საქართველოს პროკურატურა ჰააგის პროკურორის ოფისს ჩატარებული გამოძიებისა და თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

196 წაკითხვა

საქართველოს მთავარი პროკურატურის გამოხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებაზე.

პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურორის ოფისს მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებული ეფექტიანი გამოძიებისა და ქართულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობისთვის.

2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის ფედერაციის და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოსავლენად, ქართულ სახელმწიფოსთან აქტიური თანამშრომლობით, ჰააგის სასამართლოში გამოძიება 2016 წლის იანვარში დაიწყო.

აღნიშნული აქტიური თანამშრომლობის შედეგად, მიმდინარე წლის მარტში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ განიხილა პროკურორის შუამდგომლობა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი მაღალჩინოსნების, დე ფაქტო ცხინვალის მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის – მიხაილ მინძაევის, დე ფაქტო ცხინვალის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების განყოფილების მაშინდელი უფროსის – ჰამლეტ გუჩმაზოვისა და დე ფაქტო ცხინვალის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში პრეზიდენტის მაშინდელი წარმომადგენლის – დავიდ სანაკოევის დაკავების შესახებ, მათ მიერ რომის სტატუტით გათვალისწინებული ომის დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით. შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს, პალატამ გამოიტანა მათი დაკავების განჩინებები და გასცა მითითება ხსენებული პირების დაკავებისა და სასამართლოსთვის გადაცემის მიზნით შესაბამისი ზომების მიღების თაობაზე.

ჰააგის სასამართლოს მიერ გამოცემული დაკავების განჩინებები ეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ეთნიკური ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, წამებასა და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანასა და შემდგომ უკანონო გადაცემას. ყველა ეს ქმედება ომის უმძიმესი დანაშაულია. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხსენებული დანაშაულების ჩადენა რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის კონტექსტში მოხდა. პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულმა გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების ხელმძღვანელის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის როლი მითითებული დანაშაულების ჩადენაში, თუმცა, იგი ამჟამად გარდაცვლილია.

დღეს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2008 წლის ომთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. პროკურორის ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით.

პროკურორმა მზადყოფნა გამოთქვა მომავალში გაძლიერებულად ითანამშრომლოს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან, რაც მტკიცებულებების გაზიარებასა და ცოდნის გადაცემის ხელშეწყობას, ტექნიკური და სასამართლო ექსპერტიზის გამოყენების კუთხით თანამშრომლობას, ასევე, ბრალდების სტრატეგიის, ინფორმაციის მართვისა და მოწმეთა დაცვის საკითხებში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. ისინი გააგრძელებენ თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთანაც.

მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მიმდინარე გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა, საქართველოს გენერალური პროკურატურა აქტიურად აგრძელებს საქართველოს სახელმწიფოსა და მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების გამოძიებას.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე – საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი გენოციდის, მაროდიორობის და შეიარაღებული კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების განზრახ დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 407-ე, 411-ე და 413-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გენერალურ პროკურატურაში შექმნილია სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს კვლავაც აქტიურად აგრძელებს.

გენერალური პროკურატურის მიერ, აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა კომპლექსური და ფართომასშტაბიანი გამოძიება. გამოიკითხა ათასობით მოწმე, დათვალიერდა შემთხვევის ადგილები, სამკურნალო დაწესებულებებიდან გამოთხოვილია სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელთა საფუძველზეც დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები. ასევე, საქმეზე ჩატარდა ბალისტიკური, პიროტექნიკური, ვიდეო-ტექნიკური, ქიმიური და სასაქონლო ექსპერტიზები.

ბოლო წლებში, სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში გამოძიებით მოპოვებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა, რის საფუძველზეც ქართული მხარე, საერთაშორისო სასამართლოების წინაშე ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით და მყარი მტკიცებულებებით წარსდგა. ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში კი საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ისევე როგორც საქართველოს იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, თავდაცვის სამინისტროებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვის.

შედეგად, როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 2008 წლის ომის საქმეზე ისტორიული გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციულმა რესპუბლიკამ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

გარდა ამისა, 2022 წლის 24 მარტს სტრასბურგის სასამართლომ, რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა. სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ზემოაღნიშნული საჩივრები აშკარად დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებებიც კი არ იყო წარდგენილი მომჩივანთა პრეტენზიების გასამყარებლად. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდნენ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.

საქართველოს გენერალურ პროკურატურა, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აქტიურად გააგრძელებს ყველა აუცილებელ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, რათა რუსეთის ფედერაციის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ყველა ის წარმომადგენელი გამოვლინდეს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინაშე ომის დანაშაულები აქვს ჩადენილი. ყველა მათგანი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და ჩადენილი ქმედებებისათვის კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი.”- ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

Next Post

ჩემს მცირეწლოვან შვილებზე ამორალური სიტყვიერი თავდასხმების პასუხად რადიკალური ოპოზიციის წევრების შვილებს ვუსურვებ ყველაფერ საუკეთესოს

შაბ დეკ 17 , 2022
196 წაკითხვაიუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის გამოხმაურება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების საპასუხოდ: “უღირსი საქციელის ჩამდენსაც ღირსეულად უნდა მოექცე. ამიტომ ჩემს მცირეწლოვან შვილებზე ამორალური სიტყვიერი თავდასხმების პასუხად რადიკალური ოპოზიციის წევრების შვილებს ვუსურვებ ყველაფერ საუკეთესოს და მშვიდობას ყველა სხვა ბავშვთან ერთად. არასოდეს გარიოთ ბავშვები პოლიტიკაში, ეს ფსკერის ფსკერია და სამარცხვინოა!”- წერს რატი ბრეგაძე.