კინოთეატრთან ინციდენტის დროს დაკავებულს ბრალი წაუყენეს

1,678 წაკითხვა

კინოთეატრ „ამირანთან“ განვითარებული მოვლენების დროს მოქალაქე ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს ბრალი წაუყენეს.

პროკურატურის ინფორმაციით, შალვა შევარდნაძეს ბრალი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარედგინა. 

კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი 8 ნოემბერს დაშავდა. TBilisi Pride-ს წარმომადგენლის გიორგი თაბაგარის ინფორმაციით, ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა სუბელიანს ქვა თვალში ესროლეს. ის ფილმის სანახავად იყო მისული.

10 ნოემბერი, ფილმის ჩვენების მესამე და სერიის ბოლო დღეა. მისი ჩვენების ჩაშლით „ქართული მარში“, ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი იმუქრებოდა. 

8 ნოემბრისგან განსხვავებით, 9 ნოემბერს, თბილისში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ბათუმში კი ერთი ადამიანი დააკავეს. „ტაბულას“ ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტს კი შსს სწავლობს. 

რაც შეეხება 8 ნოემბრის მოვლენებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფილმის ჩვენებისას საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება 4 ფაქტზე დაიწყო. 

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა. 

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს.

Next Post

გამოკითხვა- იქცა თუ არა პროტესტი რეკლამად ფილმისთვის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ?

ორშ ნოე 11 , 2019
1,678 წაკითხვა