე დევიდ ლი განცხადებას გააკეთებდა.

„სანამ დევიდ ლი გააკეთებდა განცხადებებს, ჩვენ ყველა ვხედავდით, ვიცოდით ამის შესახებ, უბრალოდ სხვადასხვანაირად ფასდებოდა – რადიკალურ ოპოზიციას მოსწონდა ზეწოლა და დაყაჩაღება ბიზნესმენების და მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც მოსწონდათ ის მეკობრეობა, რასაც სჩადიოდა მათი ხელმძღვანელობა. ბრალდება, რაც დევიდ ლის მხრიდან გაისმა, სერიოზულ პრობლემად იქცა ადამიანებისთვის, ვისაც თავის გასამართლებლად არაფერი აქვთ. სამწუხაროა, რომ დევიდ ლიმ თავის დროზე არ ამოიღო ხმა. რაზეც ის საუბრობს, ეს არის სიმართლე და ის სამწუხარო სიმართლეა ქართული საზოგადოებისთვის, იმის მიუხედავად, რა პოლიტიკური გემოვნება გააჩნიათ.

რა ჩანაწერიც არ უნდა ჰქონდეს ევროკავშირის წარმომადგენელ კარლ ჰარცელს, იგი ამას არ წარმოადგენს, რადგან საუბარია გარკვეულ შვედურ ორგანიზაციაზე, რომელთანაც დიდი ალბათობით, არის დაკავშირებული კარლ ჰარცელი და რომელიც აფინანსებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელზეც დევიდ ლი საუბრობს. რასაკვირველია, კორუფცია არ გამოიხატება მხოლოდ ფულის „აღებ-მიცემობაში“. ეს არის პოლიტიკური კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი, რასაც კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მიჰყვებიან და ამ კორუფციაში კარლ ჰარცელის ჩართულობა ვერანაირად ვერ იქნება მის მიერვე დადასტურებული საუბრის ჩანაწერით. ეს გამორიცხულია, რადგან დევიდ ლი საუბრობს ისეთ თემებზე, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა და რომელიც იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ ამას დამატებითი განცხადებებიც არ სჭირდება. სამწუხაროა, რომ უცხოელი ადამიანი ლაპარაკობს კორუფციის ამ მასშტაბზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, ევროპის ბიზნეს-ასოციაციის დამფუძნებლის და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ლის განცხადებით, კარლ ჰარცელმა მას განუცხადა, რომ არ მოსწონდა დევიდ ლის პოსტები არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით და ამის გამო თანამდებობის დატოვება მოუწია.

„მაისში, კარლ ჰარცელმა დამიბარა და მითხრა, რომ ის არ ითანამშრომლებდა ევროპის ბიზნეს ასოციაციასთან, არ მივიდოდა ორგანიზაციის ღონისძიებებზე, თუ მე დავრჩებოდი აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე“, – განაცხადა დევიდ ლიმ.

Next Post

6 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიძინოთ ბინა დომუსის საცხოვრებელ კომპლექსებში

ორშ ნოე 14 , 2022
183 წაკითხვათუ ბინის შეძენას გეგმავთ და სხვადასხვა ალტერნატივებს განიხილავთ, ამ სტატიაში მოგიყვებით სამშენებლო კომპანია დომუსის საცხოვრებელ პროექტებზე, რამაც შეიძლება გაგიმარტივოთ გადაწყვეტილების მიღება და თქვენთვის იდეალური ბინის პოვნა. კომპანია დომუსი დაარსდა 2006 წელს. მას შემდეგ ის ცდილობს შექმნას გარემო, რომელშიც თითოეული ადამიანი თავს იგრძნობს სახლში, ჰარმონიაში. დომუსმა გახსნის დღიდან აირჩია არასტანდარტული მიდგომა და წამოიწყო ინოვაციური საცხოვრებელი პროექტების აშენება, მომხმარებლების სურვილებისა და […]