შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს.
12 ნოემბერს სანდრო ბრეგაძე და “ქართული მარშის” რამდენიმე წევრი ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა შეხვედრა არ შედგა. სანდრო ბრეგაძე ომბუდსმენს დაემუქრა, რომ 1 კვირაში ფართომასშტაბიან აქციას მოუწობს, “გამოიყვანს ოფისიდან” და “მიუჩენს ადგილს პოლიტიკურ სანაგვეზე”.
“დაახლოებით ერთ კვირაში რამდენიმე ათას კაცთან ერთად მე მოვალ აქ, შემოვალ ამ ოფისში და ვერავინ ხელს ვერ შემიშლის ჩემი კანონიერი უფლების შესრულებაში. შენ და შენს ამფსონებს გამოგიყვანთ ამ ოფისიდან და მიგიჩენთ ადგილს იქ, სადაც არის თქვენი ადგილი – ეს არის პოლიტიკური სანაგვე.
და გადაგაყენებთ დაკავებული თანამდებობიდან იმიტომ, რომ შენ ხარ უნამუსო ადამიანი, შენ ხარ მოძალადე, შენ ხარ კანონდამრღვევი და ახლა გინდა დაიმალე, გინდა მაგის ქვეშ შეძვერი”, – თქვა სანდრო ბრეგაძემ.
ლევან აკინის ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების დროს, ომბუდსმენმა თქვა, რომ “ძალადობას ყავდა ორგანიზატორები და წამხალისებლები, ეს იყო წინასწარ დაანონსებული და ისმოდა მოწოდებები ძალადობისკენ”. მისივე განცხადებით, ასევე შესასწავლია პოლიციელთა ქმედებები მოქალაქეთა დაცვის თვალსაზრისით, ვინაიდან ანა სუბელიანის ცნობით, როდესაც მას ემუქრებოდნენ, ის დახმარებას ითხოვდა პოლიციისგან, მაგრამ პოლიცია გულგრილი იყო მის მიმართ და შედეგად, ანამ ფიზიკური დაზიანება მიიღო.