რა ეტკინა ასე ძლიერ ტვ “პირველს” – მაია ნიკოლეიშვილი

167 წაკითხვა

სასამართლო სამედიცინო ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის გამოხმაურება ტვ პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ,მის შესახებ მომზადებულ რეპორტაჟზე.

“რა ეტკინა ასე ძლიერ ტვ პირველს-ს?

გუშინ ნანუკა ქაჯაიამ დამირეკა ტვ პირველი-დან, ჩაგწერო, მიშას თემაზეო. უარი ვუთხარი; ამ გოგონას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, ბოლო წლებია, ტვ პირველი გახდა ძალიან ცრუპენტელა, ამაში საბოლოოდ, დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩემთვის მოძღვნილი სიუჟეტით დავრწმუნდი.
მოკლედ, ჩემი ჩაწერა უნდოდა, როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, და ასევე ჩვენი ორგანიზაციის, “რეალექსპერტის” საინჟინრო მიმართულების საქმიანობის კუთხითაც. ნუუუუ, ჩემთვის გასაგებია, ეს აღტკინება!  უბრალოდ, თუ ვიცი, რომ “შავი” სიუჟეტი უნდა გააკეთონ, რატომ ჩავეწერო?

გააკეთონ, დაყარონ კიდევ სიცრუეები და მერე ვიფიქრებ, როგორ მოვიქცე, გავატარო, როგორც პირველი, ცრუ სიუჟეტი, უბრალოდ, დროის დაკარგვად რომ არ გიღირს პასუხი, თუ . . . დღეს დილით სახლის სადარბაზოდან გავდივარ არასატელევიზიოდ გამოწყობილი, სპორტულ ფორმაში, და ახალგაზრდა გოგო გადმოხტა მანქანიდან, რა კარგია რომ გნახეთო, მოვიხედე, ოპერატორია ატუზული და კამერით მიღებს. საიდან ხართ-მეთქი, ტვ პირველი.

გუშინ ხომ უარი გითხარით. უარი არ ესმით. კიდევ ვეუბნები უარს. გადაღების ნებასაც არ ვაძლევ. მაინც მიღებენ. მივდივარ თანამშრომლის მანქანისკენ, მომდევენ, მთელი ქუჩა გვიყურებს!  რატომ გარბიხარო!  არ ვარ საჯარო პირი, უარს ვეუბნები, მაინც არ მეშვებიან. ჩვენი და ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები რომ აეკიდებიან ხოლმე ზოგ გამვლელს ღამით, თუ კატეგორიულად ეტყვის, ისინი ჩამოშორდებიან. ამ ორი ადამიანის უთავმოყვარეობამ კი მართლა გამაკვირვა! არადა, მიმართვა: “თავი დამანებე” ჩვენი და ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებსაც კი ესმით ქართულად! 

ანონსი გამოუცხვიათ. კი არ ღირს ნოდარიკოს “შედევრებზე” დროის ხარჯვა, მაგრამ მეორედ უკვე მეტისმეტი ყურადღებაა მათი მხრიდან და მოსაბეზრებელი!!!
რა ვერ მოინელეს? ჩემი, საკმაოდ თავშეკავებულად გამოთქმული პროფესიული აზრი სააკაშვილზე გავრცელებულ კადრებთან მიმართებაში. და რა მიაბეს? მაია მილიონებს იღებს ბიუჯეტში ჩვენი გადახდილი გადასახადებითო! ისემც თქვენ რა გითხრათ, თქვენ ბიუჯეტში გადასახადების პატიოსანი გადამხდელები არ იყოთ, აბა, ინკასო რატომ დაგიდეს ანგარიშებზე?!

მოკლედ, “რეალექსპერტი” საექსპერტო ორგანიზაციაა, რომელიც დავაფუძნე რეჟიმის შეცვლის შემდეგ, 2013 წელს, ვიყავი 100% წილის მფლობელი დამფუძნებელი და დავუბრუნდი რეჟიმის დროს საკანონმდებლო ცვლილებებით აკრძალულ ჩემს საქმეს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას. მერე ცოტა გავფართოვდით, სხვა ტიპის ექსპერტიზებიც დაგვემატა.

6 წლის წინ ჩემს მეგობრებთან, საინჟინრო სპეციალობის ექსპერტებთან ერთად კიდევ გავაფართოეთ საქმიანობა და საინჟინრო ექსპერტიზაც დაგვემატა. ჩემი წილი ორგანიზაციაში დღეს 10%-ს შეადგენს. საინჟინრო ექსპერტიზა აკრედიტებულია ევროპული, აისოს სტანდარტის შესაბამისად, ყავს საინჟინრო მიმართულების დირექტორი, მე სასამართლო ექსპერტიზების მიმართულების დირექტორი ვარ. ჩვენი ექსპერტები კარგი პროფესიონალები არიან, შესაბამისად, კერძო შეკვეთებს იღებენ და ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობის, ანუ საინჟინრო ექსპერტიზის ხაზითაც მონაწილეობს ორგანიზაცია სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. 6 წლის მანძილზე 7 სახელმწიფო ტენდერი მოიგო აკრედიტებულმა ორგანომ, ზოგი ტენდერი ვერ მოვიგეთ, ანუ, წავაგეთ, მაგალითად, ხაშური, ქუთაისის აეროპორტის ახალი ნაწილის ზედამხედველობა, ზოგიც სხვა, წელს წავაგეთ ლანჩხუთის და ოზურგეთის ტენდერები (რომელიც 1 თვის წინანდელ სიუჟეტში ტვ პირველ-მა მოგებულად გამოგვიცხადა) და რუსთავის ტენდერი მოვიგეთ, მაშინ, როცა ჩვენს სხვა კოლეგა ორგანიზაციებს, ზოგს 20-30 მსგავსი ტენდერიც კი აქვთ მოგებული, ღმერთმა წარმატებები მისცეთ! ეს ბიზნესია, ზოგს იგებ, ზოგს აგებ. 2-3 წლიან პროექტებში ოფისს ვხსნით რეგიონში, სპეციალისტები გადადიან იქ საცხოვრებლად, მოძრაობენ ობიექტებზე, ახორციელებენ 24 საათიან ზედამხედველობას.

ყოველწლიურად მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს კონტროლი სახელმწიფო აუდიტის ფორმით, ამოწმებენ როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მშენებლების და ჩვენი, ანუ ექსპერტების და ზედამხედველების საქმიანობას.

რატომ ჩამთვალა “გზების ექსპერტად” ტვ პირველ-მა, ნუთუ ასეთი გაუნათლებლები არიან?  სამხარაულში ყველა ტიპის ექსპერტიზა რომ ტარდება, ეს მოსულა, და კერძო, აკრედიტებულ ორგანიზაციაში არ უნდა იყოს სახელმწიფო დაკვეთებიო, ასეთი, კომუნისტების დროინდელია მათი რიტორიკა.

საბაზრო ეკონომიკის და კონკურენციის შესახებ, როგორც სჩანს, სმენიათ, მაგრამ ვერ გაუგიათ! მოგების გარეშე იმუშავებს მათი ტელევიზია? მოგების გარეშე რატომ უნდა იმუშაოს “რეალექსპერტმა”?

ვამაყობ ჩვენი სპეციალისტების პროფესიონალიზმით!ჩვენ საკმაოდ დიდი ორგანიზაცია ვართ, გვყავს 60 თანამშრომელი და კიდევ ვიზრდებით, სახელმწიფო არ გვახრჩობს (როგორც ეს 2012 წლამდე იყო), დასაქმებულთა რიცხვს ვზრდით, ხელფასებს ვიხდით, ოფისებს ვინახავთ, გადასახადებს ვიხდით, და მოგებაც ლოგიკურია! რა გაუკვირდა ამ ტვ პირველ-ს, კალენდარზე რომელი წელია, და სოციალიზმიდან რომ გამოვედით, მე უნდა შევახსენო? მილიონები კი, ცოტა ცუდად დაუთვლიათ, მაგრამ მაინც და მაინც უნდათ, რომ მილიონები მხოლოდ და სრულად მაიას ჯიბეში მიდიოდეს! თქვენს პირს შაქარი (მხოლოდ ამ საკითხში!); ნეტავ ჩვენი ორგანიზაცია ასე გაიზარდიოს, რომ პირადად ჩემი წილი მოგებიდან იმდენი იყოს, რაც თქვენ “დამითვალეთ”!  ახლა კი თანხები მთელი ორგანიზაციისაა. ყველაფერი კიდევ უკეთ იქნება, თუ სახელმწიფო აღმავლობის გზით გააგრძელებს განვითარებას; თუ პოლიტ. მავნებლები მოშორდებიან და მშვიდობა იქნება, მაშინ მეტი ინვესტიცია შემოვა, ჩვენც მეტი თანამშრომელი გვეყოლება, და შესაბამისად, მოგებაც გაგვეზრდება! 

ისე, “რეალექსპერტი”-ს შექმნამდე ვიყავი მე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, 33 წელია ჩემი სტაჟი სპეციალობაში, ჩვენი აკრედიტებული საინჟინრო ექსპერტიზა კი სულ 6 წლისაა! არც ადრე მქონია პირში წყალი ჩაგუბებული, ეს ყველამ იცის! თქვენ ხართ, ნორჩები, ტვ პირველელებო, და არც უფროსებს ეკითხებით ჭკუას! თქვენ მართლა გგონიათ, რომ ქართული სახელმწიფო 2003 წელს შეიქმნა!  ვითომ რომ მხარში უდგახართ, და სინამდვილეში ნებსით თუ უვიცობით, რომ მტრობთ თქვენს ვითომ სათაყვანებელ მიშას, იმ მიშას სიტყვებს მაინც დაუჯერეთ…(ციტატები მიხეილ სააკაშვილის 2001წ. გამოცემული წიგნიდან იხ. ქვევით).

მოკლედ, ნორჩებო, მე იგივე ვარ მარად და მარად, ანუ, პროფესიულ პრინციპებს არ ვიცვლი, თუნდაც, ამომავალ ვარსკვლავს და თვით სააკაშვილის შემცვლელს, ლევან ხაბეიშვილს არ აკმაყოფილებდეს ჩემი “ქურქუმალ ვაითი” 
გვეყო ლირიკა.

“ტვ პირველი”-ს ხელმძღვანელობას ვთხოვ, შეინახოს ორივე სიუჟეტის შავი მასალა.”– წერს მაია ნიკოლეიშვილი.

Next Post

უკრაინაში გასაგზავნ გენერატორებზე დაკრულ საქართველოს დროშას ფერები შეუცვალეს

შაბ დეკ 17 , 2022
167 წაკითხვანიკა რურუას ფონდმა უკრაინაში გენერატორები გაგზავნა, რასაც საქართველოს დროშის სტიკერები აქვს, თუმცა არა იმ ფერებში, რაც დადგენილია კონსტიტუციით, არამედ უკრაინის ფერებში. სოციალურ ქსელში მიესალმებიან გენერატორების გაგზავნას, თუმცა, იქვე აპროტესტებენ დროშის შეცვლას და უპატივცემულობას.

შესაძლოა მოგეწონოთ