პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე გიორგი ამილახვარისა და ირაკლი კოვზანაძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის გარდა, “ქართული ოცნების” კიდევ სამი დეპუტატის ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და გიორგი ხელაშვილის მანდატების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს.
როგორც “ინტერპრესნიუსს” კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ჩაჩიბაია და იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა გუნდში დაინიშნენ, ხოლო გიორგი ხელაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი იქნება.
“შესაბამისი ბრძანებულებები უკვე მივიღეთ. ვლადიმერ ჩაჩიბაია პრემიერის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში იქნება, ნინო იობაშვილი – საგარეო საკითხებში. შალვა პაპუაშვილის მრჩეველი გახდა გიორგი ხელაშვილი. მათ პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობები დაიკავეს და შესაბამისად მანდატი შეუწყდებათ, რაზეც ხვალ ვიმსჯელებთ”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.