
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს, თუ დასავლეთის ქვეყნები შესაბამის ზომებს მიიღებენ.
თურქული მაუწყებლის Haberturk-ის ცნობით, ერდოღანი იმედოვნებს, რომ ამ საკითხს პუტინთან უახლოეს მომავალში განიხილავს სატელეფონო კომუნიკაციის გზით, ან თურქეთში ვიზიტის დროს.
„რუსეთსაც აქვს გარკვეული მოლოდინები. თუ ისინი გადაილახება, მაშინ რუსეთი მხარს დაუჭერს ამ მარცვლეულის დერეფნის აქტიურ ფუნქციონირებას”, – განაცხადა ერდოღანმა.
მისივე განმარტებით, მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტა გამოიწვევს სურსათზე ფასების ზრდას, შიმშილს ზოგიერთ რეგიონში და მიგრაციის ახალ ტალღებს.
„ვფიქრობ, ამ საკითხს დეტალურად განვიხილავთ ბატონ პუტინთან და უზრუნველვყოფთ, რომ ეს ჰუმანიტარული მოძრაობა გაგრძელდეს. ვიცით, რომ მას დასავლეთის ქვეყნებისგანაც აქვს გარკვეული მოლოდინები, დასავლეთის ქვეყნებმაც უნდა მიიღონ ზომები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ერდოღანმა.