ლევან დავითაშვილი ბათუმში აქციაზე – განვითარებული მოვლენები ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული და მას პოლიტიკური ხასიათი აქვს – მინდა, ხელმოცარულ ოპოზიციას მოვუწოდო, თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო ქმედებებისგან

133 წაკითხვა

საქართველო ყველა საერთაშორისო შეთანხმებას იცავს ძალიან მკაფიოდ, ამაზე ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა განაცხადეს – რომ საქართველოში საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ ფიქსირდება. მათ შორის, სანქციებთან მიმართებაში გადამოწმებულ იქნა პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც საქართველოში შემოვიდა , – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საბაჟო სტრუქტურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს, რის საფუძველზეც დასტურდება, რომ არც გემის მფლობელი და არც თავად გემი სანქცირებული არ არის.

რაც შეეხება დღეს ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, მინისტრის შეფასებით, აქცია ოპოზიციის მიერ არის ორგანიზებული და მას პოლიტიკური ხასიათი აქვს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანმიმდევრულები ვიყოთ ჩვენს განცხადებებში და ჩვენს პოლიტიკაში, თანმიმდევრულობა კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოში ტურიზმის განვითარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია და ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლებსა და მის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება. ასე რომ, როდესაც ვსაუბრობთ ასეთ უპასუხისმგებლო აქციებზე – ის ორგანიზებულია უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან და არის სუფთად პოლიტიზებული აქცია“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ამასთან, მისი შეფასებით, ეს პოლიტიკური ძალები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით ახერხებენ, ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებები განახორციელონ და ამით ხელი შეუშალონ არამარტო ტურიზმის განვითარებას, არამედ ზოგადად სტაბილურობის უზრუნველყოფას. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ეს პირდაპირ უშლის ხელს ეკონომიკურ კეთილდღეობას და ქვეყნის მოსახლეობის და მთლიანად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს არის ყოვლად მიუღებელი, ჩვენი თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და კიდევ ერთხელ მინდა, ხელმოცარულ ოპოზიციას მოვუწოდო, რომ თავი შეიკავონ მსგავსი უპასუხისმგებლო ქმედებებისგან, ეს წარმატებული ვერასოდეს იქნება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა დესტრუქციულ პოლიტიკას მხარს არ დაუჭერს, ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, რომ საქართველოში უზრუნველვყოთ სტაბილური გარემო ეკონომიკური განვითარებისთვის, რაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ტურიზმს აქვს. რაც შეეხება იმას, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება – ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი როგორც საერთაშორისო საზოგადოებთან, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.

Next Post

ვიოლა ფონ კრამონი - მაშინ, როცა ყველა ცდილობს ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის

ორშ ივლ 31 , 2023
133 წაკითხვარუსეთისთვის სანქციებისგან გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენა, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან – ეს ყველაფერი ევროპისკენ/ევროკავშირისკენ სწორ სვლას ჰგავს, – ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ირონიით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტსა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს. „მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის”, -წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე”.

შესაძლოა მოგეწონოთ