პრეზიდენტი – დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!

1,706 წაკითხვა

დაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესაძლებლობა მისცა მას, სამხედრო საშუალებების გამოყენება, თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო ტაქტიკად დაემკვიდრებინა – დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებულ სამიტის მონაწილეებს – უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებს, სლოვაკეთის, სლოვენიისა და ხორვატიის პრემიერ- მინისტრებს.

სამიტი – „ბუჩა – რუსეთის პასუხისმგებლობა უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე“, ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ვიდეომიმართვით წარსდგა.

„პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო საზოგადოებავ, ჩემთვის დიდი პატივია ამ სამიტში მონაწილეობა, რაც იმის მანიშნებელია, რომ არ ვივიწყებთ აგრესიისა და სისასტიკის წინაშე უკრაინის შესანიშნავ სიმტკიცესა და სიმამაცეს.

პრეზიდენტო ზელენსკი, ამ დღეს ფიზიკურად მსურდა თქვენ გვერდით ყოფნა, თუმცა პარლამენტში სიტყვით უნდა გამოვსულიყავი, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ მსოფლიო ცივილიზაციისა და ევროპის ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცლის მსხვერპლთ.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო შოკში ჩააგდო ბუჩაში გადაღებულმა ფოტო და ვიდეომასალამ, რომელიც უკრაინელი სამოქალაქო პირების მიმართ რუსი აგრესორების მიერ განხორციელებულ სისასტიკეს ასახავდა. ეს იყო შემზარავი გაცნობიერება და თითოეული ჩვენგანისათვის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკისა და დანაშაულების შეხსენება, შეხსენება იმ დანაშაულებისა, რომლებიც შეიძლება უკონტროლო სამხედრო ძალამ ჩაიდინოს, დაუსჯელობისა და საერთაშორისო წესრიგის შეგრძნების გარეშე – ადამიანის სიცოცხლის სიწმინდის არავითარი განცდით.

პატივცემულო საზოგადოება, ამ ფოტოებმა შოკში ჩააგდო მსოფლიო და ჩვენც, საქართველოში შეშფოთებულნი და შოკირებულნი ვიყავით, კიდევ ერთხელ გაგვახსენდა ჩვენი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული პირდაპირი აგრესია.

საერთაშორისო საზოგადოების პასუხი და მათ მიერ რუსეთის რეჟიმის რეალური არსის გაგება უფრო მტკიცე რომ ყოფილიყო, ყირიმში აგრესიის გამეორება და პირდაპირი ანექსიით საერთაშორისო პრინციპების პირდაპირი დარღვევა შესაძლოა თავიდან აცილებული ყოფილიყო. მაშინ, 2022 წლის 24 თებერვალი შესაძლოა, ერთი, ჩვეულებრივი დღე ყოფილიყო მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქეებისათვის. შესაძლოა, ბუჩა არ მომხდარიყო.

თუმცა, რეალობა სხვაა – დაუსჯელობამ, რომლითაც რუსეთი სარგებლობდა, შესაძლებლობა მისცა მას, სამხედრო საშუალებების გამოყენება, თავისი მეზობლების წინააღმდეგ საერთო ტაქტიკად დაემკვიდრებინა.

რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას, რაც ყოველდღიურად ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნის. სწორედ ამიტომ, ყველა ქართველს ესმის უკრაინელების მიერ განცდილი ტკივილი და ტანჯვა და ურყევ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას.

პატივცემულო საზოგადოება, დღეს ეჭვები და ყოყმანი გაქრა, საერთაშორისო საზოგადოებას ესმის, რომ დემოკრატია და თავისუფლება საფრთხის წინაშეა და არჩევანი ცივილიზაციაზეა: დიქტატორულ და საშიშ რუსეთის მმართველობასა (რომელიც კერძო დაქირავებულ პირებს მიმართავს თავისი აგრესიული ომის საწარმოებლად) და ჩვენს საერთო ძალისხმევას შორის თავისუფალი, მშვიდობიანი, დემოკრატიული და აყვავებული მომავლის ასაშენებლად.

ჩვენი ერთობა, ახლა და ყოველდღიურად, აგრესიის, სისასტიკის, უსამართლობის, ადამიანური ცხოვრებისა და საერთაშორისო პრინციპების აშკარა უგულებელყოფის წინააღმდეგ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

პრეზიდენტო ზელენსკი, მადლობას გიხდით გლობალური სამშვიდობო სამიტისათვის, რადგან ჩვენი ჭეშმარიტი, საბოლოო მიზნის მისაღწევად ერთადერთი გზა ჩვენი ტერიტორიების, სუვერენიტეტისა და თავისუფლების პატივისცემაა.

მხოლოდ ისეთი სამყარო შეიძლება იყოს მშვიდობის სამყარო, რომელშიც რუსეთი უარს იტყვის თავის იმპერიალისტურ მისწრაფებებზე და დათანხმდება ისეთ სახელმწიფოდ გადაქცევას, რომელსაც სხვების მსგავსად აქვს და აღიარებს საკუთარ და მეზობლების საზღვრებს.

პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის სახელით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა, გისურვოთ გამბედაობა და ურყევი მონდომება თქვენი ქვეყნისა და ევროპის მომავლისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Next Post

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთს ეწვევა

ორშ აპრ 3 , 2023
1,706 წაკითხვაუკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს პოლონეთს ეწვევა, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის აპარატის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა მარკინ პრჟიდაჩმა ადგილობრივ მედიას განუცხადა. „ოთხშაბათს, 5 აპრილს, ველოდებით უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს პოლონეთში“, – განაცხადა პრჟიდაჩმა. მისი თქმით, ზელენსკი პოლონეთში პრეზიდენტ ანჯეი დუდას მიწვევით ჩადის. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ზელენსკი პოლონელებთან და პოლონეთში მცხოვრებ უკრაინელებთან შეხვედრას გეგმავს.