ამას ხელისუფლებამ თავისი სიბრიყვით შეუწყო ხელი – გია ხუხაშვილი

606 წაკითხვა

მნიშვნელოვანი ის კი არ არის, ლიდერები რას ამბობენ, არამედ ის, თუ რა ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში” ელექტორალური თვალსაზრისით. ამ მხრივ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პარტია უკვე გახლეჩილია და თან უკვე დიდი ხანია. დააკვირდით, როგორ ლაპარაკობენ ერთმანეთზე, რა რიტორიკა აქვთ. პარტიაში აშკარად ჩრდილოვანი მმართველობაა. ეს არის პრობლემა, რომლის გამოც “ქართულ ოცნებას” ვაკრიტიკებთ, მაგრამ იგივე ხდება “ნაციონალურ მოძრაობაში”. კიდევ უარესი, ამ პარტიაში ორმაგი ჩრდილოვანი მმართველობაა. ერთია მიხეილ სააკაშვილი – არაინსტიტუციური ბელადი, რომელიც აცხადებს, რომ მზად არის ამ პარტიის პოლიტიკური ლიდერი იყოს, და მეორე არის ფული, ანუ კეზერაშვილი. ეს ვითარება პარტიაში ბევრს აწუხებს, აწუხებს “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების მნიშვნელოვან ნაწილსაც”, – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მესამე ცენტრის” შექმნის ყველაზე მეტი შანსი გახარიას და “ლელოს” აქვთ, მაგრამ…”.

“ჩვენ ვიცით, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წილი ელექტორატში ძალიან მაღალია, მნიშვნელოვანია, ბოლოს და ბოლოს, გამოჩნდეს ძალის ცენტრი, რომელიც ამ ადამიანების მხარდაჭერის მოპოვებას შეძლებს. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს თუ გადავხედავთ, ამგვარი ცენტრის ჩამოყალიბების ყველაზე მეტი შანსი “ლელოსა” და გახარიას პარტიას “საქართველოსთვის” შეიძლება ჰქონდეთ გაერთიანების შემთხვევაში, თუმცა მათ რაღაც არ ეტყობათ, რომ შეუძლიათ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა, მეტიც, ხშირად იცლიან ერთმანეთის კრიტიკისთვის… მე ამ ორი პარტიის გაერთიანების თეორიულ შანსს ვხედავ, თუმცა არც ის მგონია ტრაგედია, თუ არ გაერთიანდებიან. როდესაც ვლაპარაკობთ ორი პოლუსისგან თანაბრად დისტანცირებულ ცენტრზე, არ არის აუცილებელი, რომ ეს მაინცდამაინც ერთი ცენტრი იყოს, შეიძლება ასეთი 2-3 გაჩნდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, ეს მესამე ძალა მეტად კონსოლიდირებული იყოს. ამომრჩეველი მხოლოდ იმ მოსაზრებით არ აკეთებს არჩევანს, ვინ მოსწონს და ვინ არა, ამომრჩეველი ძალასაც უნდა ხედავდეს. ის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მის ფავორიტს მხოლოდ კეთილი სურვილები კი არა აქვს, არამედ ხელისუფლებაში მოსვლის უნარიც შესწევს, თუ მოხერხდა და ჩამოყალიბდა 2-3 ძალა, რომლებიც მოახერხებენ ბარიერის დაძლევას, ნამდვილად არ იქნება ურიგო”, – ამბობს გია ხუხაშვილი.

“გახარიას პარტიისა და “ლელოს” გაერთიანება გარკვეულ სინერგიას შექმნიდა. პოლიტიკაში უბრალო არითმეტიკით არ ხდება ყველაფერი. შეიძლება ორ პარტიას 2-2% ჰქონდეს, მაგრამ თუ გაერთიანდებიან, ჯამში არა 2, არამედ 10 და 15% მიიღონ. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოებაში გაჩნდება რწმენა. თქვენ სწორად გაიხსენეთ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის წილი. შესაბამისად, პოლიტიკურ ბაზარზე ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრებზე დიდი მოთხოვნაა. რაც შეეხება ბარიერის დაწევას, მე არ მომწონს ეს იდეა. 5%-ზე დაბალი მხარდაჭერა ლეგიტიმაციას უკარგავს პარტიებს და უბიძგებს, რომ პოსტსაარჩევნოდ იაფად გაიყიდონ… რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან სერიოზული პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა. თუნდაც, როდესაც ლაპარაკია პროდასავლური ფლანგის კონსოლიდაციაზე, ამ ფლანგზე პრეზიდენტი ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა. როგორ შეიქმნა ეს ფიგურა, სხვა თემაა – ამას ხელისუფლებამ თავისი სიბრიყვით შეუწყო ხელი. როგორც ვატყობ, ის სერიოზულ პოლიტიკურ აქტივობას აპირებს. გასაგებია, მას კონსტიტუცია უზღუდავს პირდაპირ პარტიულ და შიდაპოლიტიკურ პროცესში თავით გადაშვებას, მაგრამ მას, როგორც ინსტიტუციურ ლიდერს, შეუძლია სწორი გზავნილებით გაამაგროს პრინციპი “შუა უნდა შეიკრიბოს”, – ვარაუდობს რესპონდენტი.

Next Post

რომან გოცირიძე უმრავლესობას - იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ასე დაბრიყვებული რატომ გყავთ?! - კომიტეტის მიერ ყველა იმ პროექტის განხილვის გადავადება ხდება, რაც არ გინდათ, რომ მოსახლეობამ გაიგოს

სამ ნოე 28 , 2023
606 წაკითხვაპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პარლამენტზე პრესის ინსტრუმენტად არის ქცეული – კომიტეტის მიერ ყველა იმ პროექტის განხილვის გადავადება ხდება, რაც არ გინდათ, რომ მოსახლეობამ გაიგოს, – აღნიშნული განცხადება „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ბიურომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიმართვის საფუძველზე ოპოზიციის რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის 60 დღით გადავადების გადაწყვეტილება მიიღო. გოცირიძემ მმართველ გუნდს მოუწოდა, ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივები განსახილველად კომიტეტებსა […]

შესაძლოა მოგეწონოთ