როცა საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, რაც მათი [ოპოზიციის] ინიციატივაა დღეს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მგონი, საბოლოო ჯამში, ისინი ხელს გამოკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მათ წინააღმდეგ – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილი დანაშულები საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, შესაბამისად, მათ არა გამოძიება, არამედ, სისტემატიზაცია სჭირდებათ.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზე და აღნიშნა, რომ იმდროინდელი ტელევიზიების მიერ გაშუქებული მოვლენების ნახვით, ყველასთვის ნათელი იქნება, თუ რა დანაშაული ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ.
„თუ წარმოვიდგენთ ამ პროცესს, სინამდვილეში, მათ კრიმინალს სჭირდება არა გამოძიება, არამედ სისტემატიზაცია. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა დანაშაულები აქვთ მათ ჩადენილი, უბრალოდ, საჭიროა სისტემატიზაცია მაგალითად იმისა, თუ რომელი ადამიანების სიცოცხლე შეეწირა „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ საქმიანობას 9 წლის განმავლობაში, რომელი ადამიანების ჯანმრთელობა შეეწირა, ვისი წამება მოხდა, არაადამიანური მოპყრობა ვის მიმართ განხორციელდა, ვის წაართვეს ბიზნესი, ვის ჩამოართვეს ქონება, ვინ გაძარცვეს კეზერაშვილმა, სააკაშვილმა, ადეიშვილმა და სხვებმა, როგორ ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას ტერიტორიები. რა მოხდა 7,8,9 აგვისტოს? – ეს ხომ ყველამ იცის. საკმარისია უბრალოდ, აიღოთ მაშინდელი ტელევიზიები, მაგალითად, „რუსთავი 2“, ყველაზე ინტენსიური გამშუქებელი იყო იმ პროცესების და მათი მთავარი რუპორი იყო, „იმედიც“ მათ საკუთრებაში იყო მაშინ. ელემენტარულად, აიღეთ უწყვეტი კადრი 7-დან 9 აგვისტოს ჩათვლით და ყველა ძალიან კარგად გაიხსენებს, რა დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი საკუთარი ქვეყნის წინაშე, რა ავანტიურა ჰქონდათ მათ დაგეგმილი 7,8,9 აგვისტოს“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.