ალეკო ელისაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს – ხვრელები მანამდე რატომ არ ჩანდა და ახლა რატომ აღმოაჩინეთ?!

762 წაკითხვა

უხერხულია ის, რაც პარლამენტში „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით ხდება – ხვრელები მანამდე რატომ არ ჩანდა და ახლა რატომ აღმოაჩინეთ?! – აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

ელისაშვილმა ამ კონტექსტში იმ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, რომ პარლამენტმა ახალი ‘თავდაცვის კოდექსი“ ორი თვის წინ – სექტემბრის თვეში მიიღო და ამის შემდეგ ახლადმიღებულ კანონში ცვლილებები მეორედ შედის.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტზე რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით და რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, ორი თვის წინ – სექტემბერში მივიღეთ. მივიღეთ თუ არა კოდექსი, მაშინვე დაიწყო მასში ცვლილებების შეტანა. რამდენად სერიოზულად წარმოაჩენს თავდაცვის სამინისტროს და პარლამენტს მთელი ეს ამბავი?! რამდენი წელი ვშრომობდით, „თავდაცვის კოდექსი“ ორი თვის წინ მივიღეთ და უკვე მეორედ შედის მასში ცვლილება. ეს ხვრელები მანამდე რატომ არ ჩანდა და ახლა რატომ აღმოაჩინეთ?!“ – მიმართა ელისაშვილმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პირველი მოსმენით, “თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს იხილავენ. პარლამენტის მიერ ახლადმიღებული “თავდაცვის კოდექსით“ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ყველა სტუდენტი გადავადებით სარგებლობს. შეთავაზებული ცვლილებების პროექტის თანახმად, ეს არ შეეხება სტუდენტს, რომელიც დისტანციურად სწავლობს; ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს, რომელიც განათლებას საქართველოდან დისტანციურად იღებს. აქედან გამომდინარე, გადავადების უფლებით ისარგებლებს მხოლოდ ის პირი, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, სწავლების თითოეულ საფეხურზე სწავლის დამთავრებამდე, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად არ ხორციელდება დისტანციური ფორმით. მათთვის კანონი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის რამდენიმე ფორმის შერჩევის შესაძლებლობას დაადგენს: – რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა; სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა (4 წლის მანძილზე ყოველკვირეულად/ყოველთვიურად რამდენიმე დღე); სამხედრო სამსახურის სახეებიდან (ვადებიდან – 6, 8, 11 თვე) ერთ-ერთის შერჩევის შესაძლებლობა.

იპნ

Next Post

“პოლონეთის გეგმა დაძაბულობას გამოიწვევს” – პოლონეთის ფინეთის დასახმარებლად და პესკოვის პასუხი

ოთხ ნოე 29 , 2023
762 წაკითხვაკრემლი აცხადებს, რომ ფინეთ-რუსეთის საზღვარზე პოლონური ჯარის განთავსება დაძაბულობას გამოიწვევს. “ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი ღონისძიება საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან იქ არანაირი საფრთხე არ არსებობს. ფინელებმა ნათლად უნდა იცოდნენ, რომ საზღვრებზე სამხედრო ნაწილების კონცენტრაციის გაზრდა ჩვენთვის საფრთხეს შექმნის”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას. პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა იაცეკ სიევიერამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “მოკავშირეთა მხარდაჭერის ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ ჰიბრიდული […]

შესაძლოა მოგეწონოთ