თქვენ და ივანიშვილი ჩამოყალიბდით კორუფციის მომხვეჭელობის სიმბოლოდ – ჩემი აზრით, თქვენ ანტუნის ენაზე უნდა გითხრათ: „მაგრად დაგერხათ“! -ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას.
ხაბეიშვილმა პრემიერს კითხვით მიმართა, თუ რატომ რევს ოჯახის წევრებს კორუფციასა და ქურდობაში.
“თქვენ და ივანიშვილი ჩამოყალიბდით კორუფციის, მომხვეჭელობის სიმბოლოდ. სიღატაკეში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ფონზე, თქვენ შეძელით და 400 ათასი ლარი 2 ავტომობილში გადაიხადეთ. იქნებ უთხრათ საქართველოს მოქალაქეებს, რა თანხებით შეძელით 400 ათასი ლარის გადახდა 2 ავტომობილში?
პენსიონერებს ელემენტარული შესაძლებლობა არ აქვთ და თქვენ ჰყვებით, რომ მამამ გაჩუქათ 150 ათასი ლარი. ჯერ მეუღლეს აჩუქეთ ბაკურიანში ტყე, ახლა ამბობთ, რომ მამამ მაჩუქაო 150 ათასი ლარი, ფაქტობრივად წუწუნებთ. რატომ რევთ ოჯახის წევრებს ქურდობაში, კორუფციაში? რას ერჩით ოჯახის წევრებს? იპარავთ, “ატკატებში” ხართ და იყავით, დაანებეთ მამას, მეუღლეს, ოჯახის წევრებს თავი. ნუ გაუფორმებთ ტყეებს და ნუ დააბრალებთ, რომ 150 ათასი ლარი გაჩუქათ.
წელიწადში სულ 45 ათასი ლარი მაქვს შემოსავალიო და დეკლარაციაში დადღაბნეთ, რომ 50 ათასი ლარი დანაზოგი გაქვთ. რა მათემატიკით დათვალეთ? სად დაზოგეთ?
დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 40 ათას ლარს ხარჯავთ შვილების განათლებაში. რას ეუბნებით ასი ათასობით მშობელს, რომ საჯარო სკოლა არ არის საკმარისი და 40 ათასი ლარია დამატებით საჭირო, რომ შვილებმა ნორმალური განათლება მიიღონ?! რა მათემატიკაა, დაიქირავეთ ბუღალტერი, იქნება დეკლარაციაში არ დაწეროთ ეს სიგიჟეები“,- აღნიშნავს ხაბეიშვილი
როგორც მან აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილს დიდი პოლიტიკური წარღვნა ელოდება.
„თქვენ ხართ ხელისუფლებაში, სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ, მათ შორის, სტატუსთან დაკავშირებითაც. უნდა გითხრათ, რომ ქართველი ხალხი არ აპირებს არც მონობას შეეგუოს, არც ბერას სათამაშოებს. წინ ძალიან დიდი პოლიტიკური წარღვნა გელოდებათ ბატონო ირაკლი. ამასაც ვერ გაიგებთ რა ენაზე ვსაუბრობ, ჩემი აზრით, თქვენ ანტუნის ენაზე უნდა გითხრათ – “მაგრად დაგერხათ“,- აღნიშნავს ხაბეიშვილი.