ჩემი ამოცანა რომ იყოს სადღაც ტრიბუნაზე დგომა და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, ესეც შეიძლება, მაგრამ რა შეიძლება იყოს ამის შედეგი, ეს უკვე ნანახი მაქვს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის” გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა. ამით სახალხო დამცველმა უპასუხა მის მიმართ კრიტიკასთან დაკავშირებულ კითხვას, არასაკმარისად აქტიურობისა და მკვეთრი განცხადებების ნაკლებობის შესახებ.
ლევან იოსელიანის განმარტებით, მისი მიზანია, რომ კონკრეტული უწყებების მიერ მისი რეკომენდაციების გაზიარების მაჩვენებელი გაუმჯობესდეს.
„ყველა სახალხო დამცველს აქვს თავისი ხედვა, როგორ ხედავს შედეგის უკეთესად მიღწევას, მე მაქვს ჩემი ხედვა. შედეგი იქნება ის რეკომენდაციები, ის წინადადებები, რომელსაც სახალხო დამცველი მოამზადებს და ეს იქნება გაზიარებული. დღეს თუ გაზიარების მაჩვენებელი არის 17%, ხოლო ჩემს შემთხვევაში იქება – 54%, ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიული სტანდარტი ქვეყანაში გაუმჯობესდა, რადგან სახალხო დამცველის რეკომენდაციები გაზიარდა და აღსრულდა. საბოლოო ჯამში, რეკომენდაციაა და შეუძლიათ საერთოდ გვერდზე გადადონ, ხომ? – შედეგია ის, შენ რომ რაღაცას წერ, ეს შესრულდება თუ არა კონკრეტული უწყების მიერ. შენ რომ ეუბნები პენიტენციურ სამსახურს, რომ დაარეგულირე ესა და ეს პროცესი, ამას თუ გაიზიარებს, ნიშნავს, რომ ეს შესრულდა და სტანდარტი გაუმჯობესდა. ჩემი ამოცანაა, რომ ასეთი გაზიარებების მაჩვენებელი აიწიოს. ეს ადამიანის უფლებების მდგომარეობას ამ ქვეყანაში გააუმჯობესებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მისივე თქმით, მისი ყველა განცხადება საკმაოდ მკვეთრია და არ იძლევა ორაზროვნად გაგების საშუალებას.
„ყველა განცხადება, რომელიც ჩემს მიერაა გამოქვეყნებული, საკმაოდ მკვეთრია და არსად არ არის ორაზროვნება, უბრალოდ, ვიდრე რაღაცას ვიტყვი, მირჩევნია, რომ ამ პრობლემაზე იმ უწყებასთან, სამინისტრო იქნება თუ სამსახურთან, დამატებითი კომუნიკაცია მქონდეს, რომ რამდენად შესაძლებელია, ეს შესრულდეს. თუ არ სრულდება, რეკომენდაციაც გაიცემა და ითქმება კიდეც.
გააჩნია ამოცანა რა გაქვს. ამოცანა თუ გაქვს რაღაც შედეგის მიღწევა, მოქმედებ კონკრეტული გათვლით, რომ ეს შედეგი მიიღწეს, ხოლო თუ ამოცანა გაქვს უბრალოდ მკვეთრი, ხმამაღალი განცხადებების კეთება, ესეცაა გზა და ტაქტიკა, მაშინ შეიძლება შედეგი იყოს ის, რაც არის ან უარესი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.