ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვებას ეხმიანება

158 წაკითხვა

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვებას ეხმიანება:

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყნის პირველი პირის პერსონა ყოველთვის იყო და, ალბათ, კვლავ იქნება განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ობიექტი, განურჩევლად კონტექსტისა, ჟამისა და დროებისა…ასევე ყოველთვის და განსაკუთრებით ახლა გვაინტერესებდა და გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და იმიჯი.

ახლა, როდესაც მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, არაერთი შეცდომისა მაინც აქტიურად მივისწრაფვით ევროპისკენ, როდესაც რეგიონში არსებული უკიდურესად რთული სიტუაციის ფონზე არაერთი დაბრკოლების გადალახვა გვიწევს და აღნიშნულს საერთაშორისო საზოგადეობის მომეტებული ყურადღების და მითითებების ქვეშ ვახორციელებთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმართლის გაცხადება და მოვლენების რეალისტურად მიტანა საზოგადოებამდე.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გულწრფელად ვწუხვარ, განურჩევლად იმისა თავად მიუძღვის თუ არა აღნიშნულში წვლილი. ადამიანია და ადამიანურად ვწუხვარ. ისიც აშკარაა, რომ მის პერსონალურ მონაცემებს ეხება საქმე.

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გასაჯაროებული ვიდეოკადრები ცალსახად მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემებს ასახავს. თავის მხრივ, ამ მონაცემთა გასაჯაროება, კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებას.

ჰქონდა თუ არა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს კადრების გასაჯაროების უფლება? ამ კითხვაზე პასუხს იმავე კანონის მე-5 მუხლი სცემს, რომლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამუშავების ერთ-ერთ საფუძვლად გათვალისწინებულია, თუ, მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესის დასაცავად.

ამდენად, უნდა შეფასდეს, დაცული იყო თუ არა პირადი ინტერესის დარღვევის თანაზომიერება საჯარო ინტერესთან.

უდავოა, რომ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, უკანასკნელ პერიოდში არაერთი ვერსია ვრცელდებოდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის, რეალობისგან საგანგაშოდ რადიკალურად განსხავებულები.

თუ გავითვალისწინებთ რა მოცულობის ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამახინჯებული ცნობების გავრცელებას, სიტუაციის დამძიმებისა და პოლიტიკური მოვლენების ესკალაციისთვის გამიზნულ ინსცენირებებს, ხოლო საკითხის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი ეჭვს გარეშეა, პენიტენციური სამსახურის განცხადებას გამართლებულ და თანაზომიერ ქმედებად მივიჩნევ.”- წერს მარიამ კუბლაშვილი.

Next Post

ვეფხისტყაოსნის ქართულ ანიმაციას დიდი კრიტიკა მოჰყვა (ვიდეო)

კვი დეკ 25 , 2022
158 წაკითხვაგამოვიდა ვეფხისტყაოსნის სრულმეტრაჟანი ანიმაცია, ფილმის ანონსი კი “კინოაფიშის” ოფიციალურ ფეისბუქზე გავრცელდა. კომენტარებში უმეტესობა ნეგატიურად განეწყო ანიმაციის ხარისხის, გახმოვანებისა და შინაარსის გამო. ათასობით კომენტარიდან, უმრავლესობა აკრიტიკებს ანიმაციის შემქმნელებს თუ სცენარისტებს და წერენ, რომ ეს არის ძველი ინდური ფილმების ხარისხის ანალოგი. კომენტარები იხილეთ ამ გვერდზე  

შესაძლოა მოგეწონოთ