პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა

299 წაკითხვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, ის არ აპირებს, გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტების გაკეთებას, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

“დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამარტლომ არ მიიღო განსახილველად სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე არ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განამრტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს.

მინდა მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში ვთქვი, ბრიუსელში, რომ ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ ამას თუ არ იზამთ ის მოხდება და იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება “, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის თაობაზე გაკეთებული განცხადებების ავტორების „გასაგონადაც“ და აღნიშნა, რომ არასდროს დაესიზმრება პატრიარქი „გაოიყენოს ფარად“ და „პიარისთვის“.

ზურაბიშვილის თქმით, ის „უთუოდ“ შეხვდება პატრიარქს მარხვის დასრულების შემდეგ, რაც არავის საქმე არ არის.

„მინდა კიდევ ერთ გარემოებაზე მივიპყრო თქვენი ყურადღება, რომ ის სრულიად მიუღებელი აჟიოტაჟი, ზოგიერთების გასაგონად, რომლებიც თვლიან, რომ ყველაფერზე უნდა გააკეთონ კომენტარი, რომ ყველაფერი იციან, რომ არასდროს შეუძლიათ თქვან: “არ ვიცი”, რაღაცაზე, რაც ეხებოდა პატრიარქთან ჩემს შეხვედრას. არასდროს არ დამესიზმრებოდა, რომ მე პატრიარქი რამეში „გამოვიყენო“, ან ჩემი რომელიმე გადაწყვეტილების ფარად, ან როგორც ზოგიერთებს უყვართ, თავიანთი პიარისთვის. პატრიარქს მე უღრმეს პატივისცემას და დიდ სიყვარულს ვუძღვნი და მინდა დავუდასტურო, უთუოდ მივალ პატრიარქის სანახავად, როცა დასრულდება მარხვის პერიოდი და ეს არავისი საქმე არ არის და არანაირად დაკავშირებული ამ საკითხთან. მე კონსტიტუციაც კარგად ვიცი და კონკორდატიც”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 19 ივნისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას, ასევე, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლომ როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად მიიჩნია. შესაბამისად, ნიკა გვარამიასთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ძალაშია.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით მიუსაჯა, რაც სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის შეფარდებული 5 0000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა, თუმცა საბოლოოდ, მას საპატიმროში ყოფნა აქამდე განსაზღვრული 3 წლითა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.

რაც შეეხება კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მათ მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. აღნიშნული პირების მიმართ გამოყენებული გადაწყვეტილებაც ძალაში რჩება.

უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას საქმეზე ქვეყნის ყველა ინსტანციაში ბრძოლა დასრულდა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პროკურატურა სამივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოყენებას, დაცვის მხარე კი, მათ გამართლებას ითხოვდა. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია და კახაბერ დამენია დამნაშავედ იქნა ცნობილი, ზურაბ იაშვილი კი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედებოდა, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. მას ასევე, აკრძალული ჰქონდა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედებოდა კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული.

Next Post

სალომე ზურაბიშვილის გვარამიას შეწყალებაზე - არ ვაპირებ, ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ - მინდა, მხოლოდ გაგახსენოთ, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას

ხუთ ივნ 22 , 2023
299 წაკითხვაარ ვაპირებ, რომ რამე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ – მინდა მხოლოდ გაგახსენოთ, რომ პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას, თუ სხვა ტიპის მუქარას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. “დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ […]

შესაძლოა მოგეწონოთ