პრემიერი – სამარცხვინო და შემაშფოთებელია, რაც მოხდა – დრო გვაჩვენებს, რა იდგა ნიმუშების დამალვის იდეის უკან – ეს მიუთითებს, რომ საკითხი თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია

162 წაკითხვა

მიუთითებს, რომ ეს საკითხი, თავიდან ბოლომდე, არის პოლიტიზებული, ალბათ, რაღაც გარკვეული სხვა განზრახვები შესაძლოა მათ ჰქონოდათ, დრო გვაჩვენებს, რა იდგა თუნდაც ნიმუშების დამალვის იდეის უკან – ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და მსოფლიოში საერთაშორისო თანამეგობრობა შეცდომაში შეიყვანონ, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ კადრებს, რომლის თანახმად, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში ვიზიტად მყოფი პოლონელი ექიმი სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანას, ფეხსაცმლის საშუალებით, მამულად ცდილობდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნულ ფაქტს სამარცხვინო უწოდა.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ,რომ ნამდვილად არ მაქვს სურვილი ვისაუბრო, პატიმარ სააკაშვილზე. ჩვენ, ყველამ ვიხილეთ მრავალთვიანი კამპანია, დეზინფორმაციული, სიცრუის კამპანია, რომელმაც, შეიძლება ასე ითქვას, მთელი მსოფლიო მოიცვა. იცით, რომ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციები გვაქვს და ამის თაობაზე საზოგადოებამ შეიტყო, ცნობები გავრცელდა, რომ სააკაშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციის კამპანიას აქტიურად ეწევიან. რას ვგულისხმობ, კარგად იცით – თვეების წინ ინფორმაცია გამჟღავნდა იმის თაობაზე, რომ კონკრეტულად ამერიკაში მრავალმილიონიანი კონტრაქტი გაფორმდა სააკაშვილის ოჯახის მიერ ერთადერთი მიზნის მისაღწევად, რომ რაიმენაირად ეს სამარცხვინო, ამორალური ბრალდებები, ცრუ ცილისწამება გაევრცელებინათ ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ხაზს ვუსვამ, სახელმწიფოს წინააღმდეგ! როდესაც ადამიანს და ქვეყანას აბრალებენ ისეთი რამის ჩადენას, რომელიც ბუნებაში არ მომხდარა, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი, საკუთარი ქვეყნის პირდაპირ მტრობა. მთავარი, რაც მინდა ვთქვა, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ მრავალთვიანი უშედეგო კამპანია დასრულდა, რამდენიმე კვირის წინ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა პატიმარ სააკაშვილს საუკეთესო, ევროპული სტანდარტების მიხედვით ეპყრობა. ყოველგვარი ბრალდება, ცილისწამება იმის თაობაზე, რომ თითქოს სააკაშვილი ვიღაცამ მოწამლა, კლავენ, აწამებენ და ა.შ. სრული სიცრუეა“ -განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პატიმარმა სააკაშვილმა, რომელიც 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ იმყოფება, 2 000-ზე შეხვედრა გამართა.

„აღარ მინდა, უბრალოდ, სპეკულაციები გავაგრძელო. ჩვენი ხალხი სიმართლეს ხედავს. ჩვენმა საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალიან კარგად გაიგო, არაერთი საუბარი გვქონია ჩვენ ევროპელ მეგობრებთან. მათ კარგად იციან, რა ხდება, სად არის რეალობა და, რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ჩვენი სიმართლის მთავარი მარწმუნებელი და დამამტკიცებელი.

რაც შეხება ექიმების ჩამოსვლას, მინდა შემდეგი კომენტარი გავაკეთო ამ საკითხზე, ვინაიდან საკითხი პოლიტიზებულია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა მიმდინარეობს არა ქვეყნის შიგნით, არამედ უფრო ქვეყნის გარეთ. ჯერ კიდევ შარშან, ნოემბერში, მაშინ ჩვენ ამის თაობაზე მსჯელობა გვქონდა და იუსტიციის მინისტრმა შეთავაზება გააკეთა. მან საჯაროდ თქვა, რომ სააკაშვილის ოჯახს შეუძლია ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი კლინიკიდან და რომ ჩვენ არავითარ ბარიერს არ შევუქმნიდით მათ. ჩვენ თვეების განმავლობაში ველოდით მათ ქმედით ნაბიჯებს, რომ სურვილისამებრ, რა თქმა უნდა, მათ შეეძლოთ ექიმები ჩამოეყვანათ. ამ საკითხზე ძალიან ბევრი სპეკულაცია გაიმართა და როგორც იქნა, ბოლოს, როგორც ვიცი, ამ საკითხში პოლონეთის საელჩო ჩაერთო და მათ სააკაშვილის ოჯახთან ერთად ჩამოიყვანეს ექიმები. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც მათ კონკრეტული პროცედურები გაიარეს, ჩვენგან ერთგვარი კეთილი ნება დადასტურდა, ჩვენი შეთავაზების და დაპირების ერთგულნი ვიყავით. ეს ერთგვარი ჟესტი გავუკეთეთ, მათ შორის მეგობრებს, კოლეგებს.

აქვე მინდა ვთქვა, რომ პოლონეთს ამჟამად აქვს საარჩევნო კამპანია და გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებული არიან სააკაშვილთან და მის ჯგუფთან, გვარებს აღარ ჩამოვთვლი, კარგად მოგეხსენებათ ის ადამიანები, რომლებიც აქტიურობენ და ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ, მათი ზედმეტი აქტიურობით პოლონეთში, ამ საარჩევნო კამპანიაში, როგორც ჩანს, აქტიურად განიხილება სააკაშვილის პატიმრობის საკითხი. ამიტომ, ეს წმინდა, შიდა პოლიტიკური საკითხია მათთვის. ამას ემსახურება მათი ზედმეტი აქტიურობა. მე ეს ვიცი ჩვენი პოლონელი მეგობრებისგან.

ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით და უბრალოდ, სამარცხვინოა, რაც მოხდა და ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი, თავადვე მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია. ჩვენ ვალდებული ვიყავით გაგვევრცელებინა კადრები, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომელიც მათ აიღეს ოფიციალურად ჩვენი თანხმობის შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს მიუთითებს, რომ ეს საკითხი, თავიდან ბოლომდე, არის პოლიტიზებული, ალბათ, რაღაც გარკვეული სხვა განზრახვები შესაძლოა მათ ჰქონოდათ, დრო გვაჩვენებს, რა იდგა თუნდაც ნიმუშების დამალვის უკან, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და მსოფლიოში საერთაშორისო თანამეგობრობა შეცდომაში შეიყვანონ.

ამის შემდეგ, მე ვფიქრობ, ზედმეტია ასეთი აქტიურობა. ვიმეორებ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. მანამდეც შეამოწმეს [სააკაშვილი] ექსპერტებმა და ანალიზებიც ჩატარდა. ჩვენ, ასევე გერმანიაში ჩავატარეთ დამატებით კვლევები. დადასტურდა, რომ არავითარი მოწამვლის ფაქტი არ მომხდარა. ეს ყველაფერი არის სიცრუე. ეს საკითხი, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა ამოიწუროს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ამასთან პრემიერმა აღნიშნა, ეს იყო სპექტაკლის დადგმის მორიგი მცდელობა.

„ვფიქრობ, ეს ახალი სპექტაკლის დადგმის მორიგი მცდელობაა, იგივე ის წერილები, რაც მივიღეთ თუნდაც ევროპარლამენტარებისგან. მინდა გავიმეორე ის, რაც ჩვენმა გუნდის წევრებმა თქვეს, ნაცვლად იმისა, რომ მათ მოგვმართონ და გარკვეული რჩევები მოგვცენ, მათ კიდევ ერთხელ შევახსენებდი, რომ ბოდიში უნდა მოუხადონ ჩვენ სახელმწიფოს, ქვეყანას და საზოგადოებას იმ დეზინფორმაციულ კამპანიაში მონაწილეობისთვის, რაც მათ იკადრეს, რომ თითქოს სააკაშვილი მოწამლა მთავრობამ კვდება და ა.შ. ამიტომ, ეს საკითხი მინდა, რომ დასრულდეს! ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ჩვენი მთავარი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Next Post

სალომე სამადაშვილი - ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღოს, რომელიც ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება - ეს ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს

ორშ ივლ 17 , 2023
162 წაკითხვაბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღოს, რომელიც ევროკავშირში უსაფრთხო ქვეყნებად ითვლება – ბელგიის ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს , – ეს განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა. სამადაშვილის თქმით, ბელგიამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კანონის უზენაესობას და საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. […]

შესაძლოა მოგეწონოთ