„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით მთავარი საკითხები, რაც პოლიტიკურმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს ისაა, თუ რომელ პლატფორმას გამოიყენებენ კენჭისყრისთვის და ასევე ხმის მიცემა ღია იქნება თუ ფარული.
როგორც საარჩევნო საკითხებზე პარტიაში მომუშავე ჯგუფის შეხვედრამდე ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნებისთვის წესების შემუშავება, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება, რის შემდეგაც დოკუმენტი პოლიტსაბჭოს წარედგინება.
„პოლიტსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს, როგორი მეთოდით იქნება არჩევნები – „ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიის გამოყენებით თუ „ფეისბუქით“, რომელიც 2020-ში გამოვიყენეთ, მაგრამ ის არ არის შექმნილი არჩევნებისთვის და ადამიანებს შორის საკომუნიკაციო პლატფორმაა, თუმცა მისი მორგებაც შესაძლებელია არჩევნებზე. ეს ორი ვარიანტია, რომელზეც პოლიტიკური საბჭო იმსჯელებს. ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას, ამომრჩევლის ხმები დაფარული იყოს თუ ღია. ესეც პოლიტსაბჭოზე სამსჯელო საკითხია, რომელიც იმედი მაქვს, მომავალ კვირას შეიკრიბება. ასევე პოლიტსაბჭო ჩამოაყალიბებს საარჩევნო კომისიას, რომელიც წარმართავს ამ პროცესს. ეს სამუშაო ჯგუფი არის მხოლოდ წინადადებების მოსამზადებელი, რომელმაც უნდა შეიმუშაოს გარკვეული წესები და პოლიტსაბჭოს წარუდგინოს. იმედია ამ სამუშაოს დღეს დავასრულებთ.