დე- ფაქტო ხელისუფლებასთან პირდაპირი საუბრის რაიმე ფორმატი არ შექმნილა და ვერც შეიქმნება – კონსულტაციები ჯერჯერობით შემოსაზღვრულია მხოლოდ ჟენევის ფორმატით,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ვახტანგ ყოლბაიასა და სერგეი შამბას ონლაინ შეხვედრა პოლიტიკის ცვლილების მანიშნებელი არ არის.
„შამბას დამოკიდებულება აბსოლუტურად განყენებულია იმ პოლიტიკისგან, რაც საქართველოს ხელისუფლებას აქვს და რომელიც პრაქტიკულად კონსენსუსურია. ამ ორი ადამიანის (ყოლბაიასა და შამბას) კავშირს რაც შეეხება, თუნდაც ყოფილიყო ეს ონლაინ კავშირი თუ ცოცხალი შეხვედრა, არ არის სახელმწიფოს პოლიტიკის ცვლილების მანიშნებელი. ეს არის სპონტანურად მომხდარი ორი ადამიანის ურთიერთკავშირი, თუმცა, დამაზიანებელს ამაში ვერაფერს ვხედავ.
ეს საკითხი [პირდაპირი დიალოგი საოკუპაციო რეჟიმთან] არ დგას დღის წესრიგში, ვერც იდგება, ვინაიდან დე- ფაქტო და საქართველოს ხელისუფლებას შორის ორმხრივი ურთიერთობების პირდაპირი საუბრის, რაიმე საუბრის ფორმატი არ შექმნილა და ვერც შეიქმნება, ვინაიდან, დე -ფაქტო ხელოსუფლებაზე სერიოზული გავლენა აქვს საოკუპაციო ძალას და ჩვენი კონსულტაციები კოლეგებთან, მოკავშირეებთან, პარტნიორებთან, ჯერ -ჯერობით შემოსაზღვრულია მხოლოდ ჟენევის ფორმატით. თუმცა, კავშირები, რაც არსებობს საზოგადობებს, ადამიანებს შორის, არასამთავრობო ორგანიზციების პროექტების ფარგლებში, თუმდაც სამედიცინო დარგის მომსახურება, ბიზნესურთიერთობები არის სწორედ ის მიმართულება, რაც ახასიათებს იმ პაკეტს, რომელიც მივიღეთ ყველამ ერთად: ოპოზიციამაც, რადიკალურმაც, ზომიერმაც, კონსტრუქციულმაც და უმრავლესობამაც, ეს არის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ და ამ ფორმატში ბევრი რამ არის გაკეთებული“,- განაცხადა ვოლსკიმ.